ახალქალაქში, წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელში სასულიერო პირები მაგისტრატურის საფეხურს გადიან. 27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით პირველი კურსის მეოთხე შვიდეული ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ “ამბიონს” წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტი, დეკანოზი დავით დათუაშვილი ესაუბრა:

“სწავლების ამ ეტაპზე ლექციები ჩაგვიტარდა საღვთისმეტყველო დოგმატიკის საგანში, რომელსაც კითხულობდა მამა ოლეგ დავიდენკო. ლექციები ჩაგვიტარდა სამოძღვრო ღვთისმეტყველებაში, რომელსაც კითხულობდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი კისამოსა და სელინოს მიტროპოლიტი მეუფე ამფილოქე. ხოლო ქართულ ენის მართლწერაში ლექციები ჩაგვიტარა ქალბატონმა შუქია აფრიდონიძემ. ეკლესიის სამოციქულო საქმის შესახებ ლექციები წაიკითხა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ დათუაშვილმა.
გარდა ამ სალექციო კურსისა, გაიმართა კულტურული ღონისძიებები, მოწვეული გახლდათ ცნობილი კინორეჟისორი მიხეილ ბოგინი, მოეწყო მისი ფილმების ჩვენება და გაიმართა მსჯელობა მათ შესახებ, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ამ ფილმებს საფუძვლად ქრისტიანული ღირებულებები უდევს.
სწავლების შემდეგი ეტაპი- მეორე კურსის პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში გაგრძელდება.”

შეგახსენებთ, ახალქალაქში წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით 2009 წლის ბოლოს დაარსდა. სასწავლებელი განკუთვნილია სასულიერო პირებისთვის და ისინი აქ მაგისტრატურის საფეხურს გადიან. სასწავლებლის მიზანია ხელი შეუწყოს სასულიერო პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. სასწავლებლის რექტორი გახლავთ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).
