მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
“საკუთარი ნამდვილი „მეს“ ძიებაში ჩვენ, შესაძლოა, არა მხოლოდ მოგვწყინდეს (რის შესახებაც მე გესაუბრებოდით), არამედ შეგვიპყროს საშინელების, თვით სასოწარკვეთილების გრძნობამდეც კი. სულის ამგვარი სიშიშვლე გვაფხიზლებს; მაშინ ლოცვის დაწყებაც შეგვიძლია. პირველი, რასაც თავი უნდა ავარიდოთ, არის სიცრუე ღვთის წინაშე; ვფიქრობთ, რომ ეს სრულიად ნათელია, და მაინც, ყოველთვის როდი ვიქცევით ასე. ვისაუბროთ უფალთან გულახდილად, ვუთხრათ, ვინც ვართ; არა იმიტომ, რომ მან არ იცის ამის შესახებ; მაგრამ ერთი საქმეა იმ ფაქტის მიღება, რომ ვიღაც ჩვენმა მოყვარულმა იცის ჩვენს შესახებ, და სულ სხვაა, გამოიჩინო მამაცობა და ჭეშმარიტი სიყვარული ამ პიროვნების მიმართ, რათა სიმართლე უთხრა მას და ყველაფერი უამბო საკუთარ თავზე. გულახდილად ვაღიაროთ უფალთან, რომ თავს უხერხულად ვგრძნობთ, როდესაც ამრიგად ვდგავართ მის წინაშე, რომ არ გვაქვს ჭეშმარიტი სურვილი მასთან შეხვედრისა, რომ დავიღალეთ და ძილი გვირჩევნია. მაგრამ, ამასთან ერთად, ვუფრთხილდეთ თვითნებობას ანდა უბრალოდ კადნიერებას მის წინაშე – ის ჩვენი ღმერთია. ყოველივე ამის შემდეგ კარგი იქნებოდა, სიხარულით დავრჩენილიყავით მასთან მყოფობაში, როგორც ძლიერ მოსიყვარულე ადამიანებთან, რომლებთანაც გულწრფელი სიახლოვე გვაკავშირებს. ჩვენ არ განვიცდით ისეთ სიხარულსა და სიახლოვეს ღმერთთან, რომ უბრალოდ, ვისხდეთ და ვუყუროთ უფალს და ამით ბედნიერნი ვიყოთ. და თუ გვიხდება საუბარი, დაე, იგი გულწრფელი იყოს. მივანდოთ ჩვენი ყოველგვარი საზრუნავი ღმერთს, ვუამბოთ მას ყველაფერი ისე, რომ მან ჩვენს შესახებ ჩვენგანვე შეიტყოს, მივანდოთ მზრუნველობა ჩვენს საზრუნავზე. ახლა, როდესაც იგი ჩვენზე ზრუნავს, სადარდებელი აღარაფერი გვაქვს: თავისუფლად შეგვიძლია ვიფიქროთ მასზე.
ნათელია, რომ ამ კვირის სავარჯიშო იმაში მდგომარეობს, რომ შეუერთო იგი მომდევნო კვირის სავარჯიშოს; ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ღვთის წინაშე დააყენო და ისწავლო, ღმერთს მიანდო ყველა შენი საზრუნავი; იმისათვის, რომ ამაში შეწევნა მიიღო, ყოველდღიურად უნდა გაიმეორო მარტივი და კონკრეტული ლოცვა: “დამეხმარე, ღმერთო, დავივიწყო ყველა საზრუნავი და მთელი ჩემი აზრები მხოლოდ შენსკენ მოვმართო”.
სანამ უპასუხოდ დარჩენილ ლოცვებზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა ვთხოვო ღმერთს, რომ განმანათლოს მეც და თქვენც, რამეთუ ეს რთული და, ამავე დროს, ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი თემაა. ეს ერთ-ერთი უდიდესი განსაცდელთაგანია, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება შეემთხვას და რომლის გამოც დამწყებთაც და თვით ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც ლოცვის გამოცდილება აქვთ, ძალიან უჭირთ ლოცვა. ასე ხშირად ლოცულობენ ადამიანები და ეჩვენებათ, რომ ცარიელ ზეცას მიმართავენ.”
