მთავარი » ხატები და ფრესკები

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მიჰხედე სიმდაბლესა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.10.2014 | 2,718 ნახვა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მიჰხედე სიმდაბლესა” 1420 წელს ფსკოვის ოლქში, კამენოს ტბაზე გამოჩნდა, თუმცა მისი სასწაულებრივი გამოჩინების შესახებ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ფსკოვის მატიანეებში ყოვლადწმიდა გვხვდება ცნობა 1426 წელს ამ ხატიდან სისხლდენის შესახებ.

მოგვიანებით ხატი გადაასვენეს ფსკოვში, წმიდა სამების საკათედრო ტაძარში. გადასვენების დღე 16 (29) სექტემბერი ხატის დღესასწაულად დადგინდა.

ხატზე “მიჰხედე სიმდაბლესა” ღვთისმშობელი მჯდომარეა გამოსახული. მარჯვენა ხელში სკიპტრა აქვს, ხოლო მარცხენათი მის მუხლებზე მდგარი ყრმა ღმერთი უჭირავს, რომელიც მარჯვენა ხელით ღვთისმშობლის სახეს ეხება, ხოლო მარცხენაში უპყრია სფერო – სამყაროს სიმბოლო. ღვთისმშობლის თავს გვირგვინი ამშვენებს.

ხატის პირველ პირს ჩვენამდე არ მოუღწევია. ის შესაძლოა ერთ-ერთი სტიქიური უბედურების დროს განადგურებულიყო. არსებობს ხატის რამდენიმე ასლი. მათ შორის ერთი კიევის მამათა მონასტერში იმყოფება, ის სავარაუდოდ XIX საუკუნეშია შექმნილი, ხოლო მონასტერს 1992 წელს შესწირა სქემმონაზონმა თეოდორამ, რომელიც სარწმუნოების დევნის პერიოდში თავის კელიაში ინახავდა მას. სქემმონაზონ თეოდორას მონათხრობით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამ ხატიდან ყრუ-მუნჯი ყრმა განკურნებულა.

ხატიდან დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება. ერთ-ერთი პირველი სასწაული დაფიქსირდა ფეხმძიმე ქალზე, რომელიც ჰეპატიტისგან განიკურნა. ექიმები დაჟინებით ურჩევდნენ მას ნაყოფის მოცილებას, მაგრამ მორწმუნე ქალს ცოდვის ჩადენის შეეშინდა და სამი დღე ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატთან, შემწეობას სთხოვდა მას. განმეორებითმა ანალიზმა ჰეპატიტის ვირუსი აღარ აჩვენა, ბავშვიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ ხატი სულიერად კურნავს ადამიანებს, მოაქცევს მათ რწმენისკენ.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი “მიჰხედე სიმდაბლესა”
ევედრებიან სიბრმავის განსაკურნებლად.

ტროპარი

ზღუდეჲ უბრძოლველი ხატი შენი და წყაროჲ სასწაულთა, ვითარცა ძუელად, აღმოუცენებს აწცა მეოხებასა შენსა ერსა ჩუენსა. ყოველსაცა ჟამსა მიხსნენ ჭირთა და მწუხარებათაგან ყოველთა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი ვითარცა სახიერმან დედამან.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო, ღუთისმშობელო, ქერუბიმთა უმაღლესო და სერაფიმთა უპატიოსნესო, ღუთივრჩეულო ყრმაო, თუალითა მოწყალითა გარდამოიხილე ზეციურთა მაგათ სიმაღლითგან ჩუენ უღირსთა მონათა შენთა ზედა, რომელნი სალმობიერითა ცრემლითა გევედრებით წინაშე ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა. ნუ მომაკლებ მეოხებასა და ყოვლისამპყრობელსა საფარველსა შენსა მრავალჭირვეულსა და მრავალტვირთულსა ჟამსა ამას მიწიერისა მწირობისა ჩუენისასა. მაცხოვნენ ჩუენ მწუხარენი ესე, აღმადგინენ სიღრმეთაგან ცოდუათა, ვნებათაგან დაბრმობილნი გონებანი ჩუენნი განანათლენ და განკურნენ წყლულებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი! ჰოი, ყოვლადმწყალობელო დედაო მეუფისა კაცთმოყუარისაო, აჩუენენ მდიდარნი წყალობანი შენნი ჩუენ ზედა, აღსრულებითა მცნებათა ქრისტესთა განამტკიცე უძლური ნებაჲ ჩუენი, მოამდორვენ განბოროტებულნი გულნი ჩუენნი სიყუარულითა და ღუთისა და მოყუასისათა, მომმადლენ ჩუენ შემუსვრილებაჲ გულისა და სინანული ჭეშმარიტი, რაჲთა განწმენდილნი ბილწთა ვნებათაგან, ღირს ვიქმნეთ მშვიდობითსა ქრისტეანობითსა აღსასრულსა და კეთილად სიტყვის-გებასა წინაშე საშინელსა და თვალუხილავსა სამსჯავროსა ღუთისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, მის თანა დაუსაბამოჲსა მამისა და ყოვლადწმიდისა, სახიერისა და ცხოველისმყოფელისა სულისასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

წყარო: www.orthodoxy.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი