
ვარძიის ანსამბლის ღირებულება მნიშვნელოვნად განისაზღვრება „ღვთისმშობლის მიძინების“ ტაძარში არსებული უნიკალური ფრესკებით. ტაძრის შედარებით მომცრო დარბაზში ორ–სამ რეგისტრადაა განლაგებული ჩვიდმეტი კომპოზიცია, აქედან თოთხმეტი მიძღვნილია ქრისტეს ცხოვრების ცსენებისადმი, ერთზე გამოსახულია ტაძრის მფარველი ღვთისმშობელი, ორზე ტაძრის მაშენებელი – ქტიტორები.
ქტიტორმა, ერისთავთ–ერისთავმა რატი სურამელმა მოიწვია ტაძრის მოხატვის საპასუხისმგებლო სამუშაოზე ნიჭიერი მხატვარი გიორგი, ფერმწერთა ჯგუფით. გიორგის სახელი მიმალულია საკურთხევლის კონქის მხატვრობაში, ღვთისმშობლის გამოსახულების ქვემოთ, სადაც მცენარეული ორნამენტის ხვეულებში შეწიაღებულია მხატვრის დაქარაგმებული სახელის ორი ასო „გჲ“, ე.ი. „გიორგი“.
იესო ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებს მხატვარი ათავსებს თანმიმდევრობით, სახარების თანახმად.
აღმოსავლეთის ნიშში წარმოდგენილნი არიან მთელი სიმაღლით თამარ მეფე და მეფე გიორგი III, შესატყვისი წარწერებით: „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე შვილი გიორგისა თამარ, რომელი მრავალჟამეულობსმცა“ და „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე გიორგი, ძე დემეტრე მეფეთა მეფისაჲ“.
ჯერ კიდევ მთლად ახალგაზრდა თამარი მამის გვერდით დგას, მას ხელთ უპყრია ეკლესიის მოდელი – ქტიტორის ამგვარი გამოსახულება ტრადიციულია ფრესკულ მხატვრობაში.
თამარი საზეიმო სამოსელშია. მის თავს ამკობს გვირგვინი, მოოჭვილი მცირე მარგალიტებით, მარგალიტის საკიდებითა და მსხვილი ძვირფასი ქვებით. ყურებს უმკობს ოქროსფერი საყურეები მარგალიტებით. მუქი თმის კულულები დაწნულია. ყელზე შავი ბაფთი, ასევე მარგალიტით შემკული, დიდი ალისფერი ლალით ცენტრში. თამარის სამოსელი მარგალიტითაა მოქარგული, სამხრე და ლორონი, რომლის ნაწილი ხელზეა გადაგდებული, თეთრი ფერისაა. სამხრეზე კარგად ჩანს მოოქვრა, ძვირფასი ქვების გამოხატულება და ფაქიზი ორნამენტის კვალი. სამოსელს ავსებს მჭახე წითელი წაღები.
ხელოვნებით შესრულებულ ამ პორტრეტში მთავარია თამარის სახე: სათუთი, მომრგვალო, ნუშისებრი შავი თვალებითა და მოგრძო შეზრდილი წარბებით. მხატვარმა გვიჩვენა არა მხოლოდ სილამაზე მეფისა, არამედ აგრეთვე მისი ადამიანური მიმზიდველობა. პორტრეტი გამოირჩევა ნათელი ტონების სინაზით.
გიორგი III, ისევე როგორც თამარი, საზეიმო სამოსელშია. გადაჯვარედინებული ლორონი მარცხენა ხელზეა გადაგდებული. გვირგვინი და სარტყელი ძვირფასი ქვებითაა შემკული. გრძელი, მოწითალო ფერის კაბა მდიდრულადაა ორნამენტირებული. წაღების ფერი, ახლა უკვე ჩამუწებული, როგორც ჩანს, მოოქროსფერო იყო. გიორგი მეფის სახეს მიხაკისფერი ელფერი დაჰკრავს ნამზეურის ფერისა და განსხვავდება თამარის ნათელი ტონის სახისა და ხელებისგან.
ჩრდილოეთის კედლის დასავლეთის ნიშში მოთავსებულია ერისთავის რატი სურამელის პორტრეტი. მას ნიშის თითქმის მთელი სიმაღლე უჭირავს.
მთავრი ყურადღება გიორგი მხატვარმა მიაქცია საკურთხევლის კონქის მოხატვას. ცენტრში ვარსკვლავებით მოჭედილი ლურჯი ცის არეზე წარმოდგენილია დიდი კომპოზიცია ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც მარცხენა მუხლზე ყრმა უზის, მის აქეთ–იქით მთავარანგელოზებია მიქაელი და გაბრიელი. ფიგურების ფერწერაში მხატვარმა გადმოსცა ხაზგასმული საზეიმო იერი და მონუმენტურობა, ფერთა ჰარმონიული შეხამება, კონქის ქვემოთ აბსიდში გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი ტრადიციული სამოსელით, გაშლილი გრაგნილებით ხელში.

კამარის სამხრეთის კალთის აღმოსავლეთის ნაწილში „ხარების“ სცენაა. კამარის სამხრეთის კალთის დასავლეთის ნაწილში, ლურჯ არეზე წარმოდგენილია „ქრისტეს შობა“, დასავლეთს კედლის ლუნეტში ორი დაზიანებული კომპოზიციაა – „მირქმა“ და „ნათლისღება“. კამარის ჩრდილოეთის კალთაზე მოცემულია – „ფერისცვალება“ და „ლაზარეს აღდგინება“; კამარის ქვემო ნაწილში, მის სამხრეთის კალთაზე გამოსახულია „იერუსალიმში შესვლა“; ჩრდილოეთის კალთის დასავლეთის ნაწილში მოთავსებულია „საიდუმლო სერობა“, ასევე არქიტექტურულ არზე. თამარ მეფისა და გიორგი III პორტრეტების ზემოთ წარმოდგენილია „ფერხთა ბანა“, სამხრეთის კედელზე „ჯვარცმის“ კომპოზიციაა, დასავლეთისკენ კი კარიბჭიდან შემოსასვლელის ზემოთ – „ჯოჯოხეთის წარტყვევნა“. ამ კომპოზიციების არე დიდრონი ვარსკვლავებით მოფენილი ცაა.
კედლის მარცხენა ნაწილში მოცემულია „ამაღლების“ სცენა. ქრისტეს, ღვთისმშობლისა და ანგელოზების სახეებზე აღბეჭდილია არაჩვეულებრივი სიმშვიდე. „ამაღლების“ გვერდით წარმოდგენილია „სულიწმინდის მოფენა“. მის შემდეგ კი „ღვთისმშობლის მიძინების“ სცენა.
წმიდანთა გამოსახულებანი მოცემულია პილასტრებზე, საყრდენ თაღზე და სამხრეთის კედლის ორი სარკმლის ღიადებში, ორ სხვა სარკმელში წმიდა მხედრებია. ამავე კედელზეა ორი მესვეტე.
კარიბჭეში ჩრდილოეთის კედლის დიდი ფართობი და დასავლეთის ნაწილი უკავია „დღე განკითხვის“ მონუმეტურ კომპოზიციას. იქვეა მოცეული სცენა „წიაღი აბრაამისა“. კარიბჭის კამარის ცენტრშია „ჯვრის ამაღლება“, იგი სიმბოლურად სცვლის „ქრისტეს ამაღლებას“, რომლის სახელი აქ მოცემულია დაქარაგმებული ბერძნული ასოებით.
„ჯვრის ამაღლების“ გვერდით კამარაზე მოთავსებულია სამი სცენა წმ.სტეფანეს ცხოვრებიდან. კარიბჭის კონქში მოცემულია დეისუსის კომპოზიცია. კარიბჭის კომპოზიციები შესრულებულია გიორგი მხატვრისა და ფერმწერთა ჯგუფის მიერ წერის განსხვავებული მანერით, თუმცა ისეთივე მაღალი ოსტატობით, როგორც თვით ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
ვარძიის თვალწარმტაცი ფრესკების შესრულების წლები შეიძლება დიდი სიზუსტით განისაზღვროს თამარ მეფის პორტრეტის წყალობით. პორტრეტის წარწერის მიხედვით, გიორგი მხატვარმა ტაძარი მოხატა მეფე გიორგი III გარდაცვალებისა – 1184 წლისა და თამარის დაქორწინების – 1186 წლის შორის.
ვარძიის ტაძრის მხატვრობა ქართული მონუმენტური ფერწერის შესანიშნავი ძეგლია.
მოამზადა თეონა ნოზაძემ
წყარო: გივი გაფრინდაშვილი – “ვარძია” გამომცემლობა “ავრორა”, პეტერბურგი, 1975 წ.

Vardziashi samwuxarod dzalian bevr freskebze aris somxurad miwerili xelmowerebi,romelic vnaxe pirvelad 70-shi,da isev iyo 78-shic.yvela freskebi unda agsdges!!!aris ulamazesi da gulshi chamwdomi Gvtismshoblis freska!!!