მთავარი » ქრისტიანობა

ლოცვა – ბოროტებისგან დაცვის საშუალება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.01.2013 3 კომენტარი | 17,085 ნახვა

ლოცვა ღმერთთან ურთიერთობის გამორჩეული ფორმაა. კარგი მლოცველის გული ლოცვისგან მრავალგვარ სიკეთეს, სარგებელს იღებს და ბოროტებასაც განეშორება.

მლოცველი იღუმენი დიონისე გვიმრაძე (დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი): “ლოცვა ისეთი საქმეა, რომელშიც თითოეულმა ადამიანმა საკუთარი პირადი გამოცდილება უნდა შეიძინოს. ლოცვის შესახებ რაც არ უნდა წავიკითხოთ და შევისწავლოთ, თუ ადამიანი უშუალოდ არ გახდება მლოცველი, არ დაიწყებს ღმერთთან საუბარს, ვერ გაიგებს ლოცვის სარგებლობის მნიშვნელობას.

წმიდა იოანე სინელს – კიბისაღმწერელს ლოცვის შესახებ საკმაოდ ვრცელი მოძღვრება აქვს. განვიხილოთ აღნიშნული თავის პირველი მუხლის რამოდენიმე ჩვენთვის საყურადღებო და სასარგებლო სწავლება.

ლოცვის შესახებ სწავლების პირველ მუხლში ღირსი იოანე სინელი ამბობს:

ლოცვა თავისი ბუნებით ღვთისა და კაცის შერწყმაა – ლოცვისას ადამიანი და ღმერთი შეერწყმიან ერთმანეთს, ანუ ადამიანი უბრუნდება უფალს. ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა, არასდროს გვტოვებს, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, მზერას, გულს მოვწყვეტთ ხოლმე უფალს და მივმართავთ ამაო, არასაჭირო საგნებისკენ. ამიტომ ადამიანის მიერ ყოველი ჭეშმარიტად აღსრულებული ლოცვა ღმერთთან შერწყმაა, რადგან ლოცვითი განწყობის გარეშე გატარებული ყოველი წამი ღმერთთან ერთობაზე უარის თქმის ტოლფასია.

ლოცვა – სამყაროს სიმტკიცე – ამ სამყაროს სწორედ ლოცვა განამტკიცებს. წმიდა მამები გვასწავლიან: როდესაც დედამიწაზე ლოცვა შეწყდება და მლოცველნი აღარ იქნებიან, დედამიწისა და კაცობრიობის არსებობას აზრი დაეკარგება. ვინაიდან ღმერთმა იმისთვის შექმნა ადამიანი, რომ მან უფალი განადიდოს, ემსახუროს და მიემსგავსოს მას. თუ ადამიანმა ეს ფუნქცია დაკარგა, მაშინ სამყაროც დაკარგავს სიმტკიცეს.

ლოცვა – ღმერთთან შერიგება – თითოეული ჩვენგანი მრავალგზის ვღალატობთ ღმერთს ფიქრებით, სურვილებით, საქმიანობით.… ღმერთი ყოველთვის მზად არის, გვაპატიოს ყოველივე, რადგან მის ჩვენდამი სიყვარულს ვერაფერი გაანელებს. ამიტომ ლოცვისას მარტოოდენ ცოდვების შენდობა კი არ უნდა ვითხოვოთ, როგორც დამნაშავემ მსაჯულისგან დანაშაულის პატიება, არამედ ღმერთს განაწყენებისთვის შენდობაც უნდა ვთხოვოთ, როგორც უძღებმა შვილმა – მამას, რათა პირვანდელი პატივი და ღირსება დავიბრუნოთ.

ლოცვა – ცრემლთა დედა და შემდგომში იმავე ცრემლთა შვილი – ნამდვილი მლოცველი ცრემლით უნდა ლოცულობდეს. წმიდა ისააკ ასური ამბობს, რომ თუ მლოცველი ცრემლით არ ლოცულობს, ის ჭეშმარიტი მლოცველი ჯერ კიდევ არ არის. ეს, უპირველესად, მონაზონთათვის განკუთვნილი მდგომარეობაა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, სინანული მაინც გავიჩინოთ, რადგან ცრემლის მიზეზი ხომ სინანულია. ხშირად, როდესაც ადამიანი გაიგებს, რომ ცრემლი ერთგვარი მაღალი სულიერი მდგომარეობის მაჩვენებელია, ცდილობს, ის ხელოვნურად წარმოშვას. ამიტომ ცრემლი კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ სინანული, რაც თავად წარმოშობს შემდეგში ცრემლს, თუ ჭეშმარიტ გულის შემუსვრილებას მოვიპოვებთ.

ლოცვა – ცოდვათა მიმტევებელი – რითი უნდა მოგვიტევოს ღმერთმა ცოდვები, თუ არა ლოცვით?! “ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ,” – გვეუბნება მაცხოვარი და გვასწავლის ლოცვას, სადაც პირდაპირ მიგვანიშნებს: “მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი..”.

ლოცვა – განსაცდელის ჟამს ხიდი – განსაცდელის ჟამს ლოცვას ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უფსკრულის წინაშე მდგომი ადამიანისთვის – ხიდს. სულიერი ცხოვრება გაუკვალავ გზას გავს, სადაც ხშირად გადაულახავი წინააღმდეგობები გვხვდება ხოლმე. ასეთ დროს ყოველგვარი ადამიანური მონდომება და შესაძლებლობა უძლურია და ჩვენი წინსვლა მხოლოდ ღვთის შემწეობაზეა დამოკიდებული. ღვთის შემწეობა კი ლოცვით მოიპოვება.

ლოცვა – ჭირის დროს დამცავი კედელი – ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ვერც ერთი ჩვენგანი ჭირს ვერ გავექცევით, მაგრამ თუ ღმერთისადმი აღვლენილი ლოცვით შევეგებებით, უფალი აღმართავს დამცავ კედელს და მოწევნული ჭირი ვეღარაფერს გვავნებს.

ლოცვა – ბრძოლათა შემმუსვრელი – ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი ადამიანი უდიდეს უხილავ ბრძოლაშია ჩართული, რასაც გონებაში ბოროტ გულისთქმათა მუდმივი წარმოშობა განაპირობებს. მათთან ბრძოლა და დამარცხება მხოლოდ ლოცვით არის შესაძლებელი, რადგან ეშმაკზე ძლიერი მხოლოდ ღმერთია და არა – ადამიანი.

ლოცვა – ანგელოზთა საქმე და უსხეულო არსებათა საზრდელი – როგორც ვიცით, ანგელოზები ბრძოლაში აღარ არიან ჩართულნი. ისინი განუწყვეტლივ უფალს განადიდებენ და უგალობენ. შესაბამისად, ნამდვილი ლოცვა ანგელოზებრივი მდგომარეობაა, რადგან ლოცვით საზრდოობენ, ხარობენ და სხვა დამატებით საზრდელს აღარ საჭიროებენ.

ლოცვა – მერმინდელი საუკუნის სიხარული – წმიდა იოანე იმაზე მიგვანიშნებს, რომ საუკუნო სიხარულის მოლოდინი მარტო მომავალში კი არ უნდა გვქონდეს, არამედ ჭეშმარიტი ლოცვით აქვეა შესაძლებელი მისი განცდა. როგორც მაცხოვარი ამბობს: “სასუფეველი ღვთისა შორის თქვენსა არს” (ლუკ.17:21), ხოლო სადაც ღვთის სასუფეველია, იქ არის სიხარულიც.

ლოცვა – დაუსრულებელი ღვაწლი – რადგანაც ლოცვა ამდენ სიკეთეს განაპირობებს, მისი აღსრულება იოლი საქმე როდია. ყოველგვარი სიკეთის მოპოვება სიძნელეებთან არის დაკავშირებული, სხვაგვარად სიკეთეს ფასი დაეკარგებოდა. ამიტომ ლოცვის აღსრულებას უდიდესი და განუწყვეტელი შრომა, ბრძოლა და მონდომება სჭირდება.

ლოცვა – სათნოებათა წყარო – ადამიანი საკუთარ თავში ვერანაირ სათნოებას ვერ განამრავლებს ლოცვის გარეშე, რადგან ლოცვა, როგორც ცოდვათა შემმუსვრელი და ეშმაკისგან დამცველი, მადლისთვის ამზადებს ადამიანის გულს, რის საშუალებითაც შემდგომში ყოველგვარი სათნოება აღმოცენდება.

ლოცვა – მადლის წინამძღვარი – ლოცვით მოგვენიჭება მადლი ღვთისა, რადგან ჭეშმარიტი მლოცველი გულშემუსვრილი და დამდაბლებულია, ხოლო ღმერთი მდაბალთ აძლევს მადლს.

ლოცვა – უხილავი წარმატება, სულის საზრდელი – ლოცვა ადამიანს უხილავად და შეუმჩნევლად გარდაქმნის. მის სულში საოცარ ფერისცვალებას ახდენს, ყოველგვარ ბოროტებას ახშობს და სულს სიკეთით აღავსებს. სიკეთეს მიჩვეული სულისთვის ლოცვა საზრდელი ხდება, რადგან სხვა ვეღარაფრით იღებს სიხარულს და შესაბამისად, ვეღარაფრით კმაყოფილდება.

ლოცვა – გონების სინათლე – ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე ადამიანზე, რომ გონება აქვს დაბინდული. დაბინდული გონება კი ისეთ ადამიანს აქვს, ვისაც სინათლესთან – ღმერთთან არ აქვს შეხება. ვინც ლოცულობს, ის უკვე უკავშირდება სინათლეს და მისგან მიღებული ენერგიით განაქარვებს ყველაფერს, რაც ბნელია, ბოროტია და ასეთი ადამიანის გონება ნელ-ნელა ღვთაებრივი სინათლით გაცისკროვნდება.

ლოცვა – სასოწარკვეთილების მკვლელი, იმედის მიზეზი, მწუხარებისაგან მხსნელი – წმიდა მამები გვასწავლიან, რომ უიმედობა და სასოწარკვეთილება ყველაზე მძიმე სულიერი მდგომარეობაა, რადგან ამ დროს ღმერთს ყველაზე მეტად ვშორდებით და პირდაპირ ვეუბნებით მას, რომ არ შეუძლია ჩვენი დახმარება. ამიტომ გვეუბნება ქრისტე: “ამისთვის გეტყვი თქუენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობა არა მიეტეოს კაცთა (მათ.12:31)”. ამ შემთხვევაში სულიწმიდის გმობაში ღვთისადმი უიმედობაც შეიძლება ვიგულისხმოთ, რადგან როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, ღმერთი ყოველთვის მზად არის ჩვენს მისაღებად. თუ არ ვლოცულობთ, ეს რწმენა და იმედი ჩვენში არ აღმოცენდება, შესაბამისად, ლოცვა სასოწარკვეთილების მტერი და მკვლელია. ღმერთმა არ ჩაგვაგდოს ამ უმძიმეს მდგომარეობაში.

ლოცვა – მონაზონთა სიმდიდრე – მონაზონი, როგორც ამ ქვეყნისგან განრიდებული და ყოველგვარი მიწიერი სიკეთეებისაგან თვითნებურად განყენებული, მუდმივად ღმერთისკენ უნდა მიისწრაფვოდეს. ამიტომ მას სიმდიდრე მხოლოდ უფლისგან შეიძლება ეძლეოდეს, რადგან სხვა წყარო სიმდიდრისა მან თავად უარჰყო. შესაბამისად, უფალთან დაკავშირების უმთავრესი გზა ხომ ლოცვაა, რითაც უზენაესისგან ღვთაებრივ სიმდიდრესა და მადლს გამოვითხოვთ.

ლოცვა – მრისხანების განმაქარვებელი – ჩვენთვის მრისხანება საკმაოდ დამახასიათებელია. ზოგჯერ ვამბობთ, რომ სხვას კი არა, ოჯახის წევრს ვეჩხუბები. რა მნიშვნელობა აქვს, ვის ვეჩხუბებით? მრისხანება არის ცოდვა, რომელიც განაქარვებს ყოველგვარ სიმშვიდეს და უფალს განგვაშორებს. როდესაც მრისხანების სამართლიან მიზეზს ვაწყდებით, ნაცვლად იმისა, რომ აღშფოთებას ლოცვით შევებრძოლოთ, პირდაპირ გამოვხატავთ ემოციებს, რაც არამართებულია. წარმოშობილ გულისთქმას მხოლოდ ღვთის ძალის მოხმობით, ანუ ლოცვით განვაქარვებთ.

ლოცვა – წარმატების საზომის წარმომაჩინებელი – ლოცვის ხარისხი სულიერი წარმატების საზომია. ზოგჯერ გვგონია, რომ რადგან ვლოცულობთ, ეს უკვე განსაზღვრავს ჩვენს სულიერ წინსვლას, თუმცა მხოლოდ ლოცვის გარეგნული შესრულებით როდი ხდება სულიერი განვითარება. წმიდა მამათა სწავლებით, ზოგჯერ ლოცვა ცოდვადაც კი შეგვერაცხება და ამის თვალსაჩინო მაგალითია სახარებისეული ფარისეველი. არა თუ ზოგადად გარეგნულად აღსრულებული ლოცვა არ არის წარმატების საწინდარი, არამედ ყურადღებით წაკითხული ლოცვაც კი ვერ განაპირობებს სულიერ წინსვლას გულშემუსვრილებისა და სინანულის გარეშე. ამიტომ ვინც სინანულით განმსჭვალულ ლოცვას მოიპოვებს, მასში წარმოჩინდება სულიერი წარმატება.

როგორც წმიდა იოანე სინელის ლოცვის შესახებ სწავლების პირველ მუხლში გამოჩნდა, ჭეშმარიტად მლოცველ ადამიანს ვერც ბოროტება, ვერც ეშმაკი და ვერც განსაცდელი მოერევა. პირიქით, ლოცვა ეს არის ყოველგვარი ბოროტებისგან დაცვის საუკეთესო საშუალება, გვანიჭებს მრავალგვარ სიკეთეს და სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ ლოცვის აღსრულება ყოველთვის სიზარმაცესთან არის დაკავშირებული. პიროვნებას მაშინ აქვს შინაგანი ჭიდილი, როდესაც ცდილობს, თითოეული ლოცვა გაითავისოს და ჩაუღრმავდეს. ამიტომ თუ კარგად არ გავითავისებთ ლოცვის საჭიროებას, აუცილებლობასა და სარგებლობას, მაშინ ამგვარი ბრძოლის წარმოება შეუძლებელი იქნება.“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი