მთავარისხვადასხვაწიგნების გამოცემა და წიგნებით ვაჭრობა საქართველოში

წიგნების გამოცემა და წიგნებით ვაჭრობა საქართველოში

პროექტის “Book Platform“ ფარგლებში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ და ადგილობრივმა კონსულტანტებმა გიორგი საბანაძემ და თამარ ჯანაშიამ შეიმუშავეს საქართველოს წიგნის ბაზარზე მოქმედი გამომცემლობების, book platform გამავრცელებლებისა და მაღაზიების კვლევის გეგმა.

კვლევა ორი მიმართულებით ჩატარდა: 1. სხვადასხვა ადგილობრივ ინსტიტუციაში არსებული მონაცემების შეგროვება (მაგ. ეროვნული ბიბლიოთეკა, სტატისტიკის დეპარტამენტი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და ა. შ.); 2. პირადი ინტერვიუების ორი სხვადასხვა სერია წიგნის გამომცემლებთან და გამავრცელებლებთან/წიგნის მაღაზიებთან. წიგნის გამომცემელთა კვლევის კითხვარი შემუშავდა პროექტის ზოგადი მიმართულებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა მომხდარიყო კონკრეტული ინფორმაციის მოგროვება წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასების, არსებული პრობლემების დადგენის, წიგნის ბაზრის შემდგომი განვითარებისა და მკითხველთა ბაზის გაფართოების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისათვის.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 34-მა გამომცემლობამ, მათ შორის თითქმის ყველა ბაზრის ლიდერმა და რამდენიმე მცირე ზომის კომპანიამაც. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოხერხდა ყველა კომპანიასთან დაკავშირება: ზოგიერთმა უარი განაცხადა ინტერვიუზე, ზოგმა კი თქვა, რომ არაფერი გამოუქვეყნებია ბოლო წლების განმავლობაში და სავარაუდოდ, მომავალი 1-2 წლის განმავლობაშიც არაფერს გამოაქვეყნებდა.

კვლევაში მონაწილეობა სამმა სადიტრიბუციო კომპანიამ და თორმეტმა წიგნის მაღაზიამ (სულ 15 კომპანია) მიიღო. ყველა ეს კომპანია საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარეობს. ზოგიერთი მათგანი ქვეყნის მასშტაბით, ზოგი კი მხოლოდ ადგილობრივ დონეზე მუშაობს. კვლევაში მონაწილეობაზე უარის რაოდენობა წიგნის გამომცემელ კომპანიებთან შედარებით საკმაოდ დაბალი იყო. კვლევაში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ სამმა კომპანიამ განაცხადა. ზოგიერთ მათგანთან უბრალოდ ვერ მოხერხდა დაკავშირება.

სწორედ ამ კვლევის შედეგების საჯარო განხილვა 2014 წლის 24 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიბერთის ელექტრონულ დარბაზში გაიმართა. ავტორებმა კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიაზე, ტექნიკურ მხარესა და სტატისტიკის სუსტ მხარეებზე ისაუბრეს. პრობლემატურ მხარეს წარმოადგენდა გამომცემლობების მხრიდან უნდობლობის ფაქტორი, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის სრულყოფილი სურათის დახატვას.

ქართული საგამომცემლო ბიზნესის წინამდებარე კვლევის მთავარი გამოწვევაა ამ სფეროში მოქმედ კომპანიებს, მათი საქმიანობის შესახებ, ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის სასარგებლო მხარეები დაანახოს. მსგავსი რამის წარმატებით გაკეთება საკმაოდ რთულია, თუ გავითვალისწინებთ წიგნის ბაზრისა და წიგნის კულტურის ანალიზის სფეროში არსებულ ძლიერ საერთაშორისო სტანდარტებსა და ნიშნულებს.

არ არსებობს გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა ან სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნებოდა მკითხველთა ბაზის, წიგნის კლუბების განვითარების, გამომცემლობების სუბსიდირებისკენ. book platform გამომცემლების ფინანსური მხარდაჭერის ძირითად წყაროს (განსაკუთრებით თარგმნილი წიგნების შემთხვევაში) სხვადასხვა საერთაშორისო ფონდი ან კულტურული ინსტიტუტი (გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო და ა. შ.) წარმოადგენს.

ქართველი გამომცემლების უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა წიგნები ბავშვებისა და მოზარდებისთვის (28%) და მხატვრული ლიტერატურა (26%). ასევე, დიდი ყურადღება ექცევა სასკოლო სახელმძღვანელოებს, რომლებიც წელიწადში ერთხელ იბეჭდება და რამდენიმე გამომცემლობისთვის მთავარ და ერთადერთ პროდუქტს წარმოადგენს. სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემული რაოდენობა წელიწადში რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს. ისინი ძირითადად წიგნის ბაზრობების ან სკოლებში ვიზიტების დროს ბითუმად მოვაჭრეების მიერ იყიდება.

რეალურად გავრცელებული/გაყიდული წიგნების კატეგორიებად დაყოფისას 43% ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილ წიგნებზე მოდის. შემდეგი კატეგორიებია მხატვრული ლიტერატურა (27%), არაბელეტრისტიკა (18%) და სკოლის წიგნები (7%). ყველაზე მცირე წილი სამეცნიერო წიგნების გავრცელება/გაყიდვას ეკუთვნის.

გამომცემლობების მიერ გამოშვებული პროდუქციის გაყიდვების თითქმის 90% პირდაპირ წიგნის მაღაზიების (51%) ან ბითუმად მოვაჭრეების (38%) საშუალებით ხორციელდება. წიგნების ონლაინ გაყიდვები საერთო რეალიზაციების მხოლოდ დაახლოებით ერთ პროცენტს შეადგენს.

ამ კვლევაში მნიშვნელოვანია ელექტრონული წიგნების როლიც, ვინაიდან ელექტრონული კომერცია და ელექტრონული წიგნები კვლევის „კავკასიის ბარომეტრის“ მიხედვით, რომელსაც კავკასიის სამივე ქვეყანაში კავკასიის კვლევების რესურსების ცენტრი ყოველწლიურად ატარებს, ჩანს, რომ ინტერნეტსა და მის მომსახურებაზე წვდომა საქართველოში პერსონალური კომპიუტერების მფლობელთა შორის თანდათანობით მატულობს. თუმცა იმ ოჯახების რიცხვი, სადაც პერსონალური კომპიუტერები აქვთ, ჯერ კიდევ მცირე რჩება, რაც ძნელს ხდის წიგნებზე კონცენტრირებული ელექტრონული პროდუქციისა და კომერციისთვის ამ ბაზარზე შეღწევას. მიუხედავად ამისა, მომხმარებლის მხრიდან ონლაინ შესყიდვებთან დაკავშირებული ქცევის ბოლოდროინდელი განვითარება შესაძლოა კარგი შესაძლებლობა იყოს წიგნის მკითხველთა წრის ონლაინ გაყიდვების საშუალებით გაფართოების სტრატეგიის დაგეგმვის ან ტექსტების ელექტრონულ საკითხავ მოწყობილობაზე ჩამოტვირთვისთვის (ჯერ კიდევ საჭიროებს ქართული ტექსტების უნივერსალურად გამოყენებადი ფორმატის შექმნა).

2011 წელს 90%-ს აქვს წვდომა ინტერნეტზე, 2010 წელს – 85%-ს, 2009 წელს – 87%-ს, 2008 წელს კი -74%-ს.
2012 წელს ქართულმა გამომცემლობებმა 1,425 ელექტრონული წიგნი გაყიდეს. კვლევის 32 მონაწილიდან თითქმის ნახევარი აპირებს 2013 წლიდან დაიწყოს ელექტრონული წიგნების გამოშვება.

სწორედ „online“ წიგნებმა გამოიწვია დისკუსია დარბაზში. გამომცემლების თქმით, ბევრად მეტი ელექტრონული წიგნი გამოიცა, ვიდრე ცნობარში იყო მოცემული. გიორგი საბანაძემ კი აღნიშნა, რომ ეს არ არის ძირითადი ტენდენციის მაჩვენებელი, ეს არის საბაზისო, რომელსაც უნდა მოჰყვეს სერიოზული ჩაღრმავებული კვლევა.

წიგნების გამოცემის მოცულობა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რაც ასევე აისახა გამომცემლობების ფინანსური ბრუნვების ზრდაზეც. აქვე უნდა ითქვას, რომ 2007-2012 წლებში წიგნის საშუალო ფასმა ოდნავ დაიწია.

შარშან „პალიტრა“ ბაზრის აბსოლუტური ლიდერი გახდა (28%) მას შემდეგ, რაც ახალი მასტიმულირებელი სტრატეგია დანერგა და წიგნების უფასოდ ან ძალიან დაბალ ფასად თავისივე გამოცემული გაზეთებისა და ჟურნალების დამატებად გავრცელება დაიწყო. მას მოსდევენ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ (19%), „დიოგენე“ (14%) და „ელფი“ (1%). მომწოდებლების 38%-ს ჯამურად სხვა კომპანიები შეადგენენ.

პრეზენტაციის დასასრულს თავისი მოსაზრება დააფიქსირა ოლივერ რაისნერმა -ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში:

“ეს პროექტი ხორციელდება ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის კულტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში და ერთ-ერთი მიზანი ამ პროგრამისა არის კულტურული სექტორის განვითარება, როგორც ეკონომიკური სექტორის ნაწილი. ეს დასაწყისია და ამის ცოდნა დაგვეხმარება რეალურ ცვლილებებში, რათა კავშირი ბაზარსა და კულტურას შორის უფრო გაცნობიერებული უნდა იყოს“.

გამომცემლის, ბატონი მამუკა ხანთაძის აზრი კვლევასთან დაკავშირებით:

“იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი მცდელობა იყო, შესრულდა ძალიან კარგად. მომავლისთვის ჩვენც და მკვლევარებიც შეცდომებს გავითვალისწინებთ. ვისურვებდი, რომ მსგავსი კვლევები ყოველწლიურად ჩატარდეს და მიიღოს რეგულარული ხასიათი“.

კვლევის შედეგად, საქართველოში არსებული წიგნის ბაზრის საინტერესო სურათი დაიხატა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოტენციური მონაწილის მხრიდან ასეთი კვლევების მიმართ მომავალში ნდობა გაიზარდოს.

თამარ ქარდავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები