სათამაშოების ოსტატის, თამარ თუჯიშვილის კოლექცია მრავალფეროვანია და რამდენიმე ასეულ ნამუშევარს ითვლის.
პირველი ნიმუში ოცი წლის წინ შექმნა, როცა საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ სტუდია “ამერ-იმერში” მის შვილს სიმღერა “ლაზარესთვის” თოჯინის გაკეთება დაავალეს. დედა შვილს დაეხმარა, ბიბლიური გმირი – ლაზარე შექმნა. ამ დროიდან თოჯინებით დაინტერესდა, თავდაპირველად თვითშემოქმედებაზე გახლდათ დაყრდნობილი, მერე საქართველოში კანადელები ჩამოვიდნენ და მათ მიერ ჩატარებულ მასტერკლასში მიიღო მონაწილეობა. ნელ-ნელა სათამაშოების შექმნის ტექნოლოგიაც დახვეწა და ძირითად პროფესიად გადაიქცია. ქალბატონი თამარი დღემდე დროის დიდ ნაწილს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური მასალისგან თოჯინების დამზადებას უთმობს. სათამაშოების ოსტატი “ამბიონს” თავად გაესაუბრა.
თამარ თუჯიშვილი: “სათამაშოების შესაქმნელად ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მაუდის, მატყლის, ბამბის, შალის, ტყავის მასალებს ვიყენებ. ჩემს კოლექციაში ნახავთ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს, პოპულარიზაციას ვუკეთებ თითოეული კუთხის ნაციონალურ ტანსაცმელს. ვქმნი ქართული ზღაპრების გმირებს, ცხოველებს, ყვავილებს…
სამუშაო საკმაოდ შრომატევადია, ყველაფერი ეტაპობრივად კეთდება. ჯერ თავებს ვქმნი, მერე – ტანს… ფერების შერჩევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვატყობ, ჩემი სათამაშოები დამთვალიერებლებს კარგ განწყობას უქმნის, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ყოველთვის ვცდილობ, სათამაშო უკვე მისი მფლობელის საყვარელ ნივთად იქცეს. ჩემი თოჯინები იაპონიის თოჯინების მუზეუმშიც კი მოხვდნენ.
სასიხარულოა, რომ დღეს ხელნაკეთი ნივთები დაფასებულია და დიდ დაინტერესებას იწვევს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ბევრია ამ პროფესიის შესწავლის მსურველიც. ამჯერად გამოფენებისთვის ვაგროვებ ნამუშევრებს და ნაკლებად ვახერხებ, რომ სხვას დავეხმარო ამ საქმის ათვისებაში.
საქართველოს მასშტაბით სადაც კი ტარდება გამოფენა, ყველგან გვეპატიჟებიან, იმართება გამოფენა-გაყიდვები. სათამაშოების საფასური შრომისა და მასალის ღირებულებიდან გამომდინარეობს. მათ, უმთავრესად, უცხოელები იძენენ. საქართველოშო ჩამოსულს ქართული სუვენირის სახით მიაქვს.
ახლახან სიონის სკვერში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის “ქართული სუვენირების” ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა, სამუზეუმო თემაზე შექმნილი ქართული ჭედურობის ნიმუშები, ქართული კერამიკა, ნაქარგობა, თექა, ბატიკა და სხვა. ჩემი ნამუშევრები აქაც იწონებდნენ თავს. სათამაშოები მინისტრმა, ბატონმა ნიკოლოზ რურუამაც მომიწონა…”
ქალბატონ თამარს სათამაშოების გაჩუქებაც ხშირად უხდება, თუმცა ცდილობს, საჩუქრად ის თოჯინა გაიმეტოს, რომლის ორიგინალიც მის კოლექციაში აუცილებლად მოიძებნება.
თეონა ნოზაძე
