მთავარი » დღესასწაულები

წმიდა ნინო ქართულ ხალხურ ტრადიციაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.05.2016 | 9,092 ნახვა

ბევრი დაწერილა და თქმულა “ქალწულის, ქრისტეს ქადაგის და დიდი მოციქულის” – წმიდა ნინოს შესახებ, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ ფართო მსჯელობის საგანი არ გამხდარა. მათ შორისაა ქართველი ხალხის მიერ წმიდა ნინოს თაყვანისცემის საკითხი, რომელიც სხვადასხვა ასპექტს შეიცავს. წმიდა ნინო წმიდა ნინოს სახე ქართულ ხალხურ ტრადიციაში ერთი მხრივ შეგვაძლებინებს დავინახოთ თუ რას ასწავლიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის მრევლს და მეორე მხრივ, რა კუთხით იჩინა თავი ხალხის რელიგიურ ცხოვრებაში მისდამი თაყვანისცემამ. წმიდა ნინოსთან დაკავშირებული ხალხური თქმულებები ისტორიული მოვლენების კვალსაც შეიცავენ. გვესაუბრება ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი):

“ნინოობას, ჩვენს ხელთ არსებული, კახეთში შეგროვებული ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, 14(27) იანვარს აღნიშნავდნენ. თურმე მოსახლეობა ნინოობისთვის ერთი კვირით ადრე ემზადებოდა. მიდიოდნენ ბოდბეში ან სხვა ეკლესიაში და წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ. ამ დღეს ეკლესიისთვის ფულის შეწირვაც სცოდნიათ. წმიდა ნინოს სახელობის ტაძარში განსაკუთრებით ქალიშვილები მიჰყავდათ. წმიდა ნინო მათ მკურნალად ითვლებოდა: თვითონაც ხომ ქალიშვილიაო – ამბობდა ხალხი. მათივე გადმოცემით, როდესაც ეკლესიაში მისული ქალიშვილები სანთლებს დაანთებდნენ და აიაზმას აიღებდნენ, თუკი რამ აწუხებდათ ჯანმრთელდებოდნენ. როგორც ცნობილია, მცხეთის მოპირდაპირე გოლგოთის მთაზე განმარტოებულმა წმიდა ნინომ პატარა ქვაბული მოძებნა, სადაც დაივანა. იქ მისი ლოცვით წყარო აღმოცენდა. ამ წყაროს ჩვენში ოდითგან ძუძუსწყაროს ეძახიან. დედებს, რომლებსაც რძე აღარ აქვთ, ამ წყაროსთან მიდიან და იკურნებიან.

ქართლში სოფელ აღაიანის მცხოვრებთა გადმოცემით თხოთის ნინოწმიდობას 20 მაისს აღნიშნავენ, ხოლო ის, ვინც ამ დღეს სალოცავში ვერ მიდის, სწორზე, 27-ში ადის თხოთზე. ამავე სოფლის მთხრობელთა გადმოცემით, მათ მამა-პაპადან იციან, რომ მირიან მეფეს თოხეთის (ანუ თხოთის) მთაზე დაუბნელდა მზე. როდესაც მეფეს ამ ადგილზე ეკლესიის მშენებლობა დაუწყია, ხალხი მთიდან მტკვრის ხეობამდე მწკრივში ჩაუყენებია და ხელიდან ხელში გადაცემით ამოუზიდვინებია “საშენი ქვა-მასალა”. სოფელ აღაიანის ერთ ადგილს “მილხინე” ჰქვია. ხალხური გადმოცემის მიხედვით წმიდა ნინოს აქ შეუსვენია და წყალი დაულევია. ვისაც ნინოწმიდის ეკლესიაზე ასვლა არც 20 მაისს და არც მის სწორზე უხერხდება, აქ მიდის და ლოცულობს. წმიდა ნინოს სოფელ ჩინთში უზარმაზარ ლოდთან შეუსვენია. გადმოცემის მიხედვით მოციქულთა სწორს ხალხისთვის ამ ლოდიდან უქადაგია ქრისტიანობა.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, წმიდა ნინოს ხალხი ჭიაკოკონობის, თუ შეიძლება ასე ითქვას, “გაქრისტიანებას” უკავშირებს. გადმოცემის მიხედვით, თითქოსდა წმიდა ნინოს ქართლში ჭიაკოკონობის სახით ცეცხლის თაყვანისცემის ზოროასტრული წესი დახვედრია. ქართლის მოქცევის შემდეგ თუმცა ხალხი გაქრისტიანდა, მაგრამ ძველი წესი ვერ მოიშალა და დათქმულ დროს ხსენებულ წესს მაინც აღასრულებდა. რადგან ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და მოქცეული ხალხიც “უკანვე არ მიიქცესო” წმიდა ნინოს განუზრახავს ჭიაკოკონობის წესი “გაექრისტიანებინა”. საამისოდ ცეცხლზე თავად სამჯერ ჯვარედინად გადამხტარა თუ გადაუბიჯებია შემდეგი სიტყვებით: “განვედით ეშმაკეულნო! არურუ კუდიანებსა, ჯვარი აქაურობასაო!” თან ხალხისთვის უთქვამს: “ამ სახით აღასრულებდეთ მარადის და ჩვეულება ესე გქონდეთ შესაქცევრათაო”. წმიდანმა ამ წესის აღსრულება ხალხს ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების ნიშნად და მოსაგონრადაც დაუბარა.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, რომელსაც “მთის ლეგენდა” ჰქვია წმიდა ნინოს კავკასიონზე, კერძოდ ყაზბეგზე ჯვარი აუტანია და იქ აღუმართავს. ჯვრის აღმართვის შემდეგ ხალხს შორის არსებული დაპირისპირება შეწყვეტილა. “ჯვარი დღესაც იქიდან დაჰყურებს თავის ხალხს” – გვეუბნება ლეგენდა.

მნიშვნელოვანია ხევსურეთში დაცული ანდრეზი კარატის ჯვარის დაარსების შესახებ. ამ ლეგენდის თუ ანდრეზის მიხედვით ხევსურეთის პირველი ქადაგი ქალი, სახელად ნინო, ზოგიერთი ვარიანტის მიხედვით მთიბლუკი ან მინანი ყოფილა. ბავშვობაში მას ერთ ბულალაურ ვაჟთან ერთად კარატის მთაზე საქონელი უმწყემსია. ერთხელაც, უეცრად ზეციდან ხატი და შიბი ჩამოსულა. ხატი ნინოს დარჩენია, ხოლო შიბი ბულალაურ ვაჟს. ამის შემდეგ ქალი გაქადაგებულა, ქადაგი გამხდარა. ხატს თურმე იგი დაჰყავდა. მიფრინავდა ხატი, ნინო კი ფეხით მისდევდა. თუშეთშიც, კახეთშიც კი ყოფილა. ქალი წმიდად ცხოვრობდა, არც დედათა წესი ჰქონია და არც ქმარი ჰყოლია. “ყურძენი აუღავისო” – გვიამბობს ლეგენდა. პირველი ქადაგი იქვე ხატში გარდაცვლილა. მისი ცხედარი ვერ გამოუტანიათ, ამიტომ იქვე დაუკრძალავთ. გადმოცემის მიხედვით მას მერე ქადაგები მის საფლავზევე სხდებოდნენ და ისე აყენებდნენ დასტურებს.

ზ. კიკნაძე ამ ლეგენდის შესახებ ამბობს, რომ “ზღაპრული და საგმირო მოტივებისაგან გაცხრილულ ანდრეზებს იგივე მოდელი აქვთ, რაშიც ჩაბეჭდილია “ქართლის მოქცევის” ძირითადი ამბავი: ძლევის მყოფელი ჯვრის მიერ კერპების შემუსვრა და ახლად გამოჩინებული რელიგიის, ჯვრის რელიგიის დამყარება. ამ ანდრეზების დევი იგივეა, რაც “ქართლის მოქცევის” კერპი; ანდრეზებშიც ეს არსებანი ხშირად დევ-კერპებად იხსენიებიან, რაც ცხადად წარმოაჩენს ამ ტერმინთა წარმომავლობას”.

ის, რომ ანდრეზები პარალელს და საერთო ფესვებს ავლენენ “ქართლის მოქცევასთან” შემდეგში მდგომარეობს:
1. წმიდა ნინო წყაროს მიხედვით ტყვედ იწოდება. ანდრეზების ნინო იგივე მინანი ან მთიბლუკი, ხატის მიერაა დაჭერილი.
2. წმიდა ნინო იწოდება, როგორც ქადაგი. ანდრეზების გმირი ქალიც ქადაგია. მხოლოდ მისი ქადაგობა ნიშნავს არა მარტო მცნების ან სჯულის მქადაგებელს, არამედ “ჯვრის სიტყვისა და ნების გამომცხადებელს, გინა მისანს ან მკითხავს”.
3. ანდრეზის ნინო მოციქულთასწორივით წმიდაა, მხოლოდ მის სიწმინდეს უქორწინებლობასთან ერთად დედათწესის არქონა განაპირობებს.
4. ნინო-მინანს ხუცობა ანუ ღვთისმსახურება ეკრძალება, როგორც წმიდა ნინოს.
5. ნინო-მინანი მწყემსი იყო და ხატი მას სამწყემსურში ეცხადება. წმიდა ნინოსაც ჯავახეთში მწყემსებთან ყოფნისას ეცხადება იესო ქრისტე და 10 მცნებას ანუ შემდგომი მოღვაწეობის პროგრამას აძლევს.
6. წმიდა ნინოს მსგავსად ანდრეზის ნინო-მინანიც იმალებოდა და იდევნებოდა.
7. როგორც წმიდა ნინოს ქადაგებამ მისცა ბიძგი ივერიიდან ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელებას, ასევე ნინო-მინანიც მოგზაურობს. დიდოელებთანაც მიდის და იქაც ქადაგობს.
მოცემულ ნაშრომში ზურაბ კიკნაძე იმავდროულად პარალელს ავლებს “ქართლის მოქცევაში” მოთხრობილ მცხეთის ჯვრის გამოცხადებასა და მთიელთა ჯვარჩენას შორის.

მცირე ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ წმიდა ნინოსთან დაკავშირებული ხალხური რწმენა-წარმოდგენები აშკარადაა “ქართლის მოქცევის” ნარატიული წყაროს ზეგავლენით აღმოცენებული, ანუ წყარომ განაპირობა ხალხური რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება, რაც ძირითადად ეკლესიის ქადაგების გზით უნდა მომხდარიყო. არც ისაა გამორიცხული, რომ ცოდნა ისტორიული მოვლენების შესახებ ზეპირი გზიდაც გადაცემოდა თაობებს.

სხვა წმიდანების დარად ქართლის განმანათლებელი გარდაცვალების შემდგომაც დღემდე აღასრულებს კურნებას თუ სასწაულებს. თავად ქალწული შველის და ეხმარება ქალიშვილებს, შვილიერებას ანიჭებს უშვილოს და ძუძუს წყაროთი კურნავს რძედაშრობილ დედას.

7(20) მაისს, დღეს, როდესაც მცხეთის გოლგოთის მთაზე, თხოთზე, დაბა ბოდში ღვთაებრივი განგებით მოინიშნა (მოხდა თეოფანია-ჯვარჩენა) ადგილი, სადაც ჯვრები უნდა აღმართულიყო, დღეს როდესაც 354 წ. (ქართული წყაროს მიხედვით 352 წ.) იერუსალიმში ჯვარი გამოჩნდა და დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესია 13 ასურელ მამას მოიხსენიებს, ქართლში თხოთის წმიდა ნინოს დღესასწაულს აღნიშნავენ. ფაქტობრივად, იგი ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების, ჯვრის მიერ კერპების, ბოროტების, ბოროტი ძალების დამარცხების დღესასწაულია. ფაქტობრივად, ჯვრებისთვის განკუთვნილი ადგილის მონიშვნით და მათი აღმართვით, ქართლში წმიდა ნინოს მიერ არსდება ქრისტიანული სარწმუნოება, რჯული. მის მიერ საფუძველი ეყრება ეკლესიურ ცხოვრებას, ეკლესიის მოწყობასა და სტრუქტურას ლიტურგიული პრაქტიკისა და საეკლესიო თანამდებობების სახით. იგივე ჩანს კარატის ჯვრის ანდრეზშიც. ნინო-მინანი პირველი ქადაგია ანუ მთის სალოცავების ერთ-ერთი მსახური, რომელიც წმიდა ნინოს მსგავსად თავად არ იღებს ღვთისმსახურებაში მონაწილეობას, მაგრამ დადგენილი წესის მიხედვით მის საფლავზე ჯდებოდა ქადაგი და დასტურს ირჩევდა. წმიდა ნინოს მოღვაწეობის შედეგად არსდება დღესასწაულები, ნინო-მინანიც აარსებს მათ. დგამს ეკლესიას, მართავს დარბაზს, უკავშირდება ყურძნის აღებას (“აუღავის”), ანუ, ანდრეზი ხაზს უსვამს ახლად დაარსებულ რჯულში ღვინისა და ღვთისმსახურების კავშირს. იგი მქადაგებელიცაა, რაც სოფ. ჩინთში დაცული ლოდის ამბიდანაც ჩანს.

ის რომ, წმიდა ნინო რჯულის შემცვლელი, ახალი სარწმუნოების დამაარსებელია, ჭიაკოკონობასთან დაკავშირებულ გადმოცემებშიც ჩანს. იგი ზოროასტრულ ცეცხლს ანუ კერპს ჯვრის ნიშით (ჭიაკოკონობის ცეცხლზე ჯვარედინად გადახტომის წესი) აუვნებელყოფს, უწმინდურობას წმიდად ხდის, ჯვრის მეშვეობით ამარცხებს ბოროტ ძალებს. როგორც ცნობილია, ჭიაკოკონობა ვნების ოთხშაბათს, კუდიანების დღეს იმართება; ანუ დღეს, როდესაც იუდამ იესო ქრისტე გასცა. წმიდა ნინოს მიერ ჯვრის მეშვეობით კერპებისა და ბოროტების დამარცხება საინტერესო პარალელს ავლენს ანდრეზის ნინო-მინან-მთიბლუკთან. ჯვარჩენა ანუ ღვთის მიერ ნინოს პირველ ქადაგად არჩევა ხდება კარატის და არა რომელიმე სხვა ჯვარში. როგორც ცნობილია, კარატის ჯვარი კოპალასთანაა დაკავშირებული. კარატის წვერზე იახსრის ნიშიცაა. კოპალა და იახსარი კი ხევსურებისა და ფშავლებისათვის ავი და ბოროტი სულების წინააღმდეგ მებრძოლი ღვთისშვილებია. როგორც ცნობილია, მთაში შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით, ვინაიდან დევები საშინლად ერჩოდნენ და ავიწროვებდნენ ხალხს, ღმერთმა ერთმანეთის მოძმე ორ ბერს: იახსარსა და კოპალას დევებთან ბრძოლის ძალა და უნარი მისცა. მითოლოგიური გადმოცემები კოპალასაც და იახსარსაც ბერად ანუ ჩვენი აზრით წმინდა, ბერული ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანებად, შესაძლოა ღვის მსახურებადაც მოიხსენიებს. შაინტრესოა იმ გეოგრაფიული ადგილის სახელწოდება, სადაც იახსარს ფშავში საცხოვრებლად საბერო და პატარა სამლოცველო ჰქონდა. ეს არის ნინახთისა, ნინახი. ეს ტოპონიმი შესაძლოა წმიდა ნინოს სახელთან იყოს დაკავშირებული და ნინა ღვთისას ნიშნავდეს.

თავის მოკვლა ხევსურებისთვისაც, როგორც ყველა ქრისტიანისთვის, ეშმაკის საქმე იყო და ამიტომ მისი სულის დასახსნელად კარატის ხუცესს მიმართავდნენ. მაციელ-ეშმაკისაგან ხიბლში ჩაგდებულს ხევსურები კარატის დროშით აკოჭვინებდნენ. თუ მოხიბლული დროზე არ დააკოჭვინეს, ხევსურთა შეხედულებით მას ეშმაკი თავს მოაკვლევინებდა და მის სულს დაეპატრონებოდა. “ფსიქიურად დაავადებულიც კოპალას ხატში მიჰყავდათ და იქ აკოჭვინებდნენ’”. თურმე კარატის ჯვარს თუშებიც ლოცულობდნენ. კარატის ჯვარიონი ათენგენობას თუშეთში გადადიოდა და იქაც ხსენებულ ფუნქციას ასრულებდა. ასე რომ, სალოცავს, რომელიც ბოროტ, ეშმაკეულ ძალებთან მებრძოლია, თუშეთშიც დაჰყავს, დღესასწაულებსაც აარსებინებს, და რაც მთავარია რჯულის დამაარსებლად ირჩევს ნინო-მინან-მთიბლუკს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აშკარად წმიდა ნინოს, ჯვრით ბოროტების, ავი სულების, კერპების დამამხობლის, ანდრეზული სახეა.

ამგვარად, საქართველოს მთაშიც და ბარშიც ხალხისთვის წმიდა ნინო ახალი რჯულის მქადაგებელი, ჯვრით ბოროტ ძალებზე გამარჯვების, წარმართობაზე ქრისტიანობის გამარჯვების სიმბოლო და საეკლესიო წყობის, ლიტურგიული ცხოვრების დამაარსებელი წმიდანია, რომელიც, როგორც ქალწულთა, ასევე ოჯახური ბედნიერების, შვილიერების მსურველ ქალთა მფარველიცაა.

როგორც ცნობილია, სვეტიცხოვლის განძი და მათ შორის წმიდა ნინოს ჯვარი მყინვარის სამებაში ინახებოდა. “…ზეით ამისა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესუენა ნინოს ჯუარი შუენიერ ნაშენი, შუენიერ ადგილს”. დღეს, როდესაც გერგეთის სამებაში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, გამოჩნდა ტაძრის მოხატულობის ქვედა ფენა. ამ მოხატულობაში წმიდა ნინოს, რომლის ფრესკა არც თუ ბევრია საქართველოში, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.

ვიმედოვნებთ, მომავალში წმიდა ნინოსთან დაკავშირებით უფრო მეტი ეთნოლოგიური მასალის მოპოვება გახდება შესაძლებელი, რათა უკეთ ვიმსჯელოთ თუ რას ნიშნავდა მოციქულთა სწორი ქართველი ხალხისათვის, როგორ სცემდნენ მას თაყვანს და რაგვარ შეწევნას მოელოდნენ მისგან.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ლია says:

    მისი სჰეწევნა არ მოგვაკლოს გჰმერტმა.როგორც ერტხელ გააქრისტიანა საქარტველო დაე დაეხმაროს,რომ დგჰესაც ყველა ქარტველი გაქრისტიანდნენ.აგჰარა გყვავდნენ “უპატრონო ბავსჰვები” და ისეტებიც,რომლებსაც სწამტ მაგრამ “ტავისებურად”:არ არის საწჰირო ეკლესიასჰი სიაროლი და ლოცვაო.ვისურვებდი წმინდა ნინო დაეხმაროტ მატ,რომ გონზე მოვიდნენ,სანამ გვიან არ არის. ამინ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი