მთავარი » ქრისტიანობა

უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.12.2011 | 2,197 ნახვა

1988 წელი, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, პირველად აღვლენილი საზეიმო წირვის შემდგომ

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!

ვარძია დავით წინასწარმეტყველს აქვს სიტყვები: “დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. მართლაც, დიდია უფალი და მისი საქმეების ახსნა არავის შეუძლია. დღევანდელი წირვაც ამ წმიდა ტაძარში, მისი მადლი და წყალობაა. ეს დღე შევა არა მარტო ქართული ეკლესიის, არამედ ქართველი ერის ისტორიაშიც, როგორც განსაკუთრებული დღე. ამდენი ხნის დუმილის შემდეგ აქ კვლავ აღდგა ქართული წირვა-ლოცვა. უპირველესად, მინდა გავიხსენო ქტიტორნი ამ წმიდა ტაძრისა მთელი სავანისა, დიდნი მეფენი; გიორგი III და თამარი. აგრეთვე, ვახსენო ერისთავთ-ერისთავი რატი სურამელი, რომლის ინიციატივითა და სახსრებით მოიხატა ეს ეკლესია.

საუკუნეების განმავლობაში ეს იყო უწმიდესი ადგილი საქართველოსთვის. ქართველები ცდილობდნენ ღმერთთან დაახლოებას და ამიტომაც აშენებდნენ ტაძრებსა და ციხე-კოშკებს მაღალ ადგილებში, კლდეებზე. თამარ მეფემ სწორედ აქ შევაედრა ბასიანის ბრძოლაში მიმავალი ქართველთ ლაშქარი ვარძიის ღვთისმშობლის ხატს. ფეხშიშველი და თვალცრემლიანი ლოცულობდა იგი და უფალმა მისცა მას გამარჯვება. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია.

ჩვენმა ერმა ჯერ კიდევ I საუკუნეში აირჩია ქრისტეს გზა, ხოლო IV საუკუნეში წმიდა ნინოს ღვაწლით მთელი ერი გაქრისტიანდა. ქართველ ხალხს არასოდეს უღალატია მისთვის. სიყვარულით ქართველი ადამიანი ენათესავებოდა ქრისტეს. მოციქულმა იოანემ თქვა, ღმერთი არის სიყვარულიო და აი, ამით ენათესავებოდა ქართველი ღმერთს. სიყვარული ჩვენში დღესაც არის, რაც გვაძლევს იმედსა და რწმენას, რომ ჩვენი ერი მუდამ ქრისტიანი იქნება. ქრისტეს გზა ვიწრო და ეკლიანია, მაგრამ ეს არის ყველაზე საიმედო გზა გადარჩენისა. ჩვენზე დიდი ერები არსებობდნენ, მაგრამ აღარ არიან, საქართველო კი არის და მუდამ იქნება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი! – ადამიანის სულის ამამღლებელი ძალა. დღეს წარმოუდგენელია ის განსაცდელი, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა ამას. რომში პაპთან ჩემი შეხვედრისას მან აღნიშნა, საქართველოს რა მძიმე გეოგრაფიული მდებარეობა უჭირავს. იგი მუსულმანთა ალყაშია მოქცეულიო. ამიტომ იდგა ჩვენი ერი მუდამ ენის, რწმენისა და მამულის სადარაჯოს. ამასვე ამბობდა წმიდა ილია მართალი, რომელიც წინაპრებისამებრ, ენის რწმენისა და მამულის დაცვისაკენ მოუწოდებდა ხალხს. ეს საკითხი დღესაც აქტუალურია. ეს მარადიული მცნებებია ჩვენი, სასწაული ღვთისა. მტერი მუდამ ცდილობდა საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას, რადგან ამაში ხედავდა ქართველი ერის ძალას და ეს მართლაც ასეა. ჩვენი ეკლესია იყო და უდამ იქნება ერის სამსახურში. მართლმადიდებელი სარწმუნოება იქნება ის შემაკავშირებელი ძალა, რომელიც გააერთიანებს ყველა ქართველს.
…….

როცა ვლაპარაკობთ ეკლესიაზე ხშირად წარსულს ვგულისხმობთ. რა თქმა უნდა, წარსულის მნიშვნელობა დიდია, მაგრამ დღევანდელობაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რას ვაკეთებთ დღეს. ადამიანებზე ზრუნვა აუციებელია… მატერიალურ-ტექნიკური ბუმის პირობებში კაცობრიობას რეალური საშიშროება შეექმნა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ ტექნიკურ პროგრესს სრულიად მოუმზადებელნი შევხვდით. ე. ი. ცალმხრივი განვითარება მოხდა. ამიტომ განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ ადამიანის სულზე…

ჩვენი ეროვნული და პატრიოტული პოზიციების განმტკიცებას მივაღწევთ მაშინ, როცა თავიდან მოვიშორებთ გულგრილობას და უდარდელობას, არ გადავყვებით ხორციელს, ქვეყნის დამაკნინებელ სამ მანკიერებას: “გემოთმოყვარეობას, ვერცხლისმოყვარეობას და დიდების მოყვარეობას”. “როდის მივაღწევთ ამას? ალბათ მაშინ როცა ყოველი ქართველი, „ვაჟაიც და ქალაიც”, მიხვდება თავის საწადელს, ცხოვრებისა და სიცოცხლის მიზანს ერის წინაშე. ამაში დაგვეხმარება ქრისტე. ამას იმსახურებს ქართველი ერი, რომელიც ეწამა ქრისტიანობისათვის. ყოველმა ჩვენგანმა გულის ფიცარზე უნდა დაიწეროს დიდი, წმიდა ილია მართლის სიტყვები, თუ რას წარმოადგენს ჩვენთვის ქრისტიანული წესით ცხოვრების არსი:

“ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი. ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით. თავი გავწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს-სამართლის თავმოწონებით ვეძახით”.

ხშირად უნდა მოვინახულოთ, შევისწავლოთ და, რაც მთავარია, მოვუაროთ ჩვენი წინპრების დანატოვარ, სისხლითა და ოფლით დაცულ მიწას. გვჯერა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დახმარებით ძველი ქართული კულტურის ეს კერები კვლავ მოემსახურებიან მის მრევლს, კვლავ აენთება მათში ხალხთა შორის მეზობლობის, მეგობრობისა და სიყვარულის სანთელი, რომელიც ასე ძლიერ ჭირდება ჩვენს სამყაროს.

დალოცვილნი იყავით!

(“ჯვარი ვაზისა”-ვახტანგ გურგენიძე, ვლადიმერ საბიაშვილი)

მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • K E I T says:

    “ჩვენზე დიდი ერები არსებობდნენ, მაგრამ აღარ არიან, საქართველო კი არის და მუდამ იქნება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!”

    მადლობას ვუხდი ნესტანს ქადაგების გამოქვეყნებისთვის…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი