მთავარი » დღესასწაულები

წმიდა გიორგი – აღმატებული წმიდანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.11.2011 | 6,302 ნახვა

წმიდა გიორგირას ნიშნავს “თეთრი გიორგი” და წმიდა გიორგის სახელობის რამდენი ეკლესიაა საქართველოში?

მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია წმიდა გიორგის დღესასწაულს წლის განმავლობაში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს, წმიდა გიორგის გარდაცვალების დღეს და 23 ნოემბერს, ბორბალზე წამების დღეს.

წმიდა გიორგის ცხოვრების შესახებ “ამბიონი” ესაუბრა მამა ამირან ამირანაშვილს.

– მამაო, წმიდა გიორგის ცხოვრებაზე გვიამბეთ.

– წმიდა გიორგი მართმადიდებლური სამყაროს, მართმადიდებლური სამოციქულო, ჩვენი კათოლიკე ეკლესიის, მსოფლიო მართმადიდებლების და ზოგადად ქრისტიანების უდიდესი წმიდანია. წმიდა გიორგი იმპერატორის კარზე მხედართმთავარი იყო. მას, როგორც ადამიანს, ყველა მონაცემი ჰქონდა იმისა, რომ ნიჭიერი და ყველაზე წარჩინებული მამაკაცი ყოფილიყო. მაგრამ წმიდა გიორგიმ ჭეშმარიტების, რწმენის და ქრისტიანობის გზა აირჩია.

მას იმპერატორი საკუთარ ტახტსაც კი სთავაზობდა. თუ გიორგი დიოკლიტიანეს ქალიშვილზე დაქორწინდებოდა, ის ბუნებრივად დიდი იმპერიის მმართველი გახდებოდა. ამით კი იმპერატორს, ქრისტიანობასთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. მაგრამ, პირიქით მოხდა. ქრისტიანობასთან ვითომდა მებრძოლი გიორგი, ქრისტიანობის დამცველ წმიდა გიორგად გადაიქცა.

ამიტომ, იმპერატორმა წმიდა გიორგის განსაცდელები მოუწყო. მისი სამაგალითოდ დასჯისათვის შეიქმნა წამების ისეთი იარაღები, რომლებსაც კაცობრიობა არც კი იცნობდა.

საოცრება ის იყო, რომ ყოველი აღსრულებული მოწამეობრივი აქტის შემდეგ, როდესაც წმიდა გიორგი ყველას სისხლისგან დაცლილი და მკვდარი ეგონა, მიდიოდნენ მასთან, ის კი აბსოლუტურად აღმდგარი და მთელი სხეულით ხვდებოდა, რაც მათ გაოცებას და აღშფოთებას იწვევდა. მაგალითად, წარმოიდგინეთ ადამიანი, ცეცხლშენთებულ დიდ ქვაბში, სადაც კუპრი თუხთუხებს. იმაში რომ ჩაუშვებენ ცოცხალ ადამიანს და გადარჩება.

გამოიგონეს საწამებელი ბორბალი, რომელზეც დანები სხვადასხვა მხარეს იყო განლაგებული. ჰაერში, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თითქმის გაშიშვლებული წმიდა გიორგი ჰყავდათ ჩამოკიდებული. დანები ქვემოდან სერავდნენ. ამ დროს სხეული სისხლისგან იცლება და ადამიანი საოცარ წამებას განიცდის. მაგრამ ყოველი ასეთი წამების შემდეგ, წმიდა გიორგის სხეული, სულთან ერთად აღმდგარი და გამთლიანებული ხვდებოდათ.

ამან გამოიწვია არა ქრისტიანობის დაკნინება, ან დასჯა, არამედ ათასობით ადამიანი მოექცა და შეუდგა ქრისტეს გზას. თითქმის ნახევარი იმპერია, ქრისტიანად მოინათლა. ამ ღვთაებრივი სასწაულებით წმიდა გიორგიმ დიოკლიტიანე და წარმართული მრავალღმერთიანობა დაამარცხა.

“ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელისაღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის”.

წმიდა გიორგისთვის არ არსებობდა არავითარი მეფური და მდიდრული. შეიძლება გაგვიკვირდეს, როგორ თქვა უარი ამხელა იმპერიაზე. მაგრამ ქრისტიანობა, დიდებისგან გასვლაა. ქრისტიანობა თავმდაბლობაა. იგი იყო მონა ღვთისა და არა მონა მეფისა და ვინმე იმპერატორისა. ყველა მართმადიდებელ ადამიანში თავმდაბლობა უნდა იყოს. წმიდა გიორგი ვაჟკაცობის, თავმდაბლობის და თავგანწირვის მაგალითი იყო. მაცხოვარმა გიორგის სახით მოგვცა უდიდესი გმირი. ადამიანი, რომელიც ეძიებდა სიკვდილს ქრისტესთვის და შეეწირა კიდევაც მას.

– მამაო, როგორც ვიცით, არსებობს “თეთრი გიორგი”, ამაზეც გვიამბეთ.

– თეთრი გიორგის სახელი წარმართული ხანიდან მოდის და იგი იყო გამარჯვებისა და ვაჟკაცობის სიმბოლო. როდესაც საქართველოში მე-4 საუკუნიდან წმიდა გიორგის ხსენების დღე დაწესდა, ქართველმა ხალხმა თეთრი გიორგის ნიშანთვისენები არ დაკარგა და იგი წმიდა გიორგიში შეირწყა.

ორი გიორგის შერწყმას, ჩვენ ფრესკებზეც ვხედავთ. ჩვენი ფრესკოლოგები და ძველი მხატვრები, თეთრ ცხენსაც კი ხატავდნენ, რომელზეც წმიდა გიორგი ამხედრებულია შუბით ხელში და განგმირავს გველეშაპს, რომელიც არის ბოროტების, ცთომილების და უარყოფითი ძალების სიმბოლო.

ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ, წმიდანების გამოსახვა სხვადასხვა ასპექტში. ის თუ როგორ არის წმიდა გიორგი გამოსახული ამხედრებულია ცხენზე თუ დგას შუბით ხელში. ჩვენ გვაქვს ასეთი ხატი, წმიდა გიორგის დამარცხებული გველეშაპი მიჰყავს ლასიის მეფის სელინიოსის ქალიშვილთან. წმიდა გიორგი იმდენად დათრგუნავს ბოროტებას, რომ გველეშაპს კი არ კლავს და განგმირავს შუბით, არამედ მასაც ჩართავს და დადებით კონტექსტში აამოქმედებს და თითქოს კარგი დაცვასავით, მომავალ დედოფალთან მიჰყავს.

აი ასეთი მიდგომაა ქრისტიანობაში წმიდა გიორგისადმი. აქ დიდი სიბრძნეა ჩადებული, ბოროტების არა მოკვდინება, არამედ ამ ბოროტების სიკეთეში გადაყვანა და დადებით კონტექსტში გამოყენება. ქართული ქრისტიანული კულტურისათვის კი ნიშანდობლივად დამახასიათებელია ასეთი მიდგომა წმიდა გიორგისადმი.

– მამაო, წმიდა გიორგის სახელობის რამდენი ტაძარია საქართველოში?

– არის ასეთი საეკლესიო გადმოცემა, რომ თითქოს, საქართველოში წმიდა გიორგის სახელობის იმდენი ტაძარია, რამდენი დღეც არის წელიწადში. მაგრამ სინამდვილეში, ალბათ, ბევრად მეტია. თითქმის ყველა სოფელშია წმიდა გიორგის ტაძარი. ისეთი სიმრავლე ეკლესიებისა, რამდენიც საქართველოშია, მსოფლიოში არც ერთ მართმადიდებულ ქვეყანაში არ არის.

– მამაო, საქართველოში ინახება წმიდა გიორგის წმიდა ნაწილები?

– ჩვენთან წმიდა გიორგი აღმატებული წმიდანია. საქართველოში მისი მუხლის თავი ინახება, როგორც წმიდა ნაწილი. ჩვენთან სიონში იყო. ახლა, მგონი საპატრიარქოში ბრძანდება, ან სამების საკათედრო ტაძარში.
ჩხარში იყო უძველესი წმიდა გიორგის ეკლესია, რომელიც ჩვენმა მეფეებმა, დასავლეთ საქართველოს ბაგრატოვანებმა ააგეს. მას შესწირეს წმიდა გიორგის ნეკი, რომელიც ინახებოდა. სულ რამდენიმე წელიწადია, რაც ეს სიწმინდე, ბათუმის ეპარქიაში გადაბრძანდა. ამაზე ჩხარელებს გული სწყდებათ. მაგრამ თუ ღმერთმა და წმიდა გიორგიმ ინება, ეს სიწმინდე ისევ დაბრუნდება ამ ტაძარში, რომელიც უკვე აღდგენილია.
წმიდა გიორგის მთელი საწამებელი იარაღების, მუზეუმებია გაკეთებული, სადაც დაცულია ჯაჭვები, ბორბალი. ძირითადი ნაწილი იტალიას აქვს. არის მომლოცველთა ნაწილი, რომლებიც მიდიან და ამ ნივთებს ეხებიან. ეს სიწმინდეები კი უდიდეს სასწაულებს აღასრულებს.

მინდა გიორგობა მივულოცო სრულიად ქრისტიანული სამყაროს, სრულიად მართმადიდებლურ სამყაროს და კერძოდ, სრულიად საქართველოს. ქართულ ეკლესიას დღეს ესოდენ სჭირდება ლოცვა. ჩვენი ეკლესია და ჩვენი მრევლი განუყოფელი და ერთსულოვანია.

წმიდა გიორგი, ღვთისმშობელი, მაცხოვარი და ჩვენი წმინდანები, ყოველთვის დაგვცქერიან და ჩვენ, როგორც მოვიქცევით და, როგორც მივმართავთ მათ, ისე აგვისრულებენ თხოვნას. ღმერთმა დალოცოს გაამთლიანოს და აღადგინოს სრულიად საქართველო.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი