მთავარი » ქრისტიანობა

წინასწარმეტყველება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.12.2017 | 1,795 ნახვა

წინასწარმეტყველნი

გვესაუბრება არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი): დმანისის სიონი “წინასწარმეტყველნი ღვთისგან რჩეული ადამიანები არიან, ხოლო ამდაგვარი მდგომარების მიღწევა ადამიანის ნებელობაზე როდია დამოკიდებული, არამედ – ღვთისგან მოწოდებასა და გამორჩეულობაზე. აქედან გამომდინარე, ვერც ერთი ადამიანი ვერ გახდება წინასწარმეტყველი ღმერთის ნების გარეშე.

რას მოიცავს წინასწარმეტყველობის არსი? რა ნიშნით ხდება მათი გამორჩევა? არიან თუ არა ისინი დღესაც? აი, ამ საკითხებზე გვმართებს პასუხების გაცემა.

წინასწარმეტყველები, როგორც ავღნიშნეთ, ღვთისგან გამორჩეული ადამიანები არიან, ხოლო მათი საშუალებით ღმერთი თავის სამწყსოს საკუთარი ნებას აუწყებს. გამორჩეულობის ნიშნად ყოველ მათგანს უფლის სიტყვის გამოცხადება მოჰყავს: ესაია – “სიტყვა რომელიც იხილა ესაიამ” (ეს.2:1); იერემია – “იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი” (იერ.1:4) და სხვანიც მსგავსად ამისა. ხოლო წინასწარმეტყველ ეზეკიელს ცრუწინასწარმეტყველობის უმთავრეს ნიშნებს უცხადებს უფალი: “ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი, არამზადა წინასწარმეტყველთ, რომელნიც თავიანთ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ… ამბობდით: უფლის სიტყვააო, მე კი არ მითქვამს” (ეზეკ.13). როგორც ვხედავთ, უფლის სიტყვის გამოცხადების გარეშე ვერავინ იწინასწარმეტყველებს.

ამრიგად, წინასწარმეტყველება ადამიანის მონდომებაზე არ არის დამოკიდებული, ამ მსახურებისათვის გარკვეული პიროვნული და სულიერი თვისებებია აუცილებელი. ამგვარ თვისებებში უპირველესად მოიაზრება: უბრალოება, ღვთისადმი დიდი რწმენა, სიწმინდე და უმთავრესი პირობა – თავმდაბლობა. სწორედ ღმერთიც ამგვარ ადამიანებს გამოირჩევდა ხოლმე ძველი აღთქმის პერიოდში და მათი საშუალებით ცდილობდა ებრაელ ხალხთან ურთიერთობას.

მაგრამ თუ დავუკვირდებით ვნახავთ, რომ დღეს ღმერთი ამგვარ ადამიანებს აღარ გამოარჩევს. ახალი აღთქმის წმინდათა დასში წინასწარმეტყველები არც კი გვყვავს მოხსენიებულნი. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველთა მსახურების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ადამიანებისადმი მესიის – ქრისტეს მოსვლისა და მისი მეუფების შესახებ ცოდნის გადმოცემაა. ხოლო მას შემდეგ, რაც ქრისტემ თავისი მოვლინებით აღნიშნული წინასწარმეტყველება განახორციელა, წინასწარმეტყველობის საჭიროება უკვე აღარ არსებობს.

თავისი მოვლინებით ქრისტემ არა მხოლოდ აღნიშნული წინასწარმეტყველება განახორციელა, არამედ მისი მეორედ მოსვლის შესახებ წინასწარი ცნობა მოგვცა. თავად ღვთის სიტყვა იქნა მოვლინებული, შესაბამისად, განა შეიძლება, რომ ღვთის სიტყვაზე უფრო უკეთ გამოეთქვა მის მეორედ მოსვლაზე? ამიტომ ქრისტეს შემდეგ მისი მეორედ მოსვლის შესახებ რაიმე ცნობების დაზუსტება ან ახალი ცნობების მიღება ადამიანთათვის, რასაკვირველია, შეუძლებელია. რადგან თუკი მანამდე ღმერთი ადამიანებს გამოარჩევდა, რათა მხსნელის მოსვლა ეუწყებინა, ახლა, როდესაც უკვე მხსნელი მოსულია, მან თავად განაცხადა მისი მეორედ მოსვლის შესახებ.

მართალია, ქრისტეს შემდეგ მისივე გამოცხადების შედეგად იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისი დაიწერა, მაგრამ ეს ფაქტი ერთადერთია და განუმეორებელი. აი, რას ამბობს პავლე მოციქული ახალი აღთქმის გამოცხადებაზე: “მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაისწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაისკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თვისისა, რომელი-იგი დაადგინა მკვიდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი” (ებრ.1:1-2). ქრისტეს მიწიერი ცხოვრების შემდეგ გამოცხადების ღირსი მხოლოდ მისი საყვარელი მოწაფე, ღვთისმშობლის შვილად მოწოდებული, მეოთხე სახარების შემდგენელი და ეკლესიისაგან ღვთისმეტყველად წოდებული იოანე გახდა.

ასევე განსაკუთრებული სახის გამორჩეულობა მიაკუთვნა ქრისტემ პავლე მოციქულსაც, რომელიც მაცხოვრის უშუალო მოწაფე არ იყო და მაინც მოციქულად იწოდება, რადგან იგი შემდეგნაირად ამოწმებს თავის მოციქულობას: “არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა?” (1კორ.9:1). მას მიწიერი ცხოვრების დროს არ უხილავს უფალი, არამედ – გამოცხადებით, თუმცა ის მოციქული გახდა. იესოს მოწაფეთა გარდა მოციქულად არავინ იწოდება, მხოლოდ – წმიდა პავლე და ისიც ამ გამოცხადების გამო. ასევე იოანე, მართალია, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს წარმოთქმულ სიტყვებს არ წერს, მაგრამ მასაც ჰქონდა “გამოცხადებაი იესუ ქრისტესი” (გამოცხ.1:1).

ამიტომ იოანე ღვთისმეტყველისადმი ქრისტესაგან გამოცხადება წმიდა ეკლესიამ ახალი აღთქმის საღვთო წიგნთა ჩამონათვალში შეიტანა. ეს ახალი აღთქმის ერთადერთი წინასწარმეტყველური წიგნია, რაც იმას მიანიშნებს, რომ ახალი გამოცხადება აღარ უნდა ვეძებოთ, რადგან ეკლესია წმიდა წერილის რაოდენობის გადახედვას – შემცირებას ან დამატებას არასოდეს მოახდენს. ხოლო ეკლესიაში სულიწმიდის მოქმედება წმიდა წერილის განმარტებაში და არა რაღაც ახლის შემოტანაში მდგომარეობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი წინასწარმეტყველი ღვთის ხმა და საყვირია, ხოლო იესო ქრისტე – თავად ღვთის სიტყვა, მაშინ მის შემდეგ აღარ იარსებებს ამგვარი გამოცხადებები. არამედ მან სული ღვთისა მოავლინა: ,,ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაი, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველივე და მოგახსენოს თქუენ ყოველივე, რაოდენი გარქუ თქუენ” (იოან. 14:26). ანუ ის, რაც ქრისტემ უკვე გვაუწყა. სულიწმიდამ კი უნდა შეგვახსენოს, განგვამტკიცოს და განგვაცდევინოს ღვთის სიტყვის სიღრმე და მადლმოსილება.

სულიწმიდის გარეშე ეკლესია ვერ იარსებებს, მაგრამ ახალ აღთქმაში ღვთის სიტყვას თუნდაც სულიწმიდის მოქმედებით ახალი ვეღარ დაემატება, რადგან ერთია მათი ნება და მოქმედება და ერთნი არიან სამებაში: მამა, ძე და სულიწმიდა. ხოლო ღვთის სიტყვა – ქრისტე ამბობს: ,,ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავის იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან (მარკ.13:32). ასევე ნათლად მიგვანიშნებს, რომ ,,აჰა, ესერა, წინაისწარ გითხარ თქუენ ყოველივე” (მარკ.13:23).

აქედან გამომდინარე, საინტერესო ხდება, რამდენად მართებულია თანამედროვეობაში წინასწარმეტყველთა არსებობა? ამაზე წმიდა წერილი გვპასუხობს: ,,რამეთუ ყოველნი წინაისწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაისწარმეტყუელებდეს” (მათ.11:13). იმავეს ამოწმებს წმიდა პავლე მოციქულიც: ,,მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაისწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაისკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თვისისა, რომელი-იგი დაადგინა მკვიდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი” (ებრ.1:1-2). ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების არსი მხსნელის მოსვლა და მისი მეუფების შესახებ უწყება იყო, ახალ აღთქმაში სამყაროს აღსასრული და მისი მეორედ მოსვლა. ამის შესახებ კი თავად მაცხოვარი გვაწვდის საჭირო ცოდნას.

ამიტომ, ქრისტეს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული მოვლენებისა და თარიღების დადგინების ყოველგვარი დაზუსტების მცდელობა წინასწარმეტყველობის ამბიცია და პრეტენზიაა. ეს კი მიუღებელია.
აქვე არ უნდა გამოგვეპაროს ახალი აღთქმისეული წინასწარმეტყველობის მსახურება, რაზეც თავად წმიდა წერილი გვაუწყებს: ,,და რომელნიმე დაადგინა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ წინაისწარმეტყუელნი, მესამედ მოძღვარნი; მერმე ძალნი; მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, წარმატებანი, თესლად-თესლადი ენათაი” (1კორ.12:28)”. როგორც ვხედავთ, მოციქულებს მრავალგვარი მსახურების ნიჭი მიენიჭათ, მათ შორის წინასწარმეტყველებისაც. მაგრამ ეს მსახურება არ არის ის, რამაც ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ უნდა გვაუწყოს, არამედ აქ უფრო სამოძღვრო, რწმენაში განმამტკიცებელი და უახლოესი მოვლენებისადმი გადმოცემის ჭვრეტითი მსახურებაა, რათა ქრისტეს ეკლესია გაძლიერდეს და განმტკიცდეს. ამის შესახებ თავად წმიდა წერილი მოწმობს: ,,იუდაცა და შილა, რამეთუ იგინიცა წინაისწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყვითა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს” (საქ.15:32). წმინდათა დასში წინასწარმეტყველად არც ერთი მათგანი არ მოიხსენიება.
შესაბამისად, რაც არ უნდა დიდი იყოს წმიდა მამა მრავალგვარი სულიერი ნიჭითა და მადლმოსილებით, წმიდა ეკლესიისაგან წინასწარმეტყველის სტატუსი მაინც არ ენიჭება. მართლაც, თუკი გადავხედავთ მათ შემოქმედებას, ვერც ერთ მათგანთან ვერ ვნახავთ ამა თუ იმ თარიღისა და პიროვნების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას, თვით იოანეს აპოკალიფსისიც კი, რომელიც წინასწარმეტყველური წიგნია, დღესაც არ არის ზედმიწევნით განმარტებული. ეს არის წიგნი, რომელმაც აღსრულების შემდეგ უფრო მეტი უნდა გვაუწყოს, ვიდრე წინასწარ. აქ ვერ ვნახავთ გამოცხადების განმარტებას, რადგან წმიდა იოანე მხოლოდ გამოცხადების არსს გადმოსცემს, მაგრამ მის განმარტებას არ გვთავაზობს.

ამიტომ, ყოველი პიროვნება ვინც არ უნდა იყოს იგი, ეკლესიის გამორჩეული მოღვაწე თუ, მით უმეტეს, მის გარეთ მყოფი პიროვნება თუკი ესქატოლოგიურ საკითხების დაკონკრეტებსა და დაზუსტებას ცდილობს, წინასწარმეტყველობის ვნებით არის შეპყრობილი. რადგან ვიცით, რომ ამგვარი მსახურება არ არსებობს ახალ აღთქმაში. მართალია, ანტიქრისტეს მოსვლის პერიოდი დროის გასვლასთან ერთად ახლოვდება, შეიძლება გარკვეული ნიშნებიც ემთხვევა, მტკიცე პირობებიც არსებობს, მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი იმის თქმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ ვინმე წინასწარმეტყველი შეიძლება მოავლინოს ღმერთმა. მას რომ ნდომებოდა ამდაგვარი მსახურება, აუცილებლად წინასწარ გვაუწყებდა. არა, იგი პირდაპირ ამბობს ,,მღვიძარე იყვენითო, რამეთუ არა იცით ჟამი” და გვეტყოდა: მე მოვავლენ ასეთ პიროვნებასო. ასე იყო იოანე ნათლისმცემელი ქრისტეს მოვლინებამდე. მის შესახებ წინასწარმეტყველები ამბობენ: ,,აჰა, ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა” (მალ.3:1); ,,ხმაი მღაღადებელისაი უდაბნოსა, განჰმზადენით გზანი უფლისანი, და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი” (ეს.40:3). საკმაოდ დიდი ინფორმაცია გვაქვს წმიდა წერილიდან და უფრო მეტად დაწვრილმანება და დამატებითი ინფორმაციის გადმოცემა, როგორც ვხედავთ, ღმერთის განგებულებაში არ თავსდება.

ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს ახალ აღთქმაში ცრუწინასწარმეტყველთა მხილების საჭიროება, ეს ქრისტესგან კაცობრიობის ცდომილებისაგან დაცვის მცდელობაა: ,,ეკრძალენით ცრუწინაისწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ” (მათ.7:15).”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი