მთავარი » ხატები და ფრესკები

ზარზმის ფერისცვალების ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.08.2014 | 8,306 ნახვა

ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუში ზარზმის “ფერისცვალების” ხატი უადრესია ზარზმის სიძველეებიდან, რამაც კი ჩვენამდე მოაღწია. ზარზმის ფერისცვალების ხატი ასომთავრულ წარწერაში აღნიშნულია ზუსტი თარიღი – “… ქორონიკონი იყო რ “ვ”, ე.ი. 886 წელი.

“როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით, ეს არის შესანიშნავი ძეგლი. მთელი მისი აღნაგობა გამსჭვალულია მონუმენტალობით, დეკორატიულობითა და ექსპრესიულობით… ეს ხატი წარმოადგენს ფუძემდებლურ, ამოსავალ ძეგლს შუა საკუკუნეთა ქართულ ჭედურ ხელოვნებაში სკულპტურული ევოლუციის გასაგებად,” – გიორგი ჩუბინაშვილი.

“ფერისცვალების” ხატი არაერთხელ არის მოხსენიებული ბასილი ზარზმელის თხზულებაში – “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”, სადაც VI-VII (ზოგი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა VIIIს.) საუკუნეების ამბებია აღწერილი. აქ პირდაპირაა ნათქვამი, რომ ზარზმის წინამძღვარმა პავლემ “სრულყო ეკლესია და შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისა.”
სწორედ ეს, ზარზმის ამ ახლად აგებულ ეკლესიაში აღმართული ხატი მოჭედეს მოგვიანებით (886 წელს) – ხის დაფაზე მორგებული (131×74 სმ) ვერცხლის ფირფიტები ჭედური გამოსახულებებითა და ერთიანად ოქროდაფერილი.

ზარზმის ფერისცვალების ხატის ასლი თავდაპირველი ფერწერული ფენიდან არაფერი შემორჩა. თავად მოჭედილობაც ძალზე შელახულია. მხოლოდ მაცხოვრის ცენტრალური ფიგურაა რიგიანად შენახული. ყველა დანარჩენი გამოსახულების ამოცნობა ცალკეული ფრაგმენტებისა და სახელების განმმარტავი ასოების წყალობით გახდა შესაძლებელი: ზედა რეგისტრში, მაცხოვრის აქეთ-იქით, ელია და მოსე წინასწარმეტყველნი, ქვემოთ კი მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე.

“ფერისცვალების” დაკანონებული და ფართოდ გავრცელებული სქემაა. ქრისტეს ორნამენტირებული შარავანდი XI ს-შია დამატებული. ამავე დროისაა ხატის მოჩარჩოებაც – სახარების სცენებითა და მცენარეული ორნამენტით გაწყობილი არშიები. ერთი ნაწილი (ზედა არშია და მარცხენა არშიის ქვედა მონაკვეთი) ხელოვნების მუზეუმში ინახება, თბილისში. ჩარჩოს ამ დეტალებითურთ არის ასახული ზარზმის “ფერისცვალების” ხატი ფოტოზე ნ. კონდაკოვისა და დ. ბაქრაძის ცნობილ წიგნში (Oпись пaмятникoв дрeвнoсти в нeкoтoрыx xрaмax и мoнaстыряx Грузии), რომელიც 1890 წელსაა გამოცემული. მოჩარჩოების დიდი ნაწილი კი, 7 ფირფიტა, დაცულია პეტერბურგის ერმიტაჟში (გამოქვეყნებულია წიგნში – Синaй. Визaнтия. Русь. 2000 w.).

ხატის ამ განახლება-აღდგენის მოთავეც ცნობილია. მოჭედილობის თავდაპირველ წარწერას ქვემოთ მოსდევს ორი სტრიქონი, სადაც მოხსენიებულია ზვიად ერისთავი – “მე ზვიად ერისთავი, ძე სულკურთხეულისა ერისთავისა არაბაისი, ღირს ვიქმენ შემკობად პატიოსნისა ამის ხატისა…”. ეს ის ზვიად ერისთავია, რომელიც 1023 წელს ბიზანტიელთა წინააღმდეგ გალაშქრებულ ქართულ ჯარს სარდლობდა. ამ საუკუნეს შეესატყვისება სწორედ ყველა ის ფირფიტა, რომელიც აღდგენა-განახლების პროცესში დაემატა ზარზმის “ფერისცვალებას”.

მნიშვნელოვანია, რომ 2008 წელს დაიწყო ზარზმის ფერისცვალების ხატის ასლის შექმნა. ხატი 2009 წლის 10 ოქტომბერს, ზარზმის მონასტერში დააბრძანეს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • აკაკი says:

    სასიხარულოა რომ მოხდა ამ უმნიშვნელოვანესი ხატის აღდგენა. აუცილებლად ვეცდები, მოვილოცო ზარზმის ფერისცვალების ხატი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი