მთავარიქრისტიანობაზიარების გარეგნული წესების და კორონავირუსის პანდემიის შესახებ

ზიარების გარეგნული წესების და კორონავირუსის პანდემიის შესახებ

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “როგორც ცნობილია, ეკლესია საუკუნეთა მანძილზე ცვლიდა და ავითარებდა ლიტირგიკულ წესებს და გარეგნულ ფორმებს, გამომდინარე პრაქტიკულობის მოსაზრებების, საღვთისმსახურო ფორმების გარეგნული დიდებულების შეძენის და საღვთისმეტყველო სიღმეთა გადმოცემის მიზნებით.

იცვლებოდა თვით ლიტურგიათა წესები და ტიპიკონები, ევქარისტიის (ზიარების) გარეგნულმა ფორმამაც რამდენიმეგზის იცვალა სახე: 1. ევქარისტიული პურით და ღვინით ცალცალკე ზიარება (რა წესითაც დღემდე ეზიარება საკურთხეველში სამღვდელოება); 2. დალტობით ზიარება (ანუ სამღვდელო პირის მიერ ევქარისტიული პურის ბარძიმში დასველება და მაზიარებლის ბაგეებში მიწოდება); 3. მე-13 საუკუნიდან კი ვრცელდება ერისკაცთა კოვზით ზიარება (დეტალურად ამაზე იხ. მღვდელმონაზონ ლეონიდე ებრალიძის შესაბმისი სტატია). ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკლესიას ყოველთვის შეუძლია ლიტურგიკული წესები დახვეწოს ან შეცვალს და ეს ჩვეულებრივი საეკლესიო აქტია და მხოლოდ ფანატიკოს უმეცრებს, მოჩვენებითი და ზედაპირული რწმენის მქონე ადამიანებში შეიძლება იწვევდეს ემოციურ აგზნებას და გაღიზიანებას. დოგმატთა და საწესო ჩვეულებათა აღრევა-გათანაბრება სექტანტიზმისკენ სავალი გზაა.

შეიძლება თუ არა ზიარებით, ნერწყვისმიერად გადავიდეს დაავადება, ეს ერთი სადავო საკითხია დღეს, რომელზედაც შეიძლება იმსჯელოს მორწუნემაც და ურწმუნომაც, გამომდინარე პანდემიის საფრთხეებიდან. ხოლო მეორე საკითხია კანონიკური მოცემულობა, რომ ეკლესიას (არამხოლოდ საყოველთაო ეკლესიას, არამედ ადგილობრივ ეკლესიასაც) ხელეწიფება ლიტურგიკულ წესებში შეიტანოს ცვლილება, პრაქტიკული საჭიროებებიდან გამომდინარე, როგორც ეს წარსულშიც ხდებოდა.

ისტორიულად და ამჟამად ყველაზე მეტად გავრცელებული საშიში გადამდები დაავადებები: A,B,C ჰეპატიტები, ქოლერა, შავი ჭირი, შიდსი და თვით ტუბერკულოზიც კი არ გადადის ნერწვით და საერთო კოვზის გამოყენებით, არამედ სხვა გზებით, რასაც აქ აღარ ჩამოვთვლი. მაგრამ გრიპის ვირუსები და კონკრეტულად სიკვდილის საშიშროების შემცველი კორონავირუსი სწორედ ამ გზით (ნერწყვი) ვრცელდება, ესე იგი ესაა წვეთოვანი გზით გადამდები სნეულება.

საკითხის სისრულისათვის ისიც სათქმელია, რომ კორონავირუსი საერთო კოვზის გარეშეც, დაავადებულ ადამიანთან სიახლოვით სხვა ადამიანებზე ადვილად გადადის, ამდენად ერთჯერადი კოვზით ზიარებაც ვერ შველის უსაფრთხოებას, ვერც ჯვარ-ხატზე მთხვევა-არმთხვევა, რადგან კორონავირუსის გადაცემა მარტივად ხდება დასნეულებულთან ერთ სივრცეში ყოფნისას.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები