მთავარი » სხვადასხვა

ათენგენობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.07.2012 | 7,841 ნახვა

ვის სახელს უკავშირდება ათენგენობის დღესასწაულის აღნიშვნა და როგორ დღესასწაულობენ მას? გვესაუბრება ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი):

“ხალხური დღესასწაული ათენგენობა ივლისის შუა რიცხვებიდან აღინიშნება. ამ დღესასწაულის სახელწოდება ირაკლიოპოლის ეპისკოპოსს, ბერძენ მღვდელმოწამე ათინოგენს უკავშირდება. ეკლესია მას 16/29 ივლისს იხსენიებს.

წმ. ათინოგენე IV საუკუნეში, დაახლოებით 311წ. ქრისტიანთა დევნისას, თავის ათ მოწაფესთან ერთად, ქალაქ სებასტიაში აწამეს. წმ. ათინოგენი კარგად იყო ცნობილი სასწაულებითა და ეშმაკების განდევნის უნარით. ერთ დღესაც იგი შეიპყრეს და ქალაქ სებასტიაში წაიყვანეს. ათენგენობა როდესაც წმ. ათინოგენი და ბადრაგი სებასტიას მიუახლოვდნენ, წმიდანმა ითხოვა, წყაროსთან შეჩერებულიყვნენ. აქ წმ. ათინოგენთან იმ მოსამართლის ცოლი მივიდა, რომელსაც იგი უნდა გაესამართლებინა. ქალმა კარგად იცოდა წმ. ათინოგენის სასწაულების ამბავი, თუ როგორ ათავისუფლებდა ადამიანებს დემონებისაგან და უთხრა: „მე ვიცი შენი კეთილმორწმუნეობისა და სიწმინდის შესახებ; ვიცი, რომ შენ ემსახურები ქრისტეს, რომელიც, თუ გულმხურვალედ შესთხოვ, შეისმენს შენს თხოვნას. ამიტომ გევედრები, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ეშმაკებისაგან განმიკურნო, სამაგიეროდ ქმარს ვეტყვი, სასჯელისაგან გაგათავისუფლოს“. წმ. ათინოგენი, თავის მხრივ, შეჰპირდა ქალს, რომ ილოცებდა, მხოლოდ სთხოვა: ხელი არ შეუშალო ქმარს ჩანაფიქრის აღსრულებაში, არ გამათავისუფლოს სასჯელისაგან, რადგან ამ გზით უფრო ადრე მივალ ღმერთთან და შენ შვილსაც ასე უფრო დავეხმარებიო.
ათინოგენი საკერპოსთან გაასამართლეს. მან არ უარყო ქრისტიანობა. მოსამართლემაც ბრძანა, დიდი კოცონი დაენთოთ და წმიდანი ზედ დაეწვათ. იმ დროს კოცონთან კეთილმორწმუნე, წარჩინებული, მდიდარი ქალბატონი ევსევია იდგა, რომელიც წმ. ათინოგენს მუხლებში ჩაუვარდა და შეევედრა უფლისთვის ეთხოვა, მისთვის ცოდვები მიეტევებინა. წმ. ათინოგენი დაჰპირდა, თხოვნას შეუსრულებდა, თუ იგი სიკვდილის შემდეგ მის გვამს დაუნაწევრებლად გადაასვენებდა მცირე სამლოცველოში, რომელიც თავად მან ააშენა და რომელშიც რამდენიმე წმიდანი დაასვენა.

წმიდანმა დიდხანს ილოცა, შევიდა ცეცხლში და ამგვარად მიაბარა სული ღმერთს.

ევსევიამ წმიდანის ნეშტი მოსამართლისგან გამოითხოვა და მსახურების დახმარებით შეასრულა მღვდელმთავრის თხოვნა. მათ დაუზიანებელი სხეული ნელსაცხებლებიან სამოსში გაახვიეს, დადეს ჯორზე და სამლოცველოსაკენ გაემართნენ. გზაზე ყველგან, სადაც ჯორმა შეისვენა, მოგვიანებით ეკლესია ააგეს. ევსევიას კი წმ. ათინოგენი სიზმარში ეჩვენა და უთხრა, რაც პირობა შეასრულე, ღმერთმა ცოდვები მოგიტევაო“.

როგორ აღინიშნება ეს დღესასწაული?

ათენგენა/ათენგენობა/ათნიგენობა/ათანაგობა აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ხევი) ახალი წლის დარი დიდი დღესასწაულია და ივლისში აღინიშნება. მოძრავია და აღდგომიდან 99–100 დღიდან, პეტრე-პავლობის მომდევნო დღეებიდან, ან 13 (26) ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში, ივლისის პირველი შაბათიდან ორშაბათამდე, ანდა ამაღლებიდან მეშვიდე კვირას იდღესასწაულება.

ათენგენობა მთელი ხევსურეთის სალოცავებისათვის მთავარი დღესასწაულია და ყველა სალოცავში აღინიშნება, მაგრამ უპირატესობა დიდ ხატებს ენიჭებათ. ათენგენობის დადგომამდე ორი კვირით ადრე ხატის მსახურები ხატში მიდიოდნენ და წმინდობდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი გარიდებულები იყვნენ ოჯახს და გარე სამყაროს, რათა ცოდვებისაგან თავი დაეცვათ, სუფთად ეცხოვრათ, როგორც ბერებს. ყოველდღე ბანაობდნენ, მსუბუქ ხელსაქმეს ასრულებდნენ, ისეთს, რომლის დროსაც ოფლი არ გამოუვიდოდათ (წნავდნენ თოკებს, საბელს…), ადუღებდნენ ლუდს და ემზადებოდნენ დღესასწაულისათვის. მათ სოფლიდან უგზავნიდნენ საკვლევს: ხინკალს, კეცეულებს (რიტუალური პურები), ხორცს და სხვა. საკვლევს განსაკუთრებით ახალ ხელოსანს უგზავნიდნენ.
ხელოსანი ხატის მსახურია. იგი იმის მიხედვით, თუ რას დაავალებდნენ, სხვადასხვა საქმეს ასრულებდა. მაგალითად: საკლავის დაკვლის დროს ხუცესს ეხმარებოდა, უვლიდა ხატის განძს და სხვა. ხელოსანი ძველი ქართული ტერმინია და მეფის ბრძანებისა და კანონის აღმსრულებელ სხვადასხვა თანამდებობის პირს ნიშნავს. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ეს ტერმინი ხატის მსახურის მნიშვნელობით შემორჩა.

ხელოსანი საკვლევის ყველა გამომგზავნელს იმახსოვრებდა და დღეობის ბოლოს ლუდით მოიკითხავდა, ანუ ლუდს მიართმევდა. ზოგ ხატს დიასახლისი ჰყავდა. ასეთ ხატებში დიასახლისს ბოჭოლები, მოსანთოები (რიტუალური პურები) მიჰქონდა, ხატში სხვადასხვა ადგილას სანთლებს ანთებდა, ადუღებდა ხავიწს (ქადის გული, რომელიც ერბოში მოშუშული ფქვილისაგან კეთდება), აცხობდა ქადას. ხატში ერბოს მიტანა სხვადასხვა დღეობაზე სხვადასხვა დასტურს (ხუცესის თანაშემწეს) ევალებოდა, წელწადსა (ე.ი. ახალ წელს) და ათენგენობას კი ყველას უნდა მიეტანა.

სადღესასწაულო სამზადისი ხატის დარბაზშიც მიმდინარეობდა. დარბაზი არის სალოცავის მთავარი ოთახი, სადაც ხატის მსახურები ძირითად რიტუალებს ასრულებენ, ადიდებენ და ევედრებიან ღმერთს, წმიდანებს, ცოდვების მიტევებას სთხოვენ. ხელოსანი გაბანვის შემდეგ დროშას ააბამდა (თუ მას დროშა ებარა), პირჯვარს გადაიწერდა, ხატს ახსენებდა, აბმული დროშის ხმაზე დარბაზს შემოუვლიდა და ღამისთევის წესის შესრულებას იწყებდა. დარბაზის შემოვლის შემდეგ მედროშე ხელოსანი დასტურ-ხუცესებთან ერთად ხატს გარედან შემოუვლიდა.

ამის შემდეგ ხატის მსახურები ისევ ხატში შედიოდნენ, სადაც ყველა დადგენილი წესი სრულდებოდა. ამ დღისთვის მოხარშულ ლუდიან კოდთან ანთებდნენ სანთლებს, ტაბლაზე აწყობდნენ რიტუალურ პურებს. დასტური ხუცესს კოდზე გადაფარებული ფარდაგის გადახდას სთხოვდა. ხუცესი მივიდოდა კოდთან, მოხსნიდა შემოჭერილ თოკს, გადახდიდა გადაფარებულ ფარდაგს, ლუდს ქაფქირით მოხდიდა ჭიჭს (ლუდის ზედნადები) და იქვე, მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, ე.წ. ბაკანში ჩადებდა. ამოიღებდა ლუდს და განსაკუთრებულ ქვაბში, საწდეში ჩაასხამდა. ამის შემდეგ ხუცესი ლუდით ავსებდა ერთ თასს, მიდიოდა რიტუალურ პურებიან ტაბლასთან, სამი სანთლისგან გრეხდა ერთს, აკრავდა ტაბლას, ცალკე ერთ სანთელს კი კოდს, რის შემდეგაც იწყებდა კოდის კურთხევას: “ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-სამართალი (ამბობდა იმ სალოცავის სახელს, სადაც კოდის კურთხევა სრულდებოდა). შენ სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს კოდ-საფუარი, სადიდებელი. შენ (ასახელებდა ამ სალოცავის ყმებს), მაგათ თავისად, ჯალაფობისად, კაცისად, საქონისად საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი. შენდ დღეობა, რიგის ყენება არ დაუკლავა-დ შენ შენს წყალობას ნუ დააკლებ. ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს. ამინ, დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს-დღესინდელსა, ძალს ღთისას, ძალს კვირაისას, დიდება-დ გამარჯვება შენდა (სალოცავის სახელს იტყოდა). ღმერთმა გადიდას, ღმერთმა გაძლიერას, ამ კოდ-საფუარზე და სადიდებელზე. ღმერთმა მაგცას ცამდინ სიმაღლე, ზღვამდინ სიმაგრე, შველვა, რგება, ხოიშნობა შენ მეხვეწურთ. გეძახან (ასახელებდა ხატის ყმებს), გეხვეწებიან. შაიხვეწნიდი, რასაც მხარზედა, გულზე გიძახებდან, იმ მხარ, იმ გულზე გაუგონიდი. რასაც წყალობას გეთხოვებოდან, გამჩენს ღმერთს დაუთხოიდი. წინაპირად კაცის მეხვეწურნი კაცსა კას დროს მაუმატიდი, ღონე-ქონეს მაუმატიდი, შენ ზღვენთა დიდებათ მაემატების. ველთ ვინ გავიდოდას შენ მეხვეწურთ (ამბობდა გვარს) ყუდროშიით, ბედსა, დავლათს შენს ახსენებდას, შენ ბედი, დავლათი დაახმარიდი. შორს მყოფ ახლო დაუხვდიდი, შენ კაბის კალთა ჩაუფარიდი. სხვა ხთის ნაბდებ თუ რა უწყრებოდას, უმრუდდებოდას, მადლი დაუთხოვიდი, სხვასთან უშუიდი, თაოდ უშველიდი, თაოდ გულწაღმა, პირწაღმ დაუბრუნდიდი. ხთის იასაულნ გამავიდოდან ხთისგან გამაშობილნი, ხორციელთ ბეგრევდან ყალანს იღებდან, შენ მეხვეწურთ ყუდროს ნუ მაჰკერძებ. ეკერძებოდას, ნებით ახდივიდი, ნების ბაგარი გაატანივიდი, სხო ყუდრო-შარა გაასწავლიდი, იხვივნიდი, შენ მეხვეწურნი, იხვეწნიდი ავის დღისად, ლაღის მტრისად, საზიანოს საქმისად, ჩემგან რაც დიდებას, ხსენებას გაკლდებოდას (ხატის სახელი), შენს წყალობას მაუმატიდი. შენ (წარმოთქვამდა ყმების სახელებს) კაცისად, საქონისად, ქუდოსან-მანდილოსნისად, მშველელი, მლხენელი, მხოიშნებელი, წაღმამდეგიც ხარ. შველდი, სწყალობდი, სცევდი, ხფარევდი, გამარჯვებას შენსა, შენის გამჩენის ხთისას”.

ხუცესი ჯერ დაამწყალობნებდა, დალოცავდა ყმებს, ანუ სალოცავის მრევლს და შემდეგ დანარჩენებს. ამის შემდეგ კვლავ იტყოდა დიდების სიტყვებს, ანუ გაადიდებდა, ე.ი. ადიდებდა სალოცავს და დალოცვას ამ სიტყვებით დაასრულებდა: “ჯვართ დიდებაი, მეხვეწურს წყალობა”.

ჯერ ხუცესი დალევდა ლუდს, შემდეგ – დანარჩენები. ღამისთევის წესის შესრულება რომ მორჩებოდა, ჯვარიონი სუფრასთან სხდებოდა. მათ ორი დასტური ემსახურებოდა.

დილით სრულდებოდა წესი, რომელსაც ჟამისწირვა ეწოდება. ჟამისწირვისთვის დარბაზში წინასწარ აწყობდნენ ლუდიან თასებს, ერთ სახუცო კოჭობ (ესეც თასია, მხოლოდ ხუცობისთვის განკუთვნილი) რიტუალურ პურებს, სანთლებს. ხუცესი ზემოთ აღწერილი წესის მსგავსად იხუცებდა, რის შემდეგაც შეუდგებოდა ჟამისწირვის ხუცობას. ამ წესის შესრულების შემდეგ ხატში მოდიოდნენ მეზღვნეები, ანუ ისინი, ვისაც საკლავი მიჰყავდა შესაწირად.

ძველად მთის სალოცავებში ბარიდან ადიოდნენ მეკულუხეები, ანუ ისინი, ვისაც ბარიდან ღვინო აჰქონდა. არხოტის, გუდანის, იახსრის ჯვრებს (ხატებს) ვენახი ჰქონდათ ახმეტაში და დღეობაში იქიდან მიუდიოდათ ღვინო. მეზღვნეებს ღვინით, ლუდით, არყით უმასპინძლდებოდნენ. საკლავი ჩვეულებრივ იკვლებოდა. ხუცესი პირით აღმოსავლეთისაკენ დადგებოდა და საკლავსაც ამგვარად დააყენებდა. ცხვარს სანთლით ბალანს ჯვრის ფორმით შეუტრუსავდნენ. წვრილი საკლავის (ცხვარი, ჭედილა…) ტყავი და ხორცი ხატში რჩებოდა, კურატისა (დაუკოდავი ხარი) შუაზე იყოფოდა. შეწირული ფული ხატის ხარჯს ხმარდებოდა. ხატში ჯარობა იმართებოდა, ანუ ცეკვა, სიმღერა და ქეიფი.

ათენგენობა ფშავშიც დიდი დღესასწაულია. იგი სერობა, საღმურთობასთან ერთად საზაფხულო დღეობათა ციკლის საერთო სახელწოდებაა, პეტრე–პავლობის მომდევნო კვირას იწყება, ერთი თვე გრძელდება და ფშავის ყველა სათემო დღეობას მოიცავს.
თუშეთშიც, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთის სხვა კუთხეებში, ათენგენობა (ათნიგენობები) ახალი წლის მსგავსად დიდი დღესასწაული იყო. თუშეთში ათნიგენობები ორ ნაწილად იყოფოდა. ერთი ნაწილი ივლისის ნახევარში იმართებოდა, მეორე დამოკიდებული გახლდათ აღდგომასა და საერთო სათუშო დღეობა ლაშარობაზე. თუ აღდგომასა და ლაშარობას შორის 14 კვირა იყო, სასოფლო დღეობები ლაშარობის წინა და მომდევნო პერიოდში იმართებოდა. თუ აღდგომა ადრე აღინიშნებოდა, ათნიგენობები ორი კვირა გრძელდებოდა, თუ გვიან – მაშინ ერთი თვის განმავლობაში, რადგანაც პირველი და მეორე რიგის დღეობებს შორის ორკვირიანი ინტერვალი იყო. მსახურება ყველგან ერთნაირად სრულდებოდა. მხოლოდ გართობასთან დაკავშირებული წესები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამ დღეობას ყველა სოფელი საკუთარ ხატში იხდიდა. ლუდს, პურს, საკლავს დღეობისათვის სოფელი ზიარად კრებდა.

ათნიგენობების დროს ცხვარში მხოლოდ ხნიერი კაცები რჩებოდნენ, ახალგაზრდები სოფელში ბრუნდებოდნენ. თუშეთში ამ დღეობაში სრულდებოდა ბავშვის ხატში მიბარების წესი, რის შემდეგაც იგი ხატის ყმა ხდებოდა და შეეძლო სახატო რიტუალებში მიეღო მონაწილეობა.

ხევში ათენგენობა 16(29) ივლისს იმართებოდა. სოფლებში: ახალციხეში, ართხმოსა და ქოსელთაში მას ღალანგურობა-ხეთანობას ეძახდნენ.

რაჭაში, სოფელ გლოლის დასავლეთით, ტყეში, წმ. გიორგის პატარა ეკლესია ყოფილა. იგი შხელის სახელით იყო ცნობილი. შემოდგომას, ნოემბერში აქ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც ხალხი ათენგენობას უწოდებდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • marina says:

    atengenoba didi dghesaswaulia xevshi. am dghes mobdzabdeboda xolme uwmindesi, da mteli xevi ertad zeimobda am dghesaswauls, wels ar vici rogor iqneba:(

  • ზურაბი says:

    თეონა ძვირფასო, ძალიან კარგი სტატიაა. დიდი ინტერესით წავიკითხე. ფშავ -ხევსურეთში მრავალ ათენგენობას დავსწრებივარ. პატარაობიდან მაინტერესებდა რა კავშირი ჰქონდა ბერძენ წმინდანს საქართველოს მთასთან?

  • თალუდა says:

    კარგი სტატიაა თუმცა ბევრი უზუსტობა ჩემთვის(როგორც ხევსურული ტრადიციების მცოდნესთვის)…
    1.ის რომ ,ხევსურს რომ კითხოთ საიდან მოდის ათენგენობაო ბერძენ ქალღმერთ ათენას გეტყვით და არა ბერძენ მღვდელმოწამე ათინოგენს.
    2.ფშავში თითქმის არ აღნიშნავენ ამ დღესასწაულს,თუშებმა საერთოდ არ იციან რა არის ათენგენობა,აი ხევსურებისთვის კი ათენგენობა ისეთივე დიდი დღესასწაულია როგორც მაგალითად ჩვენთვისაა აღდგომა.
    3.ათენგენობა იგივე გუდანის ჯვრის დღეობაა
    4.ხევსურეთში ათენგენობა 21-22იდან იწყება(პირაქეთში),პირიქითში(შატილის თემში 23იდან გადადის) ,ხოლო არხოტში (24-26დან)
    5.და მთავარი მსახური ,,დასტური” გამოგრჩათ,მათი დიდი დამსახურებაა ,რომ დღესასწაულები კვლავ ტარდება მთაში…<3

    • მოძღვარი says:

      დიდი მადლობა შენიშვნებისთვის. თუ სურვილი გაქვთ ითანამშრომლეთ ჩვენთან, კერძოდ შეგიძლიათ მიმართოთ რედაქტორს info@ambioni.ge

    • ბერძენი წამებული არაფერ შუაშია, მთავარი რა თქმა უნდა ღვთაება ათენაა, რომელსაც ეგვიპტეში ათორის სახელით იცნობენ, შემერებში იშთარის, ბერძნებში და ქართველებში ათენს. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ ბევრ დღესასწაულს სახელი შეეცვალა და ახალმოგონილი მითების საშუალებით შეინიღბა. გავიხსენოთ როგორც იქცა ქართული წინარექრისტიანული თეთრი გიორგის ხატი ქრისტიანულ წმინდა გიორგიდ.. ისტორიული რეალობა კი ხალხმა შემოინახა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი