მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა მიხეილ ტვერელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.08.2012 | 2,266 ნახვა

კეთილმსახური მთავარი მიხეილ ტვერელი წმიდა ალექსანდრე ნეველის (ხს. 23 ნოემბერს) ძმისწული იყო. მიხეილ ტვერელი დაიბადა 1272 წელს. მამის, დიდი მთავრის -იაროსლავ იაროსლავის ძის გარდაცვალების შემდეგ მიხეილის დედამ, ქსენიამ წმიდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს კლიმენტის მიანდო.

მიხეილი ტვერის სამთავროს ტახტზე ძმას, სვიატოსლავს შეენაცვლა. წმიდა მთავრის ღვთივსათნო ცხოვრების მოშურნემ და საკუთარი ამბიციებით გონებადაბინდულმა მოსკოვის მთავარმა იურიმ ჯერ ომი დაიწყო ტვერის სამთავროს წინააღმდეგ, შემდეგ კი, დამარცხებით გაბოროტებულმა, ცილისმწამებლური ბრალდებებით ოქროს ურდოში დაასმინა წმიდა მიხეილი. განრისხებულმა ხანმა თავისთან იხმო წმიდანი. უფლის რჩეულმა არ ისურვა, ხანთან უთანასწორო ბრძოლაში რუსი მეომრების სისხლი დაეღვარა და მორჩილებით გაემართა ოქროს ურდოში, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდა. გამგზავრების წინ ის გამოემშვიდობა ოჯახს, ტვერელებს და სულიერი მოძღვრისგან – იღუმენ იოანესგან მოწამეობრივ ღვაწლზე ითხოვა კურთხევა: “მამაო, – თქვა წმიდანმა, – ბევრი ვიზრუნე ქრისტიანთა შორის სიმშვიდის დასამყარებლად, მაგრამ, ჩემი ცოდვების გამო, შინაომებს ბოლო ვერ მოვუღე. ახლა მაკურთხე, რომ თუ ხალხისთვის სისხლის დათხევა მომიხდა, მათ ოდნავ მაინც ამოისუნთქონ, მე კი ცოდვები მომიტევოს უფალმა”.

ურდოში წმიდა მთავარს ხანის ურჩობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. საპყრობილეში მიხეილი, ჩვეულებისამებრ, გამუდმებით ფსალმუნებს კითხულობდა, უფალს მადლობდა მისთვის წარმოგზავნილი სატანჯველებისათვის და წინამდებარე მოწამეობრივ ღვაწლში შემწეობას სთხოვდა. დატყვევებული წმიდა მთავარი მოთმინებით იტანდა გვემასა და შეურაცხყოფას. მას გაქცევაც შესთავაზეს, მაგრამ ნეტარმა გაბედულად უპასუხა: “სიცოცხლეში მტრებს არასდროს გავქცევივარ! მე რომ გადავრჩე, ჩემს ხალხს კი უბედურება ეწიოს, ჩემთვის რა სახელი იქნება? იყოს ნება ღვთისა!” წმიდა მიხეილს ხშირად აკითხავდნენ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები. ნეტარი ყოველ კვირას ამბობდა აღსარებას და ეზიარებოდა. ტვერელის ეკლესია ერთ საღამოს დატყვევებულ წმიდანთან მკვლელები შეიჭრნენ. მახვილით განგმირეს და გული ამოაჭრეს (+1318). იმავე ღამეს ბევრმა ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ნათლის ორი ღრუბელი იმ ადგილს, სადაც მარტვილი ესვენა. ურდოდან წმიდა მიხეილის ნეშტი მოსკოვში გადაასვენეს და კრემლის მაცხოვრის ტაძარში დაკრძალეს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1319 წელს შეიტყვეს ტვერელებმა, თუ რა ბედი ეწია მათ მთავარს. წმიდანის მეუღლის, მთავარი ანას (ხს. 2 ოქტომბერს) სურვილითა და ტვერელთა თხოვნით, ნეტარი მიხეილ ტვერელის წმიდა ნაწილები 1320 წლის 6 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქში, მის მიერვე აგებულ უფლის ფერისცვალების ტაძარში დაკრძალეს. კეთილმსახური მთავარი 1549 წელს შერაცხეს წმიდანად, 1632 წლის 24 ნოემბერს კი მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.

1911-1913 წლებში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, დიდი თავადის – მიხეილ რომანოვის ინიციატივით, თბილისში მთაწმინდაზე აშენდა მთავარი მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარი.

ორიგინალური არქიტექტურით გამორჩეული ტაძრის არსებობა თბილისში შემთხვევითი არ არის. ტაძრის წმიდანი – მიქაელ ტვერელი აღიარებულია კავკასიის მფარველ წმიდანად, ხოლო თბილისი იყო და რჩება კავკასიის ცენტრად.

ტაძარი იმითაც გამოირჩევა, რომ მისი აღმშენებლობიდან დღემდე არ შეწყვეტილა ღმრთისმსახურება. 2013 წელს ტაძარს აშენებიდან და კურთხევიდან 100 წელი შეუსრულდება.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი