მთავარი » საზოგადოება

ხევსურეთი აქვე და ექვსი საათის სავალზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.11.2010 | 2,189 ნახვა

“ზვავები მოდის, მაგრამ აბა, ზვავს რა გინდა რომ უშველო?!” – შატილელ ნოდარ ჭინჭარაულს შორს წასვლა არ ჭირდება საკუთარი სახლის აივანზე ზის და ხან ერთი მთისკენ იშვერს ხელს, ხან – მეორისკენ. “აი, აქედანაც ჩამოდის ზვავი, იქიდანაც. შარშანწინ არდაქში ორი კაცი დაიღუპა. ხევსურეთი ნადირობდნენ და ზვავში მოყვნენ, ზვიადაური და არდოტელი. კიდევ, ხუთი წლის წინ ხახმატთან დაიღუპა ორი კაცი: ზვიადაური და დაიაური”. კორშელი შოთა არაბული ამბობს, რომ ზვავი გზაზე ყველგან ჩამოდის, შარშან საქონელიც წაუღია.

შოთა არაბული: “შემთხვევები იყო, ზვავი ჩამოწვა, ტრაქტორი გასაწმენდად მივიდა და მეორე ზვავმა ახლა ეს ტრაქტორი ჩაიტანა”.

ხევსურეთის ყველაზე დიდი პრობლემა გზაა, 100 კილომეტრი ჟინვალის გადასახვევიდან. რა მანძილი ეგ არის, მაგრამ სანამ ხევსურეთში ახვალ, შენი დაგემართება. ექვსი საათი ჯაყჯაყი და პერიოდული შესვენებები. ზოგ მონაკვეთს ყველა მანქანა ვერც გადავა, ჯობია, შენით გაიარო. აქ ასფალტი არასდროს ყოფილა. ხევსურეთი დღითიდღე ცარიელდება. ბევრ სოფელში მხოლოდ ერთი ოჯახიღაა დარჩენილი.

გზაზე რამდენიმე ადგილას არაგვს მიწა აქვს გამოთხრილი და მეწყერი ვითარდება. მეწყერია ზედ მუცოს შესასვლელშიც. გზა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიკეტოს და სოფელი გარესამყაროს მოწყდეს.

თუმცა, არაგვი მარტო გზას არ ერჩის. კორშაში მდინარის ჯებირები სამ ადგილას არის გარღვეული. სოფლის მკვიდრი შოთა არაბული ამბობს, რომ ხშირად მდინარე გადმოდის და ხალხს სახლებში უვარდება.

მეორე პრობლემაა კლდის ნაშალი. აქ ქვა თიხასავით მყიფეა.  გზაზე მხოლოდ ნამტვრევები კი არ ცვივა, მთლიანად კლდე მოდის. თუ არ გაგიმართლდა და უდროო დროს კლდის ქვეშ აღმოჩნდი, შეიძლება ამ ნაშალშიც ჩაიმარხო. სხვა პრობლემაა ის, რომ ყოველი ასეთი ჩამონაშალი ისედაც ვიწრო გზას კიდევ უფრო ავიწროვებს და ხანდახან საერთოდ კეტავს კიდეც.

შოთა არაბული: “ფშავის აქეთ გზა ბევრგანაა დავიწროებული: მაღაროსკართან, ჩარგლის აქეთ, გუდანის მხარეს, ხახმატთან, ბარისახოსთან…”

ნოდარ ჭინჭარაული: “ზოგან გზა ისეთია, ერთი მანქანა მეორეს გვერდს ვერ აუქცევს. გზა უნდა გაკეთდეს, თავისი ჯებირებით, სანიაღვრეებით, ზვავის ამსხლეტებით. ვაჟამ რომ თქვა მე-19 საუკუნეში, გზას ვამბობ, თორემ რა გზაოო, ისევ ისეა, არაფერი შეცვლილა, არადა საუკუნე და ნახევარი გავიდა”.

მართლაც, კლიმატი შეიცვალა და გზა ისევ იგივეა. ხევსურები ამბობენ, წელს რომ იყო, ასეთი თბილი ზამთარი არ გვახსოვსო: “ბუზი და კალია მთელი წელი გვყავდა, ფუტკრები სკიდან გამოდიოდნენ. მიწა არ გაყინულა”.

“წნორის ხეები აღარ არის. ის მცენარეები ადრე ბარში რომ იცოდა (ანწლი, ნარო..) ახლა მთაში გაჩნდა. მთელი ზამთარი თოვლის ნაცვლად წვიმა მოდიოდა”.

“გაზაფხულზე გადამფრენი ფრინველები იცოდა, არწივისხელები. შავად დაფარავდნენ ხოლმე ცას. ჩვენ ბორას, ჭოკვას ვეძახდით. ბოლო წლებია, აღარც ეგენი დამინახავს”.

“ზღარბი მომრავლდა კორშაში. ადრე აქ ზღარბი არ იცოდა”.

“ნეტა, შატილშიც ზღარბი გვყავდეს, თაგვს შეჭამდა. თაგვები ვერ მოგვიცილებია”.

როგორ შემოაკვდათ ხევსურებს კატები

შატილელები ნადირს არ უჩივიან, თავისთვის არიანო. მგელი და დათვი უფრო მეტად სოფელ კისტანს ემტერება, იქ ცხვარი და საქონელი ჰყავთ. შატილშიც ორი ცხენი შეგვიჭამა მგელმაო, კიდევ ერთი ადრე შეუჭამია. რაღა თავისთვის გამოდის?! მაგრამ მგელი არ ედარდებათ. მთელ ხევსურეთს თაგვია შესეული, მოსავალს აჩანაგებენ.

დათო ჭინჭარაული: “თაგვია, ვირთხაა თუ კვერნა, რა არის ვერ გავიგეთ. ადრე ასეთი არ იყო. ოთხნაირი ჯიშია. ყველგან ეგენი დარბიან. სახლში არ შემოდიან, მაგრამ ეზოში, კარტოფილი იყო თუ სხვა რამე ყველაფერი შეგვიჭამეს”.

თაგვების ორმოები მართლაც მრავლადაა. თავიანთი გაკვალული გზებიც აქვთ. ეზოში დაგდებულ ძველ ტელევიზორს თანდათან ძირს უთხრიან და სიღრმეში მიაქვთ.

ნოდარ ჭინჭარული: “ჯერ მდინარის გაღმა იყვნენ, მერე აქეთაც გადმოვიდნენ. შხამი დავუდეთ, დახოცავსო. დარეტიანებულ ვირთხებს კატები ადვილად იჭერდნენ, ჭამდნენ და მოწამლულები ერთიანად დაწყდნენ. თაგვის მაგივრად კატები დაგვეხოცა”.

კატა შატილში მართლა აღარ ჩანს, თბილისიდან კნუტები უნდა ამოვიყვანოთო, გეგმავენ. თუმცა, აღარც მაგათი იმედი დარჩათ.

“ამათ რა კატა მოერევა, ტელევიზორი სოროში მიაქვთ!”

თეა თოფურია (რეპორტაჟი ხევსურეთიდან)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • იო says:

    ძვირფასო ბატონებო, მოგესალმებით დიდი სიყვარულით და პატივისცემით ამერიკიდან. მე აქ ბოსტონში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ძალიან მიყვარს საქართველო და სულ ვცდილობ მეტი გავიგო მასზე. ვაგროვებ მასალას დასაწერად ხევსურეთზე. მომეწონა აქ მოთხრობილი ფაქტები. ბატონი შოთა არაბულის სახელი ხშირად შემხვედრია და ეტყობა მან ბევრი იცის ხევსურეთზე. მინდა დაველაპარაკო ხევსურების ადათ-წესებზე. ინტერნეტში ცოტაა ამაზე ინფორმაცია. ამიტომ როგორ შეიძლება დავეკონტაქტო ბატონ შოთას? შეიძლება ვისაუბროთ სკაიპით? ჩემი არის yosavo ელფოსტა yoelenat@yahoo.com
    საუკეთესო სურვილებით.

    იო ტყებუჩავა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი