13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობაწმიდა წერილი – ადამიანის სულიერი საზრდო

წმიდა წერილი – ადამიანის სულიერი საზრდო

“ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმიდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება”.

ნეტარი ავგუსტინე

ჯვარი წმიდა წერილის მნიშვნელობის შესახებ “ამბიონს” დმანისის სიონის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე ესაუბრა: “ადამიანები ღვთის სახლში მოვდივართ, რათა ვადიდოთ უფლის სახელი და მეტად დავუახლოვდეთ მას. გვწამს, რომ არსებობს ღმერთი და ის ჩვენზე აღმატებული, უპირატესი და ძლიერია. გვსურს, ეს ძალა და ენერგია ჩვენც მივიღოთ ხოლმე. შესაბამისად, უნდა გავარკვიოთ, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მასთან.

ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობა ძალზედ დიდი საიდუმლოა. მაგრამ თუ უფალი თავს არ გამოგვიცხადებდა, როგორია იგი, რა სურს, რისთვის შეგვქმნა, ვერასოდეს გავიგებდით, რა უნდა გვეკეთებინა, როგორ გვეცხოვრა, ვერ ავირჩევდით ზნეობრივ ცხოვრებას და ვერ გავაკეთებდით სწორ არჩევანს. და აი, ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ, ვინაიდან სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, ქრისტიანობა გამოირჩევა იმით, რომ ეს სარწმუნოება ღვთისგან ბოძებულ ცოდნაზეა დაფუძნებული.

წმიდა წერილი (ბიბლია) – ეს გახლავთ უფლის სიტყვის გამოცხადების შედეგი. ბიბლია ადამიანის მიერ შექმნილ ზნეობრივ კანონს, ქცევის წესებსა და რაიმე კოდექსს კი არ მოიცავს, არამედ აქ ღვთის სიტყვა და მისგან დადგენილი ჭეშმარიტებაა თავმოყრილი. არც ერთ სხვა რელიგიას არ გააჩნია ღვთისგან მონიჭებული ცოდნა და სწავლება. ის ყოველივე, რითაც ისინი ხელმძღვანელობენ, ადამიანის გონების ნაყოფია. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვმართებს ბიბლიისადმი. ეს არის წიგნი, რომლის საშუალებითაც ღმერთი გვესაუბრება.

სამწუხაროდ, ხშირად არასწორი დამოკიდებულება გაგვაჩნია ამ წიგნის მიმართ. მისი დახმარებით მხოლოდ იმის გარკვევას ვცდილობთ, თუ რა შეიძლება და რა – არა. აქ მხოლოდ ამაზე როდია საუბარი. ბიბლია უდიდესი სიბრძნეა და მისი საშუალებით ღმერთს ვესაუბრებით, რადგან მისგან თავად უფალი გვესაუბრება. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მოვუსმენთ და შევეცდებით, შევასრულოთ ის, რასაც ღმერთი მოგვიწოდებს. თუ ამ მცნებებს არ გადავუხვევთ, საბოლოო ჯამში არა მარტო წიგნიერი, არამედ შინაგანი, უხილავი ურთიერთობაც გვექნება ღმერთთან“.

როგორ უნდა მივიდეთ ღმერთთან უხილავ ურთიერთობაში?

მაცხოვარი პირდაპირ გვაძლევს ამის პასუხს: “რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე” (იოან.14:21). განვმარტოთ აღნიშნული სიტყვები: ვიცით, რომ მისი მცნებები წმიდა წერილშია მოცემული, ამიტომ ამ წიგნის კარგად შესწავლის გარეშე არათუ ღვთის სიყვარულამდე, არამედ მისი არსებობის განცდამდეც კი ვერასდროს ავმაღლდებით. შესაბამისად, მასთან უხილავი ურთიერთობაც შეუძლებელია. ვინაიდან: “სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანისცემაი” (იოან.4:24). რადგან უფალი სულია და მისი თაყვანისცემა სულით განისაზღვრება, სწორედ ამ სულის განსპეტაკებას ემსახურება მცნებები. სულის განსპეტაკების გარეშე კი უფალს ვერავინ იხილავს: “ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ” (მათ.5:8); გული ხომ სულის ცენტრია. ამრიგად, ღვთის მცნებები სულს განასპეტაკებს, განსპეტაკებული სული უფალს იხილავს, ხოლო უფლის მხილველი მის სიყვარულამდე ამაღლდება.

ამიტომაცაა, რომ ყოველი ღვთისმსახურებისას წმიდა წერილიდან იკითხება მცირე ეპიზოდი, რათა ჩავუღრმავდეთ მას და ამით ღმერთს უფრო დავუახლოვდეთ. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანისთვის საკმარისია, წმიდა წერილი სახლში, ხატების კუთხეში დადოს და თავს ქრისტიანული წესების დამცველად მიიჩნევს. თუ ამ წიგნს გადავშლით, ჩვენ თვალწინ გადაიშლება ღვთაებრივი სასწაულები, სიყვარული, მისი მზრუნველობა ჩვენდამი, თავგანწირვა, უამრავი კეთილმსახური ადამიანის ცხოვრება და რა თქმა უნდა, ის, თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის და რა უნდა ვაკეთოთ ჩვენც, რომ ისევე, როგორც იმ კეთილმსახურმა ადამიანებმა, მივაღწიოთ ღმერთთან სიახლოვეს. მაშინ წმიდა წერილი ჩვენი სულიერი საზრდო გახდება.

წმიდა მამები ამბობენ, რომ შესაძლოა წმიდა წერილის მოსმენისას ან კითხვისას გონების მოკრება ყოველთვის ვერ მოვახერხოთ, მაგრამ ერთი ეპიზოდიც რომ მოვისმინოთ, ის იმდენად შეგვძრავს, თუ იმავე დღეს არ გავითვალისწინებთ ამ სიტყვებს, შემდგომში მაინც დაგვაფიქრებს და გამოაფხიზლებს ჩვენს სულს, სინდისს და სწორ გზაზე დაგვაყენებს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ყოველდღე წავიკითხოთ ახალი აღთქმა, განსაკუთრებით სახარება, რათა ეს ყოველივე შევიმეცნოთ.

არ დაგვავიწყდეს, რომ წმიდა წერილი ღვთაებრივი გამოცხადებაა, რომელიც ღმერთთან და მოყვასთან ურთიერთობას გვასწავლის.
ამიტომ, განსაკუთრებული მოკრძალებითა და ყურადღებით უნდა ვიყოთ თითოეული სიტყვის, იგავის, დარიგების მიმართ, რათა რაც შეიძლება მეტად ვისარგებლოთ წმიდა წერილით ხელმძღვანელობისას.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები