მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა სილუან ათონელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.05.2014 | 8,725 ნახვა

“ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ საიდუმლოს იმიტომ, რომ მას ძლიერ ვუყვარვართ,” – წმ. სილუან ათონელი.

სილუან ათონელი წმიდა სილუან ათონელი (ერში – სიმონ ივანეს ძე ანტონოვი) დაიბადა ტამბოვის გუბერნიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. მუშაობდა მინდორში, მსახურობდა არმიაში. ახალგაზრდობაში ფიზიკურად ძლიერი იყო. სამხედრო სამსახური პეტერბურგში გაიარა.

იგი 1892 წელს მივიდა ათონის წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში. წმიდა მთაზე 46 წელი იცხოვრა. მონასტერში წმიდა სილუანი ეკონომოსის მორჩილებას აღასრულებდა. მის დაქვემდებარებაში იყო 200–მდე მუშა. დილით ბერი სახელოსნოებს შემოივლიდა ხოლმე და უფროს ოსტატებს მითითებებს აძლევდა, შემდეგ მიდიოდა თავის სენაკში და ლოცულობდა. ღირსი სილუანი ამბობდა: „ბერი მლოცველია მთელი სამყაროსათვის; იგი ტირის მთელ სამყაროზე და ამაში მდგომარეობს მისი მთავარი საქმე. ვინ აიძულებს მას იტიროს სამყაროსათვის? აიძულებს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა. იგი აძლევს ბერს სულიწმიდის სიყვარულს და ამ სიყვარულისაგან ბერის გული ყოველთვის მწუხარებს ხალხზე იმიტომ, რომ ყველა როდი გადარჩება. თვითონ უფალი ისე იყო დამწუხრებული ხალხზე, რომ ხალხისთვის ჯვარზე ეცვა”.

წმიდა მამა ძალიან მკაცრად ცხოვრობდა. დღე–ღამეში მხოლოდ ორი საათი ეძინა, ისიც დამჯდარს და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე საერთოდ არ ზრუნავდა. გაუფრთხილებლობით ხშირად ცივდებოდა და რევმატიზმი აწუხებდა. როგორც ათონის მთის ბევრი მოღვაწე, სხეულს არ იბანდა.

ერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბერი იყო, იღუმენს სთხოვა, დაეტოვებინა ეკონომობა და უდაბნოში დასახლებულიყო. იქ ცხოვრებისას თავი გაუცივდა და მას შემდეგ მუდამ ისე სტკიოდა, რომ ხშირად იძულებული ხდებოდა დაწოლილიყო.

ბერი მუდამ მშვიდი და კეთილმოსურნე იყო. მღვდელმონაზონი სოფრომი წერდა, რომ იგი “გაწონასწორებული და ძალდაუტანებლად სიყვარულით და რბილად ურთიერთობდა ყველასთან მათი ცხოვრების წესის მიუხედავად. იგი თვით არაწმიდად მცხოვრებ ადამიანებსაც კი არ განიკითხავდა. ბერი ხშირად ამბობდა: “ღმერთს ყველა ებრალება. ადამიანებისთვის უნდა ილოცოო”. როდესაც უთხრეს, ძნელია ილოცო ადამიანებისთვისო, მან თქვა: “რასაკვირველია, ძნელია ადამიანთათვის ლოცვა, სისხლის დანთხევის ტოლფასია…. მაგრამ უნდა ილოცო. რაც ღვთის მადლით მოგეცა, სიცოცხლის ბოლომდე უნდა აღასრულო”.

სილუანი ცხოვრობდა ისე, როგორც ცხოვრობენ კარგი ბერები: აღასრულებდა მორჩილებას,ყველაფერში იყო თავშეკავებული, მონასტრის წესებსა და დადგენილებებს ზედმიწევნით იცავდა. იგი ამბობდა: „ბრძოლის მიზეზი დევს არა გონებაში, როგორც ასეთში, არამედ სიამაყეში ჩვენი სულისა. სიამაყისგან ძლიერდება წარმოსახვების მოქმედება, მორჩილებით კი იგი წყდება. სიამაყე „იჭაჭება,“ შექმნას თავისი სამყარო, მორჩილება კი ღებულობს ცხოვრებას ღმერთისაგან”.

1938 წლის დასაწყისში სქემმონაზონი დაავადდა და მონასტრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად გაუარესდა, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში სიკვდილამდე ბერი დუმდა, არავინ არღვევდა მის სიმშვიდეს. 10 სექტემბრის საღამოს მისი მდგომარეობა საგანგაშო გახდა. მზის ჩასვლამდე მასთან მოძღვარი მივიდა, რათა სულთამბრძოლის კანონი წაეკითხა მისთვის . საწოლთან მისვლისას მოძღვარმა ბერს ჰკითხა: “როგორ გრძნობ თავს?” კარგად ვარო, მიუგო. მაშინ მოძღვარმა უთხრა: “მოვედი, რათა ერთად ვილოცოთ და ღვთისმშობლის კანონი წაგიკითხოთ …. გსურთ?” მამა სილუანმა უპასუხა: “დიახ, დიახ, გმადლობთ, ძალიან მინდოდა”. მოძღვარი კითხულობდა კანონს, ბერი კი ძალიან მშვიდად იწვა. როდესაც კითხვა დაამთავრა, სილუანმა მადლობა გადაუხადა მოძღვარს და ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მალე დილის მსახურება დაიწყო. მისი დამთავრების შემდეგ შემოსული ბერი ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც ხუცესი გარდაცვლილი დახვდა. არავის გაუგია ბერის სიკვდილი, მათაც კი, ვინც მის ახლოს იწვა. ასე წყნარად წავიდა იგი ღმერთთან. ღირსი სილუან ათონელი 1838 წელს გაურკვეველი სენით გარდაიცვალა.

გავიდა თითქმის ნახევარი საუკუნე და 1987 წლის 26 ნოემბერს მსოფლიოს პატრიარქმა, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიოსმა და მასთან ერთად თორმეტმა ბერძენმა ეპისკოპოსმა ხელი მოაწერა ღირსი მამის სილუან ათონელის წმიდანთა დასში კანონიზაციის საკითხს. მოსკოვის პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, დიდი მოღვაწის სახელი რუს წმიდანებში იქნა შეტანილი.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი