მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფ.კორხში მდებარე წმ. სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.08.2017 | 1,255 ნახვა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. კორხში მდებარე წმ.სტეფანეს(სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2017 წლის 30 ივნისი).

წმ. სტეფანეს ეკლესია

სუბ სტეფანოს ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. აშენებულია XIX ს-ის ბოლოს ტუფის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში სამ-სამი განიერი, თაღოვანი სარკმელია, დასავლეთის კედელში – ორი.

აბსიდა ჩაწერილი ნახევარწრის ფორმისაა. მის ორივე მხარეს მცირე სათავსებია. აბსიდის კამარა კიდეში გაკეთებულ მხრებსა და მათზე გადასულ თაღს ეყრდნობა. აბსიდის კედლები და კონქი სარტყლითაა გამიჯნული. აბსიდის ღერძზე ერთი სარკმელია გაჭრილი, რომლის აქეთ-იქით თითო ღრმა ნიშაა. კონქში აკუსტიკისთვის ქვევრებია ჩატანებული. საკურთხეველი ამაღლებულია, მასზე გვერდითა კიბეებითაა ასვლა შესაძლებელი. ამბიონის შუაში ჯვრის გამოსახულებიანი დეკორატიული ქვაა ჩადგმული. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით გაკეთებულ სათავსოებში თაღოვანი კარითაა შესასვლელი. მათაც თითო სარკმელი აქვთ აღმოსავლეთის კედელში. სათავსოების დასავლეთის კედელში დეკორატიული თაღია გაკეთებული, რომელიც კაპიტელებს ეყრდნობა. ტაძრის გრძივ კედლებზე სამ-სამი პილასტრია, რომლებიც კაპიტელებით სრულდება. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღებია. ამ თაღედებში სამგან ფანჯრებია გაჭრილი, დასავლეთ კიდისა კი ყრუა. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ თაღში სარკმლის ქვემოთ სანათლავია გაკეთებული. მის მოპირდაპირედ – სამხრეთ კედელში კი – ნიში. დასავლეთის კედელი ორი პილასტრითა და სამი თაღით სამ ნაწილადაა გაყოფილი. შუაში კარია გაჭრილი, მის ზემოთ კი სამრეკლოა დაშენებული. კედელზე ხის პატრონიკე იყო გაკეთებული, რომელზეც ხისავე კიბით ადიოდნენ. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. ორფერდა ხის გადახურვა უნდა ქონოდა. იატაკი ქვის ფილებითაა დაგებული, რომლის დასავლეთი ნაწილი გვედებში ერთი საფეხურით ამაღლებულია.

ტაძრის დასავლეთ კიდეში დადგმული ყოფილა სამრეკლო.

ტაძრის ფასადების მორთულობას წარმოადგენს კარისა და სარკმელთა მოჩარჩოება, დასავლეთის ფასადზე მოცემული პილასტრები და მათ მაკავშირებელი კარნიზი და დიდი რელიეფური ჯვარი. რაც შეეხება ინტერიერს, საკურთხევლის პილასტრებშია ჩადგმული ანგელოზთა გამოსახულებიანი რელიეფები, ასეთივე გამოსახულებებითა და ჯვრის რელიეფებითაა შემკული ნიშები და სანათლავი. დასავლეთის კედლის პიალსტრის ძირში ჩაშენებულია გვიანშუასაუკუნეების საფლავის ქვები რელიეფური გამოსახულებებით.

წმ. სტეფანეს ეკლესია

ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ამოკვეთილია სომხური სამშენებლო წარწერა თარიღით. კიდევ ორი სომხური წარწერა შესრულებულია სანათლავის ჯვრის გამოსაულხებებთან ერთად.

წმ. სტეფანეს ეკლესია

ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მშენებლობაში გამოუყენებიათ ადრეშუა საუკუნეების სტელა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი