მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ხატვის როლი მოზარდის გონებრივ განვითარებაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.05.2012 | 8,808 ნახვა

რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ხატვას ბავშვის განვითარებაზე, რატომ უნდა ხატონ ბავშვებმა? “ამბიონს” ფსიქოლოგი მართა სიხარულიძე ესაუბრა:

ხატვა “ბავშვის განვითარებას თავისი კანონები აქვს. ბევრი რამ ამ კანონებიდან ჯერ კიდევ შეუცნობელია. უფროსებს ხშირად გვავიწყდება საკუთარი ბავშვობა და არ გვახსოვს ამ შეუცნობელ შესაძლებლობათა ნამდვილი ფასი. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე გამოვიყვანოთ ბავშვი ბავშვური სამყაროდან. გვინდა, ბევრი რამ ვასწავლოთ, ცხოვრებისათვის დროზე-ადრე მოვამზადოთ. მოტივი კეთილშობილურია, შედეგი კი ხშირად – არასასურველი. ვიწვევთ ბავშვის განვითარების ხელოვნურ დაჩქარებას, რაც ისევე საზიანოა, როგორც განვითარების ხელოვნური დაგვიანება.

სკოლამდელი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სამი ეტაპი: თამაში, ხატვა და ზღაპრის ინტერესი. საგულისხმოა, რომ ხატვა ხელს უწყობს ბავშვის შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვის საშუალებით ის ბევრ ისეთ გრძნობასა და თვისებას იძენს, რომელთა არც განცდა და არც შეთვისება სხვა დროს და სხვა პირობებში მას არ შეუძლია. ამასთან, ხატვა ბავშვის ქცევის ის ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობასაც გულისხმობს და ამ უნართა უკუგავლენასაც.

დღეს ძალიან დიდი დრო ეთმობა ტელევიზიას, ინტერნეტს… მშობელიც, რომელსაც აღარაფრისთვის აღარ რჩება დრო, იძულებულია, თავისი პატარა ეკრანის წინ დააჯინოს და თვითონ ამოისუნთქოს. ამ დროს ბავშვი ხედავს მზა მასალას, სადღაა ფანტაზია, მისი შინაგანი პოტენციალის ამოქმედება, რაც უხვად აქვს ბავშვს სწორედ ამ ასაკში?“

რა როლს ასრულებს ხატვა სკოლამდელი ბავშვის გონებრივ განვითარებაში?

ბავშვებს ძალიან უყვართ ხატვა და ისინი ხშირად, დიდი გატაცებით ერთვებიან ამ საქმიანობაში, თუ ამის საშუალებას მივცემთ.

ბავშვის ხატვა დიდი ხანია მკვლევართა ინტერესის საგანს წარმოადგენს. მისი შესწავლა სხვადასხვა კუთხით აინტერესებთ სხვადასხვა მეცნიერების წარმომადგენლებს: ისტორიკოსებს, ბიოლოგებს, ფსიქოლოგებს, პედაგოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს…

ბავშვის ნახატი დაკვირვებიხართ, როგორ ხატავს პატარა? როგორ იცვლება მათი დამოკიდებულება ასაკის მატებასთან ერთად ამ პროცესისადმი? მიეცით ბავშვს ფანქრები და ფურცელი. 2 წლის ბავშვი თავდაპირველად ერთობა, პირისკენ მიაქვს ფანქარი. ფურცელს კი აფრიალებს, ხევს და აქეთ-იქით ყრის. საკმარისია, უფროსმა აჩვენოს, როგორ ტოვებს კვალს ფანქრის წვერი ფურცელზე, რომ ბავშვიც იხიბლება ამ საოცრებით და იწყებს ხატვას. უფრო სწორად, “ჯღაბნის”, ჯერ ავლებს ხაზებს, არც ფერებს აქცევს ყურადღებას. მაგრამ თანდათან არკვევს, რომ ხაზი შეიძლება მოამრგვალო, მისცე სხვადასხვა ფორმა. ბავშვი ხატავს სასაცილოდ. ადამიანს თავისა და ფეხების საშუალებით გამოსახავს… ის ხატავს იმას კი არა, რასაც ხედავს, არამედ იმას, რაც იცის ამ საგნის შესახებ. მისთვის მთავარია შინაარსი და არა – ფორმა. იგი ნახატის საშუალებით გვიყვება ამბავს. ბავშვი ხატავს გატაცებით და ეს მოქმედება ნელ-ნელა სწავლების პროცესად იქცევა. ის სწავლობს და ითვისებს ახალ და ახალ ინფორმაციებს სამყაროზე. ხატავს ისე, როგორც აღიქვამს გარემოს და რა უნარებიც გააჩნია მის გადმოსაცემად.

ხატვის დროს ვითარდება მხედველობითი აღქმა, მეხსიერება. მოზარდი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ზომებს, გარემოს, ცხოველებს, მცენარეებს, უვითარდება ფანტაზია, ცნობიერება, ესთეტიური აღქმა, ემოციები, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ნებისყოფა. სწავლობს, დაისახოს და შეასრულოს ამოცანა. მიიყვანოს ბოლომდე დაწყებული საქმე, დაასრულოს ნამუშევარი. სწავლობს განწყობის შემუშავებას. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, განიცადოს ამ პროცესში სიხარული, თვითკმაყოფილება. ამდენად, მეტად დიდია ხატვის აღმზრდელობითი მნიშვნელობა და ბავშვზე მისი ზეგავლენაც.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ნანა says:

    მართლა ძალიან უყვართ ხატვა,ჩემი ყველა აღსაზრდელის ერთერთი საყვარელი საქმიანობა,რომელიც არასდროს ბეზრდებათ.გმადლობთ

  • tea says:

    chemma shvilebma ician, rom rodesac mshoblebi saxls ver aremonteben, sheidzleba moxaton da ase gaalamazon. rodesac kvavilis qotans dzveli da ushno ieri aqvs sheidzleba ertad moxaton da axali da lamazi gaxdes. ician, rom tu sachuqris puli ar aqvt, sheidzleba sasurveli suratit an aplikaciit miulocon dabadebis dge sakvarel adamianebs da gaaxaron, isic ician da aketeben kidec, rom tu wigns an sabavshvo jurnals deda ver kidulobs, tavad sheqmnan wigni da jurnali, tavisi kolajebita da naxatebit. satamashoebsac tviton aketeben da mukaos kutebis saxlebsac. mere martalia advilad ixeva es kvelaperi, magram is sixaruli xom rcheba…kargi iqneboda tu televiziebi cota met dros dautmobdnen sabavshvo gadacemebs, romlebshic xatvas da xelsaqmes ascavlian.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი