მთავარიქრისტიანობაზიარების შემდეგ - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

ზიარების შემდეგ – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

“ზიარება – სანამ შენს ცოდვას არ გაეყრები, ზიარებაც არ იქნება შენთვის სასარგებლო.

ზიარების შემდეგ – ფრიად გასაოცარია ჩვენ შორის გავრცელებული ერთი ასეთი ჩვეულება: მარხვის დროს, მეტადრე ვნების შვიდეულში, განსაკუთრებით სოფლის მცხოვრებნი ადამიანს გააოცებენ მოთმინებითა და ზიარებისათვის მზადებით. ზიარება ექვსი თუ შვიდი დღის განმავლობაში ზოგიერთი საერთოდ არ ეკარება საჭმელს, ზოგიც კი ძალიან მცირედსა და უმარილოს მიირთმევს, ისე, რომ ბევრი მათგანი ავადაც ხდება. ამ დროს ისინი სხვა ცოდვებსაც დიდად ერიდებიან, ცდილობენ განმარტოებულად იცხოვრონ, ლაპარაკში გული არ მოუვიდეთ, მტრებსა და მოძულეებს შეურიგდნენ. ასე რომ, მათ შემხედვარე კაცს ეგონება, რომ ქვეყანაზე მათზე უკეთესი ქრისტიანი არ არსებობს. მაგრამ ჩვენდა განსაცვიფრებლად იმასაც ვხედავთ, რომ როგორც კი ზიარებას მიიღებენ, ზუსტად ისეთებად რჩებიან, როგორებიც ზიარებამდე იყვნენ, ოდნავი ცვლილებაც კი გაუმჯობესებისკენ არ ეტყობათ. თუ გულფიცხელი იყო, გულფიცხლად დარჩა, თუ შურიანი და შფოთის ამტეხი – შურიანად და შფოთის ამტეხად, მტერსაც თურმე დროებით შეურიგდა. ასე რომ, მისი მრისხანებითა და ბოროტებით სავსე გული ოდნავადაც კი არ გამოცვლილა. რას ნიშნავს ეს საშინელი ჩვეულება, რომ დღეს ცოდვებს აღიარებ და ღმრთისგან შენდობას ითხოვ, ხვალ კი ისევ ისეთი ხარ, როგორიც იყავი? ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენს სულიერ მდგომარეობას არ ვიკვლევთ, არ ვეკითხებით ჩვენს თავს, მადლი შევიძინეთ, თუ პირიქით, მოგვაკლდა, სულიერად უმჯობესნი გავხდით თუ პირიქით, უარესნი. ის შიში, კრძალვა და მორიდება ცოდვისა, რომელიც ზიარების წინ ჰქონდა, ქრისტიანმა მუდმივად უნდა შეინარჩუნოს, მთელი სიცოცხლე მონანიებასა და ცოდვის მორიდებაში უნდა გაატაროს და ამდენად არ დაემსგავსოს ურიებს, რომელთაც, გუშინ რომ აღტაცებული ოსანით ეგებებოდნენ უფალს, მეორე დღეს იგი ჯვარზე გასაკვრელად გაიმეტეს. ქრისტიანი იმ განზრახვით უნდა ეზიაროს, რომ უკეთესი გახდეს, ცოდვანი უარყოს და კეთილ სულიერ ცხოვრებას შეუდგეს. თუ ცხოვრების წესის სრულად შეცვლა არ შეგიძლია, შენი უპირველესი შეცოდება მაინც უარყავი, ხოლო თუ ესეც გეძნელება, ერთი რომელიმე ცოდვა მაინც დათმე. მართალია, ცოდვის მოშლა ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ამისათვის კაცმა თავს ძალა უნდა დატანოს, რადგან სასუფეველიც შრომითა და იძულებით მოიპოვება და არა შვებითა და მოსვენებით. ვინც არ ცდილობს უკეთესი გახდეს, იგი თანდათან უარესი გახდება,” – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები