მთავარიკულტურავაჟა-ფშაველას 150 წელი შეუსრულდა!

ვაჟა-ფშაველას 150 წელი შეუსრულდა!

26 ივლისს, ძველი სტილით კი 14 ივლისს ვაჟა–ფშაველას (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის) 150 წლის იუბილეა. ქართველ პოეტი 150 წლის გახდა.

ვაჟა ფშაველა8 წლამდე ფშავში, სოფ. ჩარგალში (ჩარგალშია პოეტის სახლ-მუზეუმი) მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლესა და დედის – ბარბალე ფხიკელაშვილის ოჯახში იზრდებოდა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 წლებში — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879 წლიდან – გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა.

1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადი მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვრის ოჯახში შინამასწავლებლად, შემდეგ კი – დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888 წლიდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების “იდუმალი ენის” წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალის – ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, “უთვალავ ფერთა” მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი.

ვაჟას მაგიდაპოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდენციები, რომლებსაც ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა “მიწისა” და “ცის” — რეალისტურისა და რომანტიკულის ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში: “მთას ვიყავ”, “სიტყვა ეული”, “ნუგეში მგოსნისა”, “სიმღერა”; ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში: “ფიქრები”, “ვეფხისტყაოსნის” შესახებ და სხვა.
პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილში “გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით”.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს პირველქმნილი სიხალასე სავსებით შენარჩუნებული აქვს. პოეტისათვის მშვენიერება სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაშია განფენილი. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია.

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური. მისი პოემებია: “მოხუცის ნათქვამი”, “გოგოთურ და აფშინა”, “ალუდა ქეთელაური” , “ბახტრიონი”, “სტუმარ-მასპინძელი”, “ივანე კოტორაშვილის ამბავი”, “სისხლის ძიება”, “გველისმჭამელი” და სხვები…

ჩარგალიმან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს. ამასთან სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ.

ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — “სტუმარ-მასპინძელი”, ალუდა — “ალუდა ქუთელაური”). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავგანწირული სახალხო გმირები (“ბახტრიონი”). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში ვერ თავსდება (ზვიადაური, ალუდა).

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა.

მის მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები: “ფშავლები”, “ფშავლების ცხოვრებიდან”, “ხევსურები”, “ლაშქრობა”, “ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით”, “ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” და სხვები.

“ცივილიზებულ” სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა, გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე (პუბლიცისტური წერილები: “ფიქრები”, “რამე-რუმე მთისა”, “თიანური ფელეტონები”, 1901, “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”, “შავბნელი ამბები”).

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა. ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად გამოიცა. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე.

მისი ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია დაძაბულმა ფიზიკურმა და შემოქმედებითმა ცხოვრებამ. იგი 1915 წელს თბილისში, წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში (დღევანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში) ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

პოეტი თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 20 წლის შემდეგ კი მისმა ნათლულმა, დიდმა ქართველმა მწერალმა გიორგი ლეონიძემ და “ცისფერყანწელებმა” მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.

ვაჟა ფშაველა, 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 14 ივლისს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მისმა თაყვანისმცემლებმა, პოეტებმა, მწერლებმა, ლიტერატურისა და ქართული კულტურის მოყვარულებმა გაიხსენეს. როგორც ცნობილია, პოეტის ოფიციალური საიუბილეო ღონისძიების გამართვა შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.

ქეთი ჭელიძე

8 COMMENTS

  1. ერს რომელსაც ასეთი დონის პოეტი ჰყავს, უფრო მეტი აზროვნება მოეთხოვება ვიდრე დღეს აქვს.
    მე მცხვენია, როდესაც ჩემს სამშობლოში ქვეყნის უმაღლესი პირი, ქვეყანას ასე ანტისახელმწიფოებრივად და ანტიეროვნულად ექცევა და ზოგიერთები კიდევ ტაშს უკრავენ.

  2. არამგონია საქართველოს ნდომებოდა ასეთი ვაჟკაცი კაცის დაკარგვა

  3. გამრჯობათ მე მინდა ამ საიტზე დარეგისტრილება

  4. მარი დარეგისტრირება არ არის საჭირო, უბრალოდ ყოველდღე უნდა შემოხვიდე, წაიკითხო სტატიები და მერე შენი აზრი გამოთქვა კომენტარებში. ,,ამბიონი” ჩვენი ჟურნალია.

  5. vaja fshavela aramxolod udidesi mwerali iyo aramed udidesi pirovnebac romelic qartvelebs mudam emaxsovrebat

  6. ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება ამქვეყნიური სილამაზის თავდავიწყებულ აპოლოგიას წარმოადგენს.მან საკუთარი კილო შემოიტანა ქართულ მწერლობაში.ის იყო საქართველოზე,ქართველობაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი და ამ სიყვარულს ყველგან და ყოველთვის ყველას უანგაროდ უნაწილებდა.

  7. ეეჰ, ვაჟაზე ისეთი ღონისძიება გავაკეთე შარშან ჩემს მოსწავლეებთან და უწმინდურმა დიმიტრი შაშკინმა სხვას მისცა ის მასალები და ჩემი მოსწავლეები პირში ჩალაგამოვლებული დამიტოვა ! მიტომაც სჭირს კაი დღე! ბღეორს თვალით არ ექნებოდა ნანახი ისეთი ალბომი შევქმენი. ქუთაისის განათლების კომისიას უტირია შემოწმებაზე ისეთი ნამუშევარი მქონდა ხალხო !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები