მთავარი » კულტურა

წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.05.2011 | 3,673 ნახვა

“იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია. მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი. ეს სასწაულია და მეტსაც გეტყვი, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება,” – ეს სიტყვები გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთ პერსონაჟს ეკუთვნის, კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა…
წიგნის ფესტივალი
ქართველები, ზოგადად, წიგნის მოყვარულ ერად ვითვლებით. მრავალფეროვანი საოჯახო ბიბლიოთეკები, საგვარეულოში ლეგენდებად ქცეული ისტორიები წიგნების შეძენა-შეგროვებისა… ჯერ კიდევ ყავლგაუსვლელი ფასეულობა – წიგნიერება ცოტას როდი ნიშნავს.

კაცობრიობა თავის ბედს წიგნში წერს და თვითონვეა მისი მკითხველი…

ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბარი საქართველოში წიგნის მიმართ ინტერესის შემცირებაზე. ბჭობენ მიზეზებზე, ეძებენ “დამნაშავეებს” … ხან კომპიუტერს აბრალებენ, ხან – მწერლებს, ხან – მოსახლეობის ეკონომიკურ სიდუხჭირეს… იშველიებენ სხვადასხვა გამოკითხვისა და კვლევის შედეგებს… მაგრამ ვინც დღეს ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონს ესტუმრებოდა, ადვილად დარწმუნდებოდა, რომ სულაც არ არის ასეთი საგანგაშო მდგომარეობა. წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალს გახსნის დღესვე უამრავი ადამიანი ეწვია.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამვრცელებელთა საზოგადოების, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებულ გამოფენაში მონაწილეობას წელს 70 გამომცემლობა იღებს. ქართულ გამომცემლობებთან ერთად თავიანთი წიგნები წარმოადგინეს ირანის საელჩომ, გოეთეს ინსტიტუტმა, პოლონეთის მხატვრული წიგნების მუზეუმმა. ამ უკანასკნელმა ვირტუალური გამომცემლობა “ვირგამ”-ის ელექტრონული წიგნები წარმოადგინა. აქ ნებისმიერი თემატიკის ლიტერატურის ნახვა და ყიდვაა შესაძლებელი – დაწყებული საბავშვო ლიტერატურით და დამთავრებული მსოფლიო კლასიკოსებითა და თანამედროვე ქართველი მწერლებით. თითოეული გამომცემლობა მკითხველს 10-50% ფასდაკლებებს სთავაზობს. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს რამდენიმე სიახლეცაა.

წიგნინინო გოგნიაშვილი (გამოფენის ორგანიზატორი): “წელს წარმოდგენილი გამომცემლობების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ქართულია, თუმცა მონაწილეობს რამდენიმე უცხოური გამომცემლობაც. წლევანდელ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არის საავტორო სტენდები, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ეს არის ქარჩხაძის, სულაკაურის, პალიტრა L-ის გამომცემლობები. ასევე, სიახლეა ასეთი დიდი ფასდაკლებებიც. გარდა ამისა, ამ ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილია ოცამდე პრეზენტაცია სხვადასხვა წიგნისა.”

ერთ-ერთი ასეთი პრეზენტაცია დღეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მოაწყო. ქართულ-შვედური კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ახალი საბავშვო წიგნი გამოიცა, რომელიც ორი ქვეყნის ილუსტრატორებისა და მწერლების მიერაა შექმნილი. შვედეთის მხარის მიერ დაფინანსებული პროექტი 2009 წელს დაიწყო და წიგნის მაღაზიებში ყიდვა სულ მალე იქნება შესაძლებელი. საფესტივალო დღეებში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა თავის სტენდთან მწერლებს შორის დიალოგებსაც გამართავს.

ბაკურ სულაკაური (გამომცემელი): “ჩვენი მიზანია, რომ მწერლები და მკითხველები ერთმანეთს შეხვდნენ. იმედი გვაქვს, დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია და ამ ოთხი დღის განმავლობაში ეს იქნება ადგილი, სადაც მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ერთმანეთს გაიცნობენ და ისაუბრებენ.”

განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა პალიტრა L-ის სტენდთან. მან წიგნის მოყვარულებს მართლაც გრანდიოზული ფასდაკლებები შესთავაზა ყველა თემატიკის ლიტერატურაზე, ამიტომ მყიდველიც ყველაზე დატვირთული სწორედ ამ სტენდიდან მიდიოდა.

მარიკა ხვედელიძე (გამოფენის სტუმარი): “დიდი ხანი ველოდი ფესტივალის გახსნას, რადგან ეს არის კარგი შესაძლებლობა, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო ნებისმიერი სახის ლიტერატურა. ცოტა მოულოდნელიც კი იყო წიგნების ასეთი მრავალფეროვნება. იმდენად მომეწონა წარმოდგენილი წიგნები, რომ ყველას შეძენა მომინდა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მაგრამ მაინც საკმაოდ დატვირთული მივდივარ ფესტივალიდან. ძირითადად საბავშვო ლიტერატურა შევიძინე შვილისათვის.”

წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი 29 მაისამდე გაგრძელდება და წიგნის კიდევ არაერთ მოყვარულს ელის.

იმედია, მკითხველთა ასეთი აქტიურობა მხოლოდ კითხვის “მოდაში შემოსვლის” დამსახურება არაა. ყველა წიგნი, რომელიც ამ დღეებში გაიყიდება, მხოლოდ საოჯახო ბიბლიოთეკის დასამშვენებლად არ დარჩება და ერთხელ მაინც წაიკითხავს პატრონი. მაგრამ თუ ამდენი ადამიანი მხოლოდ მოდის აყოლის გამო ეწვია გამოფენას, ამაშიც შეგვიძლია საიმედო დავინახოთ. ასე უფრო დიდი შანსია, რომ ერთხელ მაინც წასცდეს ხელი და წაიკითხოს. მერე იქნებ მოეწონოს და გააგრძელოს კიდეც კითხვა. მოდას აყოლილებს კი ჯეიმს ერლის სიტყვებს შევახსენებთ: “წიგნის დანიშნულება ის კი არ არის, რომ ვინმეზე ჭკვიანი გამოვჩნდეთ, არამედ ის, რომ გავიგოთ, რას გვეუბნება იგი”.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი