მთავარიქრისტიანობაწმ. მიქაელ პარეხელის ბრძოლა ეშმაკთან

წმ. მიქაელ პარეხელის ბრძოლა ეშმაკთან

მიძნაძორის მონასტრიდან ხანძთაში მოვიდა მეუდაბნოე ბერი მიქაელი. იგი იყო ნეტარი გრიგოლის მეგობარი და განმარტოებულ ადგილს ეძებდა. მალე იპოვა კიდეც ასეთი სამკვიდრებელი ბერთას გამოქვაბულში, წმიდა განზრახვით დაემკვიდრა აქ და კეთილად წარმართა უფლისადმი თავისი სათნოება. მაგრამ ეშმაკი გლოვობდა, რადგან ხედავდა, რომ წმიდა ადამიანთა გამრავლებით სუსტდებოდა და მიქაელს ცხადად და ფარულად აბრკოლებდა, რათა დაეტოვებინა უდაბნო. მამა მიქაელი კი დიდი მოთმინებით იტანდა დაუძინებელი მტრის ვნებებს და ეშმაკის მანქანებას და სათითაოდ არცხვენდა ქრისტესა და ყოველთა წმიდათა შეწევნით.

ერთხელ მამა მიქაელი სენაკიდან მოშორებით, მაღალ მთაზე იდგა. ამ დროს ისე გაკადნიერდა ეშმაკი, რომ დიდი ქვა გადმოაგდო სიმაღლიდან, მაგრამ ქრისტე ღმერთმა სრულიად უვნებლად დაიცვა წმიდა ბერი. მამა მიქაელი შეწუხდა ამგვარი სულიერი ბრძოლებისაგან, მოწაფე გაუგზავნა თავის სულიერი მოძღვარს – მამა გრიგოლს და აუწყა ბოროტი სულისაგან მოვლენილი ყოველი განსაცდელი. მაშინ ნეტარი გრიგოლი სასწრაფოდ მივიდა სულიერ ძმასთან და უფლის ძალით სულიერად გაამხნევა იგი.

წმიდა მამის დასაცველად და მტერთა განსატევებელად საკუთარი ხელით გააკეთა ვნებათა დამთრგუნველი ქრისტეს ბეჭედი – ორი ძელის ჯვარი. სენაკის მოშორებით აქეთ-იქით აღმართა ისინი, საზღვრად დაუწესა ბერს და ასე დაარიგა: „ქრისტეს ამ ორ ჯვარს შუა უშიშრად იყავი წმიდა სამებისა და პატიოსანი ჯვრის შეწევნით, ხოლო თუ გადაცილდები მათ, უფრო მეტად შეგებრძოლება ბოროტი“.

წმიდა მამებმა ერთად ილოცეს და შემდეგ მამა გრიგოლი უკან დაბრუნდა. ნეტარმა მიქაელმა კი სულიერი ნეტარება მოიპოვა, სიმდაბლის სათნოებით დასცა ამპარტავნების ვნება, რადგან თავისი ნებით კი არა, უფალზე მინდობით მოიყვანა შემწედ სულიერი ძმა – მამა გრიგოლი, რაზეც წმიდა წერილი ამბობს: „ძმა ძმისა შემწე ვითარცა ზღუდე დაუცემელი“ და იაკობი მოციქული გვასწავლის: „ერთი ერთისათვის ილოცევდით, რათა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვა მართლისა შეწევნად“ და ასე დაძლია ღვთის მადლით წმიდა მიქაელმა ეშმაკის ვნებები. ამის შემდეგ იგი პარეხში მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა, კეთილად აღესრულა და იქვე დაკრძალეს. აქვეა მამა ბასილის საფლავიც, რომელიც მის შემდეგ მოღვაწეობდა პარეხში. ორივეს წმიდა განსასვენებელი რწმენით მისულ ადამიანებს კურნავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები