მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.10.2016 | 4,401 ნახვა

სამეგრელოში, მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ხობიდან სამი კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე მდებარეობს ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი.
ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი ხუროთმოძღვრული კომპლექსია, რომელშიაც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

გუმბათიანი სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, თლილი ქვისგან არის ნაგები, აქვს შვიდი სარკმელი. სამრეკლო ერთ დროს შიგნით მოხატული ყოფილა.

გალავნის შიგნით, ცენტრში დგას ბაზილიკური დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც აქვს გვიანდელი მინაშენები: XIV საუკუნის დამლევის ეგვტერი, აგრეთვე სახმრეთით და დასავლეთით შემორტყმული დერეფნები.

ხობის მონასტერი

ტაძრის შენობაც თლილი ქვით არის ნაგები; მინაშენებში და იატაკზე მარმარილოს ფილებიცაა ჩართული. ძირითად ნაგებობას და მინაშენებსაც აქვს ჩუქურთმები.

ტაძარი სამნავიანია. უგუმბათო შენობის კამარები შიგნით ჯვაროვან სივრცეს, გარედან კი სახურავები – ჯვაროვან მოცულობას ქმნიან, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხეები თავდაპირველად ცალკე ეგვტერებად ყოფილა გამოყოფილი, მოგვიანებით კი კედლები გამოუღიათ და ეგვტერები ტაძრის საერთო სივრცისათვის შეუერთებიათ.

ხობის ტაძრის აშენების თარიღზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს. XVII საუკუნის შუახანებში სამეგრელოში მყოფი ათონელი ბერების აბესალომისა და იოსაფის მონათხრობის მიხედვით, რუსეთის ელჩები ტოლოჩანოვი და იევლიევი აღნიშნავდნენ, რომ ხობის ტაძრის აშენებას ბერძენთა კეისარ ჰერაკლეს მიაწერენო (VII ს. I ნახევარი).

სხვა მოსაზრებით, ხობის ტაძარი, ძველი, IX-X საუკუნეების ეკლესიის ადგილზეა აშენებული.
1929 წელს შედგენილი ხობის მონასტრის საეკლესიო ქონების მიღების საანკეტო ფურცლის მიხედვით, ტაძრის აგების დროდ ჩათვლილია IX საუკუნე.

აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, რომ “მონასტერი უნდა იყოს აგებული არა უგვიანეს X – XI საუკუნეებისა”.

ხობის ტაძრის აგებას დავით აღმაშენებლის ეპოქასაც უკავშირებენ. ამ დროს ხობს დავით აღმაშენებლის საზამთრო სადგომად თვლიან. 1887 წელს ნოჯიხევის სკოლის მასწავლებელი მ. ლიფონავა გაზეთში “ივერია” წერდა: “ხალხი ამბობს, რომ ვითომც ეს მონასტერი დავით აღმაშენებლის დროისა იყო”.

ბევრი მკვლევარი ხობის ტაძრის აშენებას ამ ნაგებობის ფრესკაზე გამოსახული ცოტნე დადიანის და სხვა წყაროების მიხედვით XII საუკუნის პირველი ნახევრით ათარიღებდა.

ხალხური გადმოცემებით, ტაძრის აგება დავით აღმაშენებლის, თამარის, ცოტნე დადიანის სახელებს უკავშირდება.

დღემდე შემორჩენილი თქმულების მიხედვით, ერთხელ, ცოტნე დადიანი ხობისწყლის პირას ნადირობდა. იქ, სადაც დღეს ხობის მონასტერი მდებარეობს, გაუვალი ტყე ყოფილა. ცოტნეს დაღამებია და ღამე ვინმე კიტიას ოჯახში გაუთევია. დადიანს მეორე დღეს გაუგრძელებია ნადირობა და ტახი მოუკლავს, ხოლო იქ, სადაც დღეს მონასტერია, დანგრეული ეკლესია უნახავს. ცოტნეს კიტიასათვის დაუვალებია, ეკლესიის მიდამოები გაეკაფა. შემდეგ მას აქ ახალი ეკლესია აუგია.

სახელმწიფოს მიერ დაცვაზე აყვანილი საქართველოს კულტურის ძეგლების გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ხობის ტაძარი დათარიღებულია XIII- XIV საუკუნეებით, სამრეკლო – გვიანი შუა საუკუნეებით (გადაკეთებულია XIX საუკუნეში), სასახლე – XVIII – XIX საუკუნეებით, ხოლო გალავანი კი – გვიან შუა საუკუნეებისად.

აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე ხობის ტაძრის აგებას XIII – XIV საუკუნეების მიჯნით ათარიღებს, თუმცა არ გამორიცხავს მშენებლობის უფრო ადრე დაწყებას და ამ დროისათვის დამთავრებას. ბოლოდროინდელი გამოკვლევებით, ხობის ტაძარი XIV საუკუნის დამდეგს, გიროგი I დადიანის ერისთავობისას უნდა იყოს აგებული.

ხობის მონასტრის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია ტაძრის აღმშენებელი გიორგი დადიანი ეკლესიის მოდელით ხელში და წარწერით: ” ამ საყდრის აღმშენებელი, ერისთავთ-ერისთავი და მანდატურთუხუცესი დადიანი გიორგი, შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ”. ეს წარწერა, როგორც ვარაუდობენ, XVII საუკუნეში უნდა იყოს განახლებული, გიორგი დადიანი კი XIII საუკუნის დამლევისა და XIV საუკუნის დასაწყისის მოღვაწეა.
ტაძრის სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში არსებული ისტორიულ პირთა სურათები წარწერებითურთ: “ერისთავთ-ერისთავი შერგირ დადიანი”, “დიოფალთ-დიოფალი ნათელი”, “ძე მათი ცოტნე”, “ასული მათი თამარ”, როგორც წყაროებიდან და გამოკვლევებიდან ჩანს, XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ადრინდელი არ შეიძლება იყოს. ეს ისტორიული პირები, ცოტნე დადიანის მემკვიდრეები უნდა იყვნენ.

1913 წელს სამეგრელოში მოგზაურობისას ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა სამეგრელოს ეკელსია-მონასტრები, მათ შორის ხობის მონასტერიც, იქ დაცული ნივთები, სიწმინდეები, წარწერები, ფრესკები. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, აქ მხატვრობა რამდენჯერმე განუახლებიათ. უძველესი ფრესკა ეკლესიის სამხრეთ კედელზეა. აქ, როგორც წარწერებიდან ჩანს, გამოსახულნი არიან: ერისთავთ-ერისთავი შერგილ დადიანი, მისი მეუღლე ნათელა, შვილი ცოტნე, იქვე პატარა ქალის დაზიანებული სურათია.

ჩრდილოეთის კედელზე, კარის მარჯვნივ გამოსახულია გიორგი დადიანი ეკლესიის გეგმით ხელში და წარწერით.

გიორგი დადიანის მარცხნივ დახატულნი არიან: ლევან II დადიანი, მისი მეუღლე ნესტან-დარეჯანი და შვილი მანუჩარი მხედრული წარწერით. მანუჩარს ზემოთ, ქრისტეა გამოსახული, რომელიც ამ ოჯახს ორივე ხელით ჯვარს სწერს.

ჩრდილოეთის სვეტზე დახატულია სავედრებლად ხელებაშვერილი ეპისკოპოსი, ხუცური წარწერით: “ხობელი ილარიონი”. ამის პირდაპირ საკურთხევლის სვეტზე გამოსახული მეორე ეპისკოპოსი წარწერით: “ხობელი ნიკოლოზი” მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი უნდა იყოს.

ისტორიულ პირთა სურათები მოსჩანს დასავლეთის კედელზე, მაგრამ ფრესკები და წარწერები გაფუჭებულია.
საკურთხევლის ზემოთ ცაში დახატულია ჯვარი, რომელიც ანგელოზებს მიაქვთ და შემდეგ ღვთისმშობელი ჩვილით, ტახტზე მჯდომარე, აქეთ-იქით ანგელოზებითურთ. ქვემოთ ქრისტე აზიარებს მოციქულებს სისხლით და ხორცით. ამის ქვემოთ – ეკლესიის მამათა გამოსახულებებია. ფრესკების ქვემო რიგში წარწერები ქართული ასომთავრულია, ზემოთ კი- ბერძნული.

ხობის მონასტერი

საკურთხევლის მარჯვნივ მაცხოვარია დახატული მღვდელმთავრის ტანშესამოსლით; ქრისტეს ხელში უჭირავს სახარება, რომელზედაც იკითხება: “მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისათა და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი”.

საკურთხევლის თაღზე მთელი რიგია წმინდანებისა. საკურთხევლის კედლებს ზემოთ მარჯვნივ და მარცხნივ ხარებაა მარიამისა და ხარება ელისაბედისა; შობა ქრისტესი, ტაძრად მიყვანება; ეგვიპტეში გაქცევა იოსებისა და მარიამისა; განკურნება დავრდომილისა; ამაღლება ქრისტესი; ამაღლება მარიამისა, ღვთის დედისა; ურწმუნო თომა, რომელიც გვერდს უსინჯავს იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ; ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია ჯვრის დამკვიდრება გოლგოთაზედ; გარდამოხსნა, დატირება ქრისტესი დედათა მიერ და გამზადება გვამისა დასამარხად; დაკრძალვა ქრისტესი. ქრისტეს ჯვარცმა დახატულია სამრეკლოს კარის ზემოთ. შემდეგ მოჩანს წმინდა პანტელეიმონი, იოანე ნათლისმცემელი, ანგელოზი და კიდევ სამი წმინდანი. სამხრეთის კარის მარცხნივ გამოსახულია ღვთისმშობელი ჩვილით, კარიბჭის თაღის კუთხეებში მახარობლებია დახატული. ამათ გარდა, ტაძარში გამოსახულია მოციქულები თომა, ფილიპე, პავლე და სხვა.
ე. თაყაიშვილის მიერ აღწერილი ფრესკებისა და წარწერების ნაწილი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამჟამად ტაძრის კედლებზე არ ჩანს.

ხობის მონასტერი განსაკუთრებით მდიდარი იყო იქ დაცული ძვირფასი ხატებით და ჯვრებით. ე. თაყაიშვილის აღწერილობით, იმ დროისათვის ხობის მონასტერში ინახებოდა: მაცხოვრის ხატი, ვერცხლით მოჭედილი, შემკობილი ძვირფასი ქვებით, ქართული და ბერძნული წარწერებით. წარწერებში მოხსენიებულნი არიან ისტორიული პირები: ვარდან დადიანი, მანდატურთუხუცესი ბედან დადიანი, ცოლი მისი ხვაშაქი – ქართლის ერისთავის ბეგაის ასული, მათი შვილები: ერაშაჰრი, გიორგი, ივანე, ხატის მამკობელი თეონილა კაბერის ასული, ზვიადის დედა.

წყარო: წიგნიდან “ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი”, შემდგენლები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია. ხობი-თბილისი 2000


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი