მთავარი » ქრისტიანობა

წირვა-ლოცვა ლონდონის ქართულ ტაძარში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.04.2011 | 5,298 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ 2011 წლის თებერვალში დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარი აკურთხა. საღმრთო ლიტურგიას, რომელიც უწმიდესმა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპისკოპოს ზენონთან და წმიდა სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად აღავნილა, ბრიტანეთში მცხოვრები 1000-ზე მეტი ქართველი დაესწრო. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ტაძრის ფუნქციონირებას ლონდონში, რამდენად ადვილია სამშობლოსაგან მოშორებით ყოფნა და როგორ ხდება რწმენის გაძლიერება ემიგრანტ ქართველებში, გვესაუბრება ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძრის მოძღვარი (ადგილისმცველი) იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე):

,,ლონდონში 2010 წლის თებერვლიდან ვმსახურობ. ტაძარი, რომელიც ახლა უკვე ქართულ ეკლესიას ეკუთვნის, მე-19 საუკუნეშია აგებული. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ღვთისნიერი ადამიანის დახმარებით გახდა შესაძლებელი მისი შესყიდვა და ქართველი მრევლის საკუთრებაში გადასვლა.

ლონდონში მყოფი ქართველების დიდი მონდომებითა და შემწეობით ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მოწესრიგდა ტაძარი, საკურთხეველში დაიდგა ახალი ტრაპეზი, გაკეთდა კანკელი, დაიწერა ხატები.

2011 წლის თებერვალში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და დელეგაციასთან ერთად ჩამობრძანდა დიდ ბრიტანეთში. აღევლინა წირვა-ლოცვა და მაცხოვრის შობის სახელზე იკურთხა ტაძარი. ამ დღესასწაულზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები. ეს ერთადერთი ქართული ტაძარია ლონდონში. აქ ყოველ შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე ტარდება მსახურება და იკრიბება მრევლი. შეიქმნა მგალობელთა გუნდი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ მართლმადიდებლობის ზეიმის დღისადმი აღვლენილ მსახურებაში მიიღო მონაწილეობა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

მამა დოროთე, რამდენად ეწყობა ხელი ამ ქართველების სამშობლოსთან სულიერ კავშირს?

მრევლთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ლონდონის გარეუბანში არის მართლმადიდებლური ბერძნული მონასტერი, სადაც რამდენჯერმე ვიყავით მოსალოცად. ხდება სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველების გაცნობა. კვირის წირვის შემდეგ ვიკრიბებით, ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ საკითხებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრევლი ჯანსაღად მოაზროვნე და საეკლესიო საკითხებში გათვითცნობიერებული იყოს. სულიერი საზრდოს მიღების გარდა, უცხოეთში მცხოვრები ადამიანები ტაძარში ყოფნით ცდილობენ ის ნოსტალგია, რაც მათ, სამშობლოდან შორს მყოფთ გააჩნიათ, შეივსონ. მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევით, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარია, მსახურებებს ვატარებთ გლაზგოშიც, რათა იქ მყოფი ქართველებიც არ მოწყდნენ სამშობლოსთან დამაკავშირებელ სულიერ ფესვებს.

ხშირი ურთიერთობა გვაქვს ქართულ საკვირაო სკოლასთან, მის ხელმძღვანელთან, ბავშვებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ მოზარდ თაობაში შეინიშნება ქართული ენის არ ცოდნა. ეს რასაკვირველია დიდი პრობლემაა. ახლახან შეხვედრა მქონდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიასთან. ვისაუბრეთ გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის ამ თემაზეც. გადაწყდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და პედაგოგებისთვის გამოვიდეს სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე, როგორც მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, ასევე სხვადასხვა საგნებში. რომლის დახმარებითაც მშობლებს შეეძლებათ სახლის პირობებშიც ასწავლონ შვილებს.

ალბათ, საკუთარი სამშობლოსგან შორს ყოფნისას გაცილებით რთულია უმთავრესი ღირებულებებისა და რწმენის შენარჩუნება…

ცხადია, ამის ფაქტებიც არსებობს. ეს უფრო პიროვნებიდან გამომდინარეობს. არიან ადამიანები, რომლებიც ტაძართან ახლოს ცხოვრობენ და სამწუხაროდ, ნაკლებად აქვთ სურვილი ტაძარში სიარულისა, იმედია, ასე არ გაგრძელდება. ბევრი კი, ტაძართან საკმაოდ მოშორებით მცხოვრებნი, მაინც ახერხებენ დაესწრონ ღვთისმსახურებას. მათი უმთავრესი სულიერი მოთხოვნილებაა არ მოწყდნენ ქართულს და შეინარჩუნონ ის ღირებულებები, რაც გადამრჩენელია ადამიანისთვის. ამ ტაძრის მეშვეობით ქართველებს შეუძლიათ თავი პატარა საქართველოში იგრძნონ.

რის გამო ვერ ბრუნდებიან საქართველოში ლონდონში მცხოვრები ქართველები?
ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც უკვე 20 წელია იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, დამკვიდრდნენ, შექმნეს ოჯახები და მიუხედავად ნოსტალგიისა მათთვის თითქმის შეუძლებელია საქართველოში დაბრუნება. არიან სტუდენტები, რომლებიც იღებენ განათლებას, ამთავრებენ სასწავლებელს და ბრუნდებიან სამშობლოში. ამ ნაკადის ცვლა მუდმივად მიმდინარეობს და ეს ბუნებრივი პროცესია.

გასათვალისწინებელია სოციალური მდგომარეობაც, მათ აქ აქვთ სტაბილური სამსახური, შემოსავალი და აქედან არჩენენ და ეხმარებიან ოჯახებს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები თავიანთი შრომით, საქმით საქართველოს გამოადგნენ, არ დაივიწყონ და დაბრუნდნენ სამშობლოში. ჩვენ ვსაუბრობთ მათთან, ვეხმარებით, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და თავად გააკეთონ არჩევანი.

თქვენთვის, როგორც მღვდელმსახურისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ლონდონის ქართულ ტაძარში მსახურება?

მეუფე ზენონმა ლონდონში მცხოვრები ქართველი სამწყსოს დამოძღვრა უწმიდესისგან მიიღო დავალებად, მე კი – მღვდელმთავრისგან. მართალია ლონდონში რელიგიური კუთხით განებივრებულნი არ ვართ, მაგრამ ეს ის მოვალეობაა, რომელიც ნებისმიერი სასულიერო პირისათვის, მრწამსიდან გამომდინარე, მთავარია. დღეს აქ მყოფი ქართველებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტაძრის არსებობა და წირვა-ლოცვის აღვლენა, რადგანაც მრევლი ნაკლებად განიცდის სულიერ უკმარისობას.

ჩვენ, უფალზე მინდობილნი, საქართველოსაგან მოშორებით მყოფნი, დიდი იმედითა და შემართებით ვართ, რომ ადამიანებს იმ სულიერ კომფორტს შევუქმნით, რაც აქ ძალიან საჭიროა გამძლეობისათვის და რასაც აქამდე მოკლებულნი იყვნენ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი