13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიხატები და ფრესკებიყინწვისის მოხატულობა

ყინწვისის მოხატულობა

აღმოსავლეთ საქართველოში, ქარელის რაიონში, სოფელ ყინწვისს რომ გავცდებით გვხვდება შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასითებელი ჯვარ–გუმბათოვანი აღნაგობის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია, ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის საკურთხევლის მოხატულობის საერთო ხედი რომელსაც გიორგი მესამის, თამარის, გიორგი–ლაშას „ჯგუფური“ პორტრეტი და სახელგანთქმული „ყინწვისის ანგელოზის“ ხატება ამშვენებს.

ამავე ტერიტორიაზე, ყინწვურას ხევის ნაპირას ღვთისმშობლის ერთნავიანი ბაზილიკის საკურთხეველია შემორჩენილი, რომელიც ყინწვურას ადიდების მსხვერპლი გამხდარა. საკურთხევლის მხატვრობა, სტილის ნიშნების მიხედვით, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კათოლიკონის მოხატულობას ენათესავება. ამიტომ იგი თამარის ეპოქაზე გვიანდელი არ უნდა იყოს. თვით ნაგებობა კი თამარის ეპოქას წინ უნდა უსწრებდეს. წმ. ნიკოლოზის ნატრექსში დაცულია გვიანი მხატვრობაც, ქტიტორის წარწერიანი პორტრეტით „ზაზა ფანასკერტელი“.

ყინწვისის წმ. ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის ეკლესიათა მოხატულობანი ქართული კედლის მხატვრობის ტრადიციული სქემითაა შესრულებული.

წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გუმბათისა და ჯვრული მკლავების კამარეზე, მედალიონში თითო დეკორატიული ჯვარია გამოხატული. გუმბათის ყელის მთელი ზედა რიგი „ვედრების“ ფართო რედაქციას უჭირავს, სადაც ქრისტეს, მარიამისა და იოანეს გარდა, ცალ–ცალკე მდგომი ცხრა ფიგურისგან შედგენილი ე.წ. „ანგელოზთა დასია“ გამოხატული. „ვედრების“ ქვემოთ კი თორმეტი სარკმლის შუალედებში. ფეხზე მდგომ წინასწარმეტყველთა და წმიდანთა თითო ფიგურა ორ რიგადაა განლაგებული. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობელია წარმოდგენილი, ყრმითა და ანგელოზებითურთ. მის ქვეშ „ზიარების“ რედაქციაა გამოხატული, ხოლო მათ შორის მოქცეულ არეებზე – მღვდელმთავრები. აფსიდებსა და ბემებში ქრისტეს ცხოვრების ამსახველი ციკლის ძირითადი თემების გარდა, ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი კომპოზიციებია ჩართული: „ღვთისმშობლის შობა“, „ტაძრად მიყვანება“ და „მიძინება“.

დასავლეთის მკლავის კამარებსა და კედლებზე მოხატულობის მცირე ნაწილია შემორჩენილი. აქ გვხვდება წმ. ნიკოლოზისა და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი კომპოზიციების ფრაგმენტები. შობა–ყინწვისი აქვეა წმ. მხედრების გამოსახულებანიც. ამავე რიგში ასახულნი ყოფილან: წმ. ნინო, დავით გარეჯელი, იოანე ზედაზნელი.

წყლის ჟონვისაგან ჩამორეცხილია ქტიტორ ანტონ გნოლისთავისძის გამოსახულება. იგი წმ. ნიკოლოზისადმი ვედრების მდგომარეობაში ყოფილა დახატული, ხელში ეკლესიის მოდელით.
ტიმპანის ცენტრი სამხრეთი მკლავის სამხრეთი კედლის დიდ სარკმელს უჭირავს. მხატვარმა ეს ორად გაყოფილი არე „ხარების“ კომპოზიციის ფიგურების გასანაწილებლად გამოიყენა, ჩრდილოეთის მკლავის ისეთივე ტიმპანი კი „ლაზარეს აღდგინების“ ბუნებრივად გაყოფილი ორი ჯგუფით შეავსო. „შობის“ კომპოზიციაში ქვემოდან შეჭრილ სარკმელთა ხისტ თაღებს მხატვარმა ღვთისმშობლის ფიგურა შეუფარდა. „შობის“ პირდაპირ „იერუსალიმში შესვლის“ კომპოზიციაა წარმოდგენილი. იგივე სარკმელებით სამ–სამ ნაწილად დაყოფილი სამხრეთი და ჩრილოეთი კედლების ქვედა არეებზე გვხვდება შემდეგი კომპოზიციები: „გუერდისა განხილვა ქრისტესი თომასაგან“; „მენელსაცხებლე დედანი მაცხოვრის საფლავთან“.

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის აფსიდისა და კათოლიკონის მოხატულობა მხატვართა დიდი საამქროს მიერ უნდა იყოს შესრულებული.

სამხრეთი კედლიდან, „ხარებისა“ და „შობის“ შემდეგ, თხრობა ჩრდილოეთ მკლავში გრძელდება. თაღოვან ნაწილში, აღმოსავლეთ ფერდზე ნათლისღების“ ფრაგმენტია შემორჩენილი, მის მოპირდაპირე ფერდზე კი „მირქმის“ ფრაგმენტია. სამხრეთი მკლავის დასავლეთ კედელზე „საიდუმლო სერობაა“ მოთავსებული.

ჩრდილოეთის მკლავის აღმოსავლეთი ფერდის შუა ზონაში „ჯვარცმის“ კომპოზიციაა, რომელშიც შედარებით კარგადაა შემორჩენილი იოანეს ჯგუფი, ასისთავ ლონგინოზის საინტერესო ფიგურით. აქ ქრისტეს სამოსს გადაცლილი აქვს სეკოს ტექნიკით შესრულებული ზედა ფერადოვანი ფენა.

ჯვარცმა

ფრაგმენტს, კომპოზიციიდან „გლოვა ქრისტეს საფლვთან“ ვხედავთ ჩრდილოეთი მკლავის დასავლეთი კედლის ზემოდან მესამე რიგში. აღმოსავლეთი ფერდის იმავე რიგში კი „ჯოჯოხეთის წარტყვევნაა“, აქ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ადამის სახე, რომელიც ჟონვისაგან ძლიერაა ჩამორეცხილი. საყურადღებოა „მართალთა“ ჯგუფის ერთ–ერთი ფიგურის სახეც.

წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოხატულობაში მნიშვნელოვანია გიორგი მესამის, მისი ასულის თამარ მეფისა და თამარის ძის გიორგი–ლაშას „ჯგუფური” პორტრეტი. თითოეული მათგანი ოდნავაა შებრუნებული საკურთხევლისკენ და ქრისტეს გამოსახულების მიმართ ვედრების მდგომარეობაშია.

თამარ მეფე, ლაშა–გიორგი, გიორგი მესამე

ყველაზე მეტად გიორგი–ლაშას გამოსახულებაა დაზიანებული. თამარის გამოსახულება, არსებითად, კონტურის მიხედვით იკვეთება. შედარებით უკეთაა შემონახული გიორგი მესამის სახე, რომლის კონფიგურაცია და გამომეტყველებაც აშკარად კონკრეტულია. იგი ისევე, როგორც ვარძიასა და ბეთანიში, „მრისხანე და ძლიერი ნებისყოფის პიროვნებადაა“ ყინწვისის ანგელოზი
წარმოსახული. თამარ მეფისა და გიორგი–ლაშას სახეთა გარშემო შემორჩენილი მონახაზები კონტურის შემოვლების მეტად მაღალ კულტურაზე მეტყველებენ.

მათ ზემოთ გამოსახულია აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფიგურა, რომელიც ფერადოვნული და ხაზობრივი გადაწყვეტის დახვეწილობით შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრებს განეკუთვნება და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების სიმბოლო გახდა.

წმ. ნიკოლოზის ტაძრის გუმბათის მოხატულობა მკვეთრად გამოირჩევა საკურთხევლისა და კათოლიკონის მოხატულობისაგან. აქ ყინწვისისეული ცისფერის ნიშანწყალიც არ შეიმჩნევა. ამასთანავე, გუმბათის მოხატულობა ეფექტური ხაოიანობის შთამბეჭდაობასა და ბზინვარებას მოკლებულია.

ღვთისმშობლის ეკლესიის გადარჩენილი აფსიდის მოხატულობა თუ ამავე საამქროს წევრის მიერ არ არის შესრულებული, რომელმაც წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კათოლიკონი მოხატა, იმავე მხატვრული მიმართულების ხელოვანს უნდა ეკუთვნოდეს.

საკურთხევლის ცენტრალურ ნაწილში, ღვთისმშობლის გამოსახულების ქვეშ „ზიარების“ ე.წ. ისტორიული რედაქციაა, ხოლო იმავე რეგისტრის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ქრისტეს სასწაულთმოქმედების თითო კომპოზიციაა გამოსახული. ჩრდილოეთისაში – „ზღვის ღელვის დაყუდება ქრისტეს მიერ“, სამხრეთისაში კი – „ქანანელი ასულის განკურნება“. ამათგან პირველი დიდად დაზიანებულია, მეორეზე კი დიდოსტატის ხელოვნება საკმარისი სისრულითაა შემორჩენილი. სულ ქვედა რეგისტრში მღვდელმთავრები და დიაკვნები არიან გამოსახულნი.

ღვთისმსობელი ყრმით

ღვთისმშობლის ეკლესიის მომხატველის სახით საქმე გვაქვს მეტად მაღალი ღირსების შემოქმედდთან.

მოამზადა თეონა ნოზაძემ
წყარო: ოთარ პირალიშვილი – ყინწვისის მოხატულობა

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. მოგესალმებით
    ამას წინათ ყინწვისის ფრესკების სანახავად ვიყავი წასული რათა თამარ მეფის ფრესკა მენახა და გული ძალიან დამწყდა როცა ლაშა-გიორგის სურათის ნაწილი წაშლილი იყო.ასევე ფრესკებს ფერი ძალიან აქვთ დაკარგული.ზოგიერთი ფრესკა აღარ ეტყობოდა.თამარ მეფის ფრესკა დიდებული მეფური და ამავდროულად სათნო და თავმდაბლურია.ძალიან მაინტერესებს თუ იგეგმება ფრესკების აღდგენა ყინწვისში ისე როგორც ეს ვარძიაში მოხერხდა?დაგეგმილია რაიმე ამ ფრესკების აღსასგენად და შესანარჩუნებლად?გული ძალიან
    დამწყდება იმაზე რომ ფრესკები რომლებმაც 800 წელი გამოიარეს ახლა 21 საუკუნეში ნადგურდება.ეს ფრესკები ჩვენი,ქართველების წარსული და საუნჯეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები