მთავარი » კულტურა

წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.12.2013 | 3,725 ნახვა

წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “ამბიონი” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ახლოვდება ახალი წლის დღესასწაული, რომელსაც მთელი საქართველოს მოსახლეობა აღნიშნავს. ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციად ნაძვი ჩამოყალიბდა ახალი წლის წინა პერიოდში დიდი რაოდენობით ნაძვების, სხვა წიწვოვანი სახეობების მოჭრა და მათი რეალიზაცია.

დღეიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობით ამკაცრებს კონტროლს წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აქვე შეგახსენებთ კანონით დაწესებული სანქციების შესახებ, რაც დაკავშირებულია ბუნებრივი წიწვოვანი სახეობების ახალგაზრდა ნარგავების მოჭრასა და საახალწლო ნაძვის ხეებად გამოყენების მიზნით მათ რეალიზაციასთან :

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. თუკი ქმედება ხორციელდება დაცული ტერიტორიის ფარგლებში, ჯარიმის ოდენობა იზრდება 400-დან 500 ლარამდე, ხოლო იგივე ქმედება, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო (კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე) ტრანსპორტირება აგრეთვე დასჯადია და გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, შესაძლოა, აგრეთვე სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. დასჯადია აგრეთვე ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევა და ითვალისწინებს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით.

გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის აღნიშნული ზომებისა, ხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებაც. თუკი გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

აქვე გაცნობებთ, რომ წიწვოვნების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო, საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი წიწვოვანი ნარგავების მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით; ერთის მხრივ, დაიცვან გარემო, მეორე მხრივ, თავიდან აიცილონ ის უსიამოვნო შედეგები, რაც მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას შეიძლება მოჰყვეს.

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის ბუნებას და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ ჩვენს მომავალს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს,”- ნათქვამია განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი