რა რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა დღის განმავლობაში და რა ფაქტორების გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი? „ამბიონს“ ამ თემაზე ესაუბრა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, მედეა ამაშუკელი:
“ადამიანის
ორგანიზმის თითქმის 2/3 წყლისგან შედგება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წყლის მარაგის ადეკვატური შევსება დღის განმავლობაში. პაციენტები ხშირად გვისვამენ ამ შეკითხვას, თუ რა რაოდენობით წყალი უნდა მიიღონ დღის განმავლობაში და ამაზე პასუხი საკმაოდ რთულია, რადგან კონკრეტული რეკომენდაციის მიცემამდე უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის ასაკი, სქესი, ფიზიკური დატვირთვა, კლიმატური პირობები, სხვადასხვა დაავადებები, ფიზიოლოგიური მდგომარეობები (ორსულობა, ლაქტაცია) და სხვა.
ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის ინსტიტუტმა 2004 წელს შეიმუშავა ბოლო რეკომენდაცია, რომლის თანახმად ახალგაზრდა მოზრდილმა მამაკაცმა უნდა მიიღოს 3 ლ, ხოლო ქალმა 2.2 ლ სითხე დღის განმავლობაში. აუცილებლად უნდა გავითვალიწინოთ, რომ სითხეში, გარდა წყლისა, იგულისხმება სხვა სასმელებისა და საკვების გზით მიღებული წყალიც. საკვებიდან (ძირითადად ხილიდან და ბოსტნეულიდან) ვიღებთ აღნიშნული რაოდენობის დაახლოებით 20%-ს.
ხანმოკლე ფიზიკური ვარჯიშის დროს, როდესაც ძლიერდება ოფლის გამოყოფა, საკმარისია დამატებით 1-2 ჭიქა წყლის მიღება, 1 სთ-ზე ხანგრძლივი დატვირთვის დროს, რა თქმა უნდა, მოთხოვნილება იზრდება.
ცხელი და ტენიანი კლიმატის შემთხვევაშიც დიდი რაოდენობის სითხე იკარგება ორგანიზმიდან, რასაც ასევე რეგულარული შევსება სჭირდება.
ხანდაზმულებში წყლის მოთხოვნილება მცირდება, თუმცა არა – მნიშვნელოვნად.
ორსულებსა და განსაკუთრებით მეძუძურ დედებში ფიზიოლოგიურად ძლიერდება წყლის მოხმარება.“
რამდენი ხნით ადრე უნდა დავლიოთ წყალი ჭამამდე და ჭამის შემდეგ ?
არ არის რეკომენდებული წყლის დალევა უშუალოდ ჭამის წინ და ჭამის პერიოდში, რადგანაც ამ დროს ხდება კუჭის წვენის და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების განზავება და დროთა განმავლობაში შესაძლოა დააზიანოს კუჭ-ნაწლავის სისტემა. აქედან გამომდინარე, სასურველია დაახლოებით 30 წთ-იანი შუალედის გაკეთება კვებასა და წყლის მიღებას შორის. უკანასკნელ წლებში სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ კვების წინ 1-2 ჭიქა წყლის დალევა დადებითად აისახება წონის კლებაზე, ამიტომაც ვურჩევთ ჭარბწონიან პაციენტებს მეტი წყლის მიღებას დღის განმავლობაში, განსაკუთრებით კვების წინ 30 წთ-ით ადრე.
გადაჭარბებული რაოდენობით წყლის მიღებამ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე?
გადაჭარბებული რაოდენობით წყლის მიღების შემთხვევები იშვიათია, პრაქტიკულად გვხვდება მხოლოდ პროფესიონალ სპორტსმენებში, მარათონის მორბენლებში, რომლებიც სითხის კარგვის პარალელურად იღებენ დიდი რაოდენობით წყალს. ამ დროს იქმნება ელექტროლიტური დისბალანსის საფრთხე. ნორმებს რაც შეეხება, როგორც უკვე მოგახსენეთ ინდივიდუალურია და არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ აღნიშნულ რაოდენობას.
ზოგიერთი დაავადების დროს პაციენტებს გარკვეულწილად ეზღუდებათ, თუმცა რა თქმა უნდა, არ ეკრძალებათ წყლის მიღება.
მიღებული სითხის ადექვატურობის შესაფასებლად ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ წყურვილის შეგრძნება, არ დავიზაროთ და მივიღოთ წყალი შეგრძნების გაჩენისთანავე. ასევე შეგვიძლია დავაკვირდეთ შარდის ფერსაც, თუ შარდი ღია ჩალისფერია, ეს ნიშნავს, რომ საკმარისი რაოდენობის სითხეს ვიღებთ.
სასურველია თუ არა წყლის ჩანაცვლება სხვადასხვა სითხეებით?
დღესდღეობით სამწუხაროდ მოსახლეობა მოიხმარს დიდი რაოდენობით ტკბილ გაზიან სასმელებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მიღებულ კალორაჟს, სიმსუქნის და შესაბამისად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკს. ამიტომ, სასურველია სითხე მივიღოთ წყლის და მინერალური წყლის სახით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მინერალური წყლის წილი არ უნდა აღემატებოდეს 1/3-ს.
თეონა ნოზაძე

წყალი აუცილებელია, მაგრამ ონკანში ხშირად ისეთი უსუფთაო წყალი მოდის, მისი დასალევად გამოყენება შეუძლებელია. იქნებ მოგვარდეს ეს პრობლემა და მომხმარებლებს, რომლებიც წყლის საფასურს ვიხდით, მოგვეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო სასმელი წყალი.