20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიფოტორეპორტაჟიწმიდა ათანასეს ლავრა

წმიდა ათანასეს ლავრა

წმიდა ათანასეს ლავრა

წმიდა ათანასეს ლავრა უძველესი და ყველაზე დიდი სავანეა. ამიტომაცაა ცნობილი დიდი ლავრის სახელით. იგი ათონის მთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და წმიდა მთის მონასტრების იერარქიის სათავეში დგას. მისი დამფუძნებელი, წმიდა ათანასე ათონელი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და სათაყვანო ბერია ათონის მთაზე. მან შემოიტანა განმარტოებულ-დაყუდებულ მონაზვნობაში საერთო ცხოვრების სისტემა, კინოვიები, რაც შემდგომში სამონაზვნო ცხოვრების ძირითად წესად იქცა.

იმპერატორ რომანოზ II-ის დროს ათანასემ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები (963 წ.), რომლებიც გრძელდებოდა ნიკიფორე ფოკასა და მისი მემკვიდრეების, იმპერატორების – ციმესხისა და ბასილი II ბულგართშემმუსვრელის დროსაც. ბევრი ცნობილი თუ არაფრით გამორჩეული მოღვაწე მოდიოდა სამონაზვნო საცხოვრისის ხელმძღვანელთან მისი წმიდა კალთის ქვეშ შესაფარებლად. პირველად აშენდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი. წმიდა ათანასეს აღსრულების შემდეგ ლავრის ხელმძღვანელობა, წმიდანის ლოცვა-კურთხევით, ჩაიბარეს ივერთა მონასტრის დამაარსებლებმა – წმიდა იოანემ და პატრიციუსმა ურანუსმა.

სავანე დიდი ხნის განმავლობაში ყვაოდა. თანდათან დიდძალი შემოწირულობა დაგროვდა. ყოველწლიური ოქროს შემოწირულობის გარდა, რაც იმპერატორებმა – ფოკამ და ციმესხიმ დაადგინეს, ბასილი II-მ მონასტერს კუნძული აჩუქა. ერთი მეორის მიყოლებით გადადიოდნენ ლავრის მფლობელობაში ჰომატის, მონოქსილიტისა და ამალფიტელის მონასტრები, ამას დაემატა კალიკასი და ქსიროკასტრონი, რაც იმპერატორების – ანდრონიკე II-ისა და დიმიტრი პალეოლოგოსის (1429 წ.) სიგელებით (ხრისობულებით) არის დადასტურებული. მაგრამ მეკობრეთა თავდასხმებმა, მიწისძვრებმა, გადასახადებმა, რაც თურქებმა დაადეს მონასტერს, ლავრა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. მონასტერი საერთო ცხოვრების წესდებას XIV საუკუნემდე მისდევდა. XIV საუკუნიდან ლავრის თვითშენახვის პრინციპზე გადაყვანამ შესაბამისი ტიპიკონის დამკვიდრება გამოიწვია. 1574 წელს ალექსანდრიის პატრიარქმა სილვესტრიმ მონასტერს დაუბრუნა საერთო ცხოვრების წესდება. დაახლოებით 100 წლის შემდეგ (1670 წ.) ლავრა ისევ თვითშენახვაზე გადავიდა.

ცენტრალური ტაძარი თავდაპირველად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე იყო ნაკურთხი. XV საუკუნეში ის ხელახლა აკურთხეს, ამჯერად წმიდა ათანასე დიდის სახელზე. ტაძარი არაერთგზის გადაკეთდა, გაუჩნდა მინაშენები. ასეთი რამ დაემართა ათონის მთის ბევრ ტაძარს. წმიდა ათანასეს ტაძრის ფრესკები თეოფანე კრიტელის მოხატულია, სატრაპეზოს ფრესკები კი, სავარაუდოდ, – მისი ერთ-ერთი მოწაფისა. ლავრაში (საკუთრივ მის ტერიტორიაზე) 17 ტაძარია, ხოლო 19 ტაძარი – გარეთ. იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ანასა და კავსოკალივიას, კატუნაკიას, კარაულიას სახელგანთქმული , კესარია და სხვები, აგრეთვე ღირსი პეტრე ათონელის, ათანასეს, ნილოსის მღვიმეები ლავრას ეკუთვნის. მონასტრის უძვირფასეს განძეულობათა შორის არის უამრავი წმიდა ნაწილი.

ლავრის ბიბლიოთეკაში დაცულია დაახლოებით 2116 ხელნაწერი, 20000 ნაბეჭდი წიგნი და 100 უცხოენოვანი მანუსკრიპტი.
1963 წელს სავანემ დაარსების 1000 წლისთავი იზეიმა. 1980 წლიდან მონასტერი კვლავ საერთო ცხოვრების წესდებაზეა. მის ტერიტორიაზე 50 ბერია, ხოლო მის გარეთ – 300.

მოამზადა დეკანოზმა ლევან მათეშვილმა (ჟურნალი “კარიბჭე” № 3-8 2006 წ.)
ფოტო: დეკანოზი დავით დათუაშვილი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები