ზაფხულში სიცხის დადგომასთან ერთად თავს იჩენს რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რაც ადამიანებს უსიამოვნო შეგრძნებებს უჩენს.
“ამბიონს” ამ საკითხებზე ფარმაცევტი ნინო თომაშვილი ესაუბრა, რომელიც სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებთ.
„№1 პრობლემა – ორგანიზმის გადახურება–გადაცხელება (მზის დაკვრა). ზაფხულში ზედმეტად მზეზე სიარული ორგანიზმს უქმნის ბევრ პრობლემას (განსაკუთრებით შუადღის საათებში, როდესაც მზე ზენიტშია), რაც ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოყოფაში გამოიხატება. აუცილებელია დღეში საშუალოდ 2 ლ. წლის მიღება, რათა ორგანიზმი არ გამოშრეს. ხშირად თავს იჩენს ხელ–ფეხის დასიებაც, რაც გამოწვეულია სისხლძარღვთა გაფართოებით. ამ დროს სასარგებლოა ოთახის ტემპერატურის ზღვის მარილის ვანები. კარგია წყლის გადავლება დღეში ერთხელ. კანის გამოშრობა ორგანიზმში სითხის დეფიციტიდან მომდინარეობს.
№2 პრობლემა – კუჭ–ნაწლავის პრობლემა, რომელიც ფაღარათითაა გამოხატული. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხილის დიდი რაოდენობით მიღება. უმჯობესი იქნება, თუ ხილსა და ბოსტნეულს გამდინარე წლით საგულდაგულოდ გარეცხავთ. კუჭის აშლილობის ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება საკვები პროდუქტით მოწამვლით გამოწვეული იყოს. შეეცადეთ ნაყიდ პროდუქტს ვადა შეუმოწმოთ ან მისი შენახვის პირობები გაითვალისწინოთ. აშლილობის დროს კარგია გვირილის ან კალენდულას ჩაის მიღება დღეში 3–ჯერ მაინც, სასარგებლოა პიტნის ჩაიც. თუ აშლილობა დიდხანს გაგრძელდა, ამ შემთხვევაში იღებენ ბროწეულის ქერქის ნახარშს, ასევე ნედლი კაკლის (არაყზე დამზადებული) ნაყენს. აღსანიშნავია, რომ ოდითგანვე სიცხის დროს და ზაფხულის პერიოდში იყენებენ შეციებულ მაწონს ან დოს. ისინი იცავენ კუჭ–ნაწლავს მავნე ბაქტერიებისგან.
№ 3 პრობლემა – გარუჯვა, რაც ხშირად კანის გამოშრობითა და დაწვით მთავრდება. კანის დაწვა რომ ავიცილოთ, ნუ მიიღებთ მზის ვანებს განსაკუთრებით დილის 12 საათის შემდეგ. ეს პროცესი არც კანს და არც ორგანიზმს არ უხდება. დამწვარ კანზე კარგია გაწურული მაწვნის წასმა რამდენიმე წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ არ გსურთ, რომ სახეზე მზე მოგეკიდოთ აიღეთ მოხარშული კვერცხის გული, დაიდეთ ხელის გულზე და კარგად შეიზილეთ სახის კანში, როდესაც კვერცხი სახეზე შეგახმებათ სახე თბილი წყლითა და საპნით ჩამოიბანეთ.
ფერიმჭამელების – ყვითელი და რუხი ლაქების მოსაცილებლად კარგია მოამზადოთ ხსნარი: 3 წილი ახალი ძროხის რძისა და 1 წილი ნატურალური ღვინის სპირტის ნარევი დაძინებამდე, ყოველ საღამოს შეიზილეთ სახეზე ან ტანზე.
ალერგიული გამონაყარის დროს კარგია ჩერედას (ორკბილას) ნახარში ან კაკლის ფოთლის ნახარშის გადავლება ბანაობის შემდეგ.
№ 4 პრობლემა – მწერების ნაკბენები. კოღოს ნაკბენზე წაისვით სოდიანი წყალი ან ახლადმოჭრილი ალოეს წვენი. ფუტკრის ნაკბენზე – ვაშლის წვენი, ვალიდოლი ან გაჭრილი ნიორი წაისვით. კარგია თუ ზაფხულის ცხელ დღეებში თვალებს დაიბანთ დღეში რამდენჯერმე ჩვეულებრივი ონკანის წყლით. ის ხსნის თვალის გადაღლილობას და გამოდენის ზედმეტ მტვერს თვალებიდან.
№ 5 პრობლემა – ოფლიანობა. ზედმეტი ოფლიანობის ასაცილებლად, ოფლიანი ადგილები დღეში რამდენჯერმე დაიბანეთ მუხის ქერქის ნახარშით, სოდიანი წყლით ან ვაშლის ძმრის წყლიანი ნარევით.
№6 პრობლემა – დახეთქილი ქუსლები. ყოველ საღამოს ფეხები ჩაალაგეთ 10–15 წუთი სოდიან წყალში. შემდეგ კარგად გაიხეხეთ და წაისვით მცირე რაოდენობის თხის ქონი. ეს პროცედურა გაიმეორეთ სანამ არ მიიღბთ სასურველ შედეგს.“
ქალბატონი ნინო თომაშვილი ზაფხულში სახის კანის სინორჩის შესანარჩუნებლად და გამოშრობის საწინააღმდეგოდ ერთ რეცეპტსაც გაგიმხელთ: 0,5 ლ. მაწონი გაწურეთ, აურიეთ 10 ტაბლეტი დაფხვნილი სტრეპტოციდი, გაიკეთეთ 10 წთ. მასკა და ჩამოივბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.
თეონა ნოზაძე
