
წმინდა ბასილი დიდის ჟამისწირვა თანამედროვე ლიტურგიკულ წელიწადში ათგზის აღესრულება – დიდი მარხვის I, II, III, IV და V კვირას, დიდ ხუთშაბათს, დიდ შაბათს, ასევე თავად წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს, 1/14 იანვარს. გარდა ამისა, ხსენებული ლიტურგია სრულდება ქრისტესშობის და ნათლისღების დღესასწაულთა წინა დღეს ან თავად ამ დღესასწაულებზე. კერძოდ, წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია ქრისტესშობის და ნათლისღების საუფლო დღესასწაულებზე ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მოიწევა კვირას ან ორშაბათს, დანარჩენ შემთხვევაში კაბადოკიელი მღვდელმთავრის ჟამისწირვა წინა დღით აღესრულება, ხოლო თავად დღესასწაულებზე წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია შესრულდება.
წმინდა ბასილი დიდის ჟამისწირვა ღრმა სულიერი შინაარსის ლოცვებით გამოირჩევა. XII საუკუნით დათარიღებულ სინურ ხელნაწერში, რომლის სათაურიც გახლავთ: „ჟამისწირვაჲ წმიდისა ბასილი მთავარეპისკოპოსისაჲ“, განსატევებელ ლოცვაში ვკითხულობთ: „მსხუერპლი ქებისაჲ და მსახურებაჲ სათნოჲ, სიტყვიერი და უსისხლოჲ შეიწირე, რომელნი გევედრებიან ყოვლითა გულითა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, კრავო, ძეო ღმრთისაო, რომელმან აიხუენ ცოდვანი სოფლისანი, ზუარაკო უბიწოო, რომელმან არა შეიწყნარე ცოდვისა იგი უღელი, დაიკალ ჩუენთვის ნებსით, რომელი დაინაწილები და არა განიყოფვი, რომელი იჭმები და არა დაილევი, ხოლო მჭამელთა განსწმედ, რომელმან აწინდელსაცა ამას დღესა ღირს მყუენ ჩუენ მოღებად შესაძრწუნებელსა საიდუმლოსა წმიდისა ხორცისა და პატიოსნისა სისხლისასა, შენვე ვითარცა მოწყალე ხარ და მწყალობელ, სულგრძელ და მრავალმოწყალე, დაგვიცვენ ჩუენ მონანი შენნი და მსახურნი და ყოველნი ერი შენი სიწმიდით…“
მასალა მოამზადა გიორგი მეტრეველმა
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი
