მთავარიქრისტიანობასამების საპატრიარქო ტაძარში XIV გაფართოებული კრება გაიმართა

სამების საპატრიარქო ტაძარში XIV გაფართოებული კრება გაიმართა

ამა წლის 11 მაისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული კრება, რომელსაც უნდა აერჩია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქი.

კრებაზე შეიკრიბნენ წმინდა სინოდის წევრები სრული შემადგენლობით. წარმოდგენილი იყო სამი საპატრიარქო კანდიდატი: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). კრებას აგრეთვე ესწრებოდა სასულიერო პირებისა და ერისკაცებისგან შემდგარი 1147 დელეგატი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეპარქიიდან.

ტაძრის ეზოში შეკრებილ მრავალრიცხოვან მრევლს საშუალება ჰქონდა, პროცესისთვის თვალყური რამდენჯერმე ედევნებინა დიდ ეკრანზე.

კენჭისყრაზე მღვდელმთავართა ყველაზე მეტი, 22 ხმა მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ. შედეგად, იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელი გახდა, სახელით შიო III.

ახლად არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს გამარჯვება წმინდა სინოდის წევრებმა, მათ შორის, სხვა საპატრიარქო კანდიდატებმაც, ასევე სხვა სასულიერო და საერო პირებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს.

დასასრულ, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ კრებაზე დამსწრეები დალოცა და ქადაგებით მიმართა, რის შემდეგაც მოხდა სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საპატრიარქო ტაძარში გაემართა, სადაც აწ გარდაცვლილი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის განსასვენებელთან პანაშვიდი გადაიხადა და სასულიერო პირებსა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

წყარო – საპატრიარქოს უწყებანი
ფოტო: ნინო სოზაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები