
წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი კომანში ერთ-ერთ განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს. ეს გახლავთ ადგილი, სადაც 407 წელს გარდაიცვალა წმინდანი. მას დედოფალ ევდოქსიასგან ბიჭვინთაში გადასახლება ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ნაწამებმა მღვდელმთავარმა იქამდე ვერ მიაღწია და კომანში აღესრულა.
გარდაცვალების წინ წმინდა იოანე ოქროპირს წმინდა ვასილისკო გამოეცხადა, განამხნევა, ამცნო, რომ დადგა მისი უფალთან წარდგომის ჟამი. წმინდა იოანემ წარმოთქვა: “მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის” და ასე მიაბარა სული მაცხოვარს.
436 წელს იმპერატორმა თეოდოსიმ კონსტანტინოპოლში წმინდა იოანეს ნეშტის გადასვენება გადაწყვიტა. მაგრამ მისი უხრწნელი სხეულის კუბოდან ამოსვენება ვერ შეძლეს. მაშინ თეოდოსიმ წერილი გაუგზავნა წმინდა იოანეს – თავისი მშობლების (იგი ევდოქსიას შვილი გახლდათ) უსამართლობის გამო შენდობას სთხოვდა. როცა წერილი გულზე დაადეს, წმინდანის სხეული უკვე დაჰყვათ და იგი ახალ კუბოში გადაასვენეს. ძველი ქვის სარკოფაგი იქვე დარჩა და მისი შეხებითაც კი იკურნებოდნენ სნეულნი.
წმინდა იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღე 27 სექტემბერია.
