სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა.
პატრიარქს აეროპორტში წმიდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და მრევლი დახვდა.
ილია მეორე აეროპორტიდან ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდა, სიწმინდეები მოილოცა და შეკრებილ მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა.
“მე ბედნიერი ვარ, რომ ღვთის მადლით, მშვიდობით დავბრუნდით უცხოეთიდან. ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ. ღმერთმა გაგახაროთ. მე მუდამ ვგრძნობდი თქვენს ლოცვებს, დალოცვილი და გახარებული იყავით”, – ბრძანა უწმინდესმა.
უწმიდესის გერმანიაში მკურნალობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ექიმმა ცისანა შარტავამ ისაუბრა.
“პატრიარქის გერმანიაში ყოფნას ორი მიზანი ჰქონდა. კერძოდ, მას კარდიოლოგიური კუთხით გეგმური-პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა და 18-დღიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. შედეგები ძალიან კარგი იყო. შევეცდებით, ექიმების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები განვახორციელოთ. ზოგადად, მისი მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელი, ძალიან კარგია”, – აღნიშნა ექიმმა.
შეგახსენებთ, პატრიარქი გერმანიაში სარეაბილიტაციო პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად 2 ივლისს გაემგზავრა.
უწმინდესი ბერლინთან ახლოს ბრანდერბურგის ჰოპერგარტენის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გადიოდა მკურნალობას.
