22 ივლისი 2024, ორშაბათი
მთავარისაზოგადოებაჭერემი - 25 მცხოვრები სოფელში და 100-მდე დაკეტილი სახლი...

ჭერემი – 25 მცხოვრები სოფელში და 100-მდე დაკეტილი სახლი…

ჭერემი – უდიდესი ისტორიის მქონე სოფელი 20 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უამინდობისა და მდინარე ჭერმისხევის ადიდების გამო სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ხშირად იკეტება და მოსახლეობა გარესამყაროს წყდება. სოფელში ჭირს სატელეფონო კავშირის დამყარებაც.

სოფლის პრობლემების შესახებ „ამბიონს“ თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ჭერემი
გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი ესაუბრა, რომელიც ჭერემს თსუ–ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტებთან ერთად ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

გიორგი დვალაშვილი: “სოფელი ჭერემი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყველაზე მაღლა მდებარეა, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გურჯაანიდან 28 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ცენტრალური გზიდან სოფლამდე მანძილი 18 კმ.-ია.

სოფელი ჭერემი მე-5 საუკუნის მე-2 ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა, რის შემდეგაც ტახტის მემკვიდრეს დაჩის უბოძა. ამავე პერიოდში დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქია და ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. 1984 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭერემში ვახტანგ გორგასლის სასახლის კომპლექსის ნანგრევები აღმოაჩინა, რომელიც ისტორიკოსების შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია.

სოფელში დღემდეა შემორჩენილი მე-5 საუკუნის სხვა ძეგლებიც. მათ შორის წმ. ბარბარეს ეკლესია, ამავე პერიოდის წვეროდაბლის წმ.გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები. აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის სახელობის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის დაზიანებული კედელი დიდი ხანია რკინის კონსტრუქციას უჭირავს და აუცილებელია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. მისასალმებელია, რომ მე-16 საუკუნით დათარიღებულ წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას ახლახან რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ადგილობრივ ძეგლებს შორის, ყველაზე კარგად გამოიყურება.

მდინარე ჭერმისხევი (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ღვარცოფულად აქტიურია. როგორც სოფლის მაცხოვრებლები იხსენებენ, ჯერ კიდევ 1940 წელს მდინარე ჭერმისხევზე ღვარცოფს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეუწირავს, პატარა ბავშვები აკვნიანადაც გაუტაცია… მოსალოდნელი საფრთხის მიმართ თადარიგი ჯეროვანი არ გახლდა. ღვარცოფული პროცესები და სხვა სტიქიური მოვლენები იყო ამ სოფლის დაცარიელების და მოსახლეობის აქედან სხვა ადგილებში გადასახლების ერთ–ერთი მიზეზი.

ჭერმის ხეობა

სოფელი ჭერემი, სადაც მე-20 საუკუნის 40-იან წლებში 450-მდე ოჯახი ცხოვრობდა, 50–იან წლების დასაწყისში თითქმის მთლიანად დაიცალა. მოსახლეობა უმეტესად – გარდაბნის სოფელ გამარჯვებაში გადასახლდა, აგრეთვე მახლობელ სოფლებში: კალაურში, ვაჩნაძიანსა და ველისციხეშიც დასახლდნენ. 80-იან წლებში 150 ოჯახამდე უკან დაბრუნებულა. იმ დროს ხორციელდებოდა მაღალმთიანი სოფლებისთვის საინტერესო პროგრამა ,,მთას დაუბრუნდა მთიელი“, რა დროსაც ჭერემში აშენებულა ბევრი სახელმწიფო დაწესებულების შენობა: სკოლა, კულტსახლი, კინოს სახლი და ისინი დღემდეა შემორჩენილი.

დღეს სოფელ ჭერემში 25 ადამიანი ცხოვრობს. მათგან რამდენიმეა ახალგაზრდა. სკოლაში 3 მოსწავლე სწავლობს: მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში. თუ მომავალ წელს ამ მოსწავლეების მშობლებიც სხვა სოფელში გადასახლდნენ, სკოლა შეიძლება საერთოდ დაიხუროს. სოფელში დაახლოებით 100-მდე სახლი დაკეტილია. გადასახლებულთა ნაწილი სოფელში ამა თუ იმ დღესასწაულზე ჩადის.

ჭერმისხევის აუზში, მის მარჯვენა შენაკადის თხლისწყლის ხეობაში 10 ჰექტრის ფართობის მქონე წყალსაცავი, რომელიც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაპროექტდა, ბოლო წლების განმავლობაში წყალსაცავის ბეტონის დამბა განიცდიდა სერიოზულ დაზიანებას. ეს წყალსაცავი და მდინარე ჭერმის ხევი, საზოგადოების თვალთახედვის არეში 4 წლის უკან მოექცა, როცა გავრცელდა დასკვნა, რომ ძლიერი წყალდიდობის დროს წყალსაცავის მნიშვნელოვანი დაზიანება მოხდებოდა, რაც გამოიწვევდა უზარმაზარი წყლის ნაკადის ხეობაში წამოსვლასა და რამდენიმე სოფლის სერიოზულ დაზარალებას. წყლადიდობის შიშით მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს წყალსაცავი მთლიანად დაცალეს წყლისაგან, ამ დროს დიდი რაოდენობით თევზის მოპოვებაც მოხდა. ეკო კლუბი ჭერემში დღეისათვის წყალსაცავი მხოლოდ ნახევრად არის შევსებული წყლით, დიდი ნაწილი შლამითაა დაფარული და თავის ფუნქციას ისევ არ ასრულებს. წყალსაცავი დაპროექტებული იქნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების სარწყავი სისტემების გამართულად ფუნქციონირებისათვის.

ცენტრალური გადასახვევიდან სოფლამდე მისასვლელი 18 კილომეტრიანი გზა კარგად არის მოხრეშილი, მაგრამ ადგილობრივების თქმით, ეს გზა ინტენსიურად განიცდის დაზიანებას. ასევე, ჭერმის ხეობაში მდინარეზე ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში იგეგმებოდა ხიდის აგება, რაც დღემდე ვერ მოხერხდა. სოფელში გადასაადგილებლად კი მდინარეზე გასვლა გიხდება. როცა წყლის დონე დაბალ ნიშნულზეა, გავლა კიდევ შეიძლება, მაგრამ 1 საათიანი წვიმის შემდეგაც კი სოფელი გარესამყაროს წყდება. ჭერემში შემორჩენილია ელექტროგადაცემის ბოძები და ღვარცოფს, რომელიც წელიწადში რამდენჯერმეა, უზარმაზარი ქვაღორღი მოაქვს, რამაც სრულიად გაანადგურა დენის გადამცემი ბოძები. სოფელი განათების გარეშეა დარჩენილი, რაც ძალზე აქტუალური პრობლემაა მოსახლეობისთვის.“

გეოგრაფ გიორგი დვალაშვილის თქმით, ჭერემში ტურიზმის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს, ვინაიდან სოფელში არსებული ისტორიული ძეგლები თუ ბუნების პეიზაჟები მის სავიზიტო ბარათად შეიძლება იქცეს.

თეონა ნოზაძე

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის თსუ-ეკო კლუბის დამფუძნებელს, გეოგრაფიის სტუდენტს გიორგი გულიაშვილს

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები