ზველის (ძველის) წმინდა გიორგის ორნავიანი ეკლესია მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ძველის ცენტრში ძველ სასაფლაოზე. ეკლესია აღმართულია სადა, მშრალი წყობის გალავნით შემოსაზღვრულ ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესიის გარშემო მრავლადაა საფლავის ქვები და ვერძები.
ერთსაფეხუროვან ცოკოლზე დაფუძნებული ეკლესია, სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის, თბილი ტონალობის ერთმანეთთან კარგად მორგებული ქვებით არის ამოყვანილი. ფასადები შემოსაზღვრულია დიდი ზომის კბილანებად დაწყობილი კვადრებით, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითოეული ფასადი ფართო ჩარჩოშია ჩასმული და დამოუკიდებლად აღიქმება. მკაფიო და ფართო მოჩარჩოება ცოცხალ საფასადო სიბრტყეს ილუზორულად ამცირებს.
ეკლესია 1944–1945 წლებში აზომილი იყო არქიტექტორ-რესტავრატორების რუსუდან გვერდწითელისა და ციალა გაბაშვილის მიერ. მათვე ეკუთვნის მოსაზრება მისი X საუკუნეში აგების შესახებ.
