მთავარი » პოპულარული

უწმიდესმა ქართველ ერს სიყვარულისკენ მოუწოდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.08.2011 | 2,275 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. 2 აგვისტო, ამავდროულად, წმიდა ილია მართლის ხსენებისა და პატრიარქის ანგელოზის დღეა. პატრიარქი

წმიდა სინოდის წევრებმა მთელი ქართველი ერის სახელით უწმიდესს დღევანდელი დღე მიულოცეს და მადლობა გახაუხადეს ქრისტეს ერთგულებისათვის, საქართველოს სიყვარულისათვის, თითოეულ ადამიანში რწმენის აღდგინებისა და იმედის ჩასახვისათვის.

კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სრულიად საქართველოს გულთბილი მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და ქართველებს ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდა.

“დიდება და მადლობა უფალს, მადლობა თქვენ სიყვარულისათვის, მოთმინებისათვის, სულგრძელებისათვის. აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს, აუცილებლად გაბრწყინდება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, შევეჯიბროთ ერთმანეთს, თქვენ უფრო გიყვარვართ თუ მე უფრო მიყვარხართ. ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ.”ბრძანა პატრიარქმა.

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ უწმიდესმა, წმიდა სინოდის წევრებთან ერთად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმიდა ილია მართლის საფლავზე, პარაკლისი გადაიხადა. მან სანთლები აანთო ოლღა ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ზვიად გამსახურდიას საფლავებზეც.

მოგვიანებით, ლოცვა აღევლინა ელიას მთაზეც, სადაც სამონატრო კომპლექსი უნდა აშენდეს. პატრიარქს ანგელოზის დღე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმაც მიულოცა და უწმიდესობას სულიერი სიმშვიდე, ჯანმრთელობა უსურვა.

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხილია წმიდანად, სახელით – წმიდა ილია მართალი. მან სიცოცხლეშივე მოიპოვა ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება. ეკლესიამ კი ილია მართლის ხსენების დღედ 2 აგვისტო დააწესა.

წინასწარმეტყველი ელია(ილია) თეზბიტელი ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველია ლევიტელთა ტომიდან, რომელიც ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინათ ცხოვრობდა. ზედწოდება „თეზბიტელი“ მისი მშობლიური ქალაქის – თეზბას სახელიდან მომდინარეობს. მან სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს.

ელიაობას განსაკუთრებულად დედოფლისწყაროში აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაული წირვა აღევლინა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში, რომელიც VI საუკუნით თარიღდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი