მთავარი » ქრისტიანობა

უმუშევრობისგან გამოწვეული დეპრესიისას

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.11.2013 | 2,451 ნახვა

“ზოგიერთს შრომა დამამცირებლად მიაჩნია. ფიქრობს, დამცირებულია ადამიანი, რომელიც ფიზიკურად შრომობს. როცა უფალი ბრძანებს, რომ ოფლითა შენითა ჭამე პური შენი, ეს სასჯელი კი არ არის, არამედ ლოცვა-კურთხევაა”, – კათოლიკოს–პატრიარქი ილია II (24.11.2013 საკვირაო ქადაგება).

საქართველოში უმუშევართა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა თუ ჩვენ ირგვლივ მიმოვიხედავთ, სამუშაოს მოძებნა აშკარაა, რომ დაუსაქმებელთა რიცხვი საკმაოდ დიდია. უმუშევრად დარჩენილი ადამიანი ზოგჯერ სასოწარკვეთილებამდეც მიდის. როგორ დავაღწიოთ თავი ამ მდგომარეობას? “ამბიონს” მამა გიორგი თიკანაშვილი (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელმსახური) ესაუბრა:

“უმუშევრობის პრობლემა მწვავედ დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და სახელმწიფოც ყოველმხრივ ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას. ძალიან ხშირად მოდიან ადამიანები ეკლესიაში, რომლებიც უმუშევრობის გამო დეპრესიულ მდგომარეობაში არიან და გვთხოვენ რჩევას, თუ როგორ დააღწიონ თავი უიმედობას, სასოწარკვეთილებას…

ბუნებრივია, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სამუშაო ადგილი, შესაბამისი ანაზღაურებით, რათა პატიოსანი შრომით გამოკვებოს ოჯახი. არ არსებობს უნიჭო ადამიანი, მაგრამ ნიჭს განვითარება სჭირდება. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა სიამაყის გამო თაკილობენ ზოგიერთი სამუშაოს შესრულებას. ამბობენ, რომ დიპლომი აქვთ და მხოლოდ კონკრეტული სპეციალობით სურთ სამსახურის დაწყება. მათ არ სურთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება. ამ შემთხვევაში თავად პიროვნებაა დამნაშავე. ამგვარად მოაზროვნე უნდა დაფიქრდეს, რომ პატიოსანი შრომა სამარცხვინო არაა. ბევრი დიდი პიროვნება ვიცით, რომელსაც მუშაობა მცირე მუშის საქმეებით აქვს დაწყებული…

შეცდომას უშვებენ მშობლებიც, როცა საკმაოდ დიდ ასაკამდე შვილს არანაირ სამუშაოს არ აკარებენ. ცხადია, შემდგომში მათ უჭირთ სასურველი სამუშაოს მოძებნა. ყველა ბიჭმა უნდა იცოდეს ხელობა, მანდილოსნებმა კი – ხელსაქმე. 90–იან წლებში, როცა უფრო რთული პერიოდი გვქონდა, ბევრი ხელობის მცოდნე ადამიანი გადაურჩა დეპრესიას…

მაცხოვარი 12 წლის ასაკში ეხმარებოდა იოსებს, რომელიც ხის ხურო იყო. ებრაელები, დღესაც, როგორც კი მათი შვილი 12 წლის გახდება, აუცილებლად ასწავლიან რაიმე ხელობას.

პირველ ეტაპზე ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ხელფასით ანაზღაურებადი სამუშაო, მაგრამ სჯობს იშრომოს, ვიდრე უქმად იყოს. უმუშევრობა ძალიან ცუდად მოქმედებს პიროვნების ფსიქოლოგიაზე, სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ, გახსოვდეთ არ არსებობს შრომა, რომელიც არ დაფასდება. ამას საკუთარი თავისა და ჩემი მრევლის გამოცდილების მაგალითზე ვამბობ.

მამაკაცებს შეუძლიათ ფიზიკური შრომით დაეხმარონ მშენებარე ტაძრებს, მანდილოსნებს შეუძლიათ უპატრონო, დაუძლურებული ადამიანის მოვლაში მიიღონ მონაწილეობა… როცა ასეთ სამადლო საქმეს აკეთებ, ხედავ ვიღაცას შენი დახმარება, მზრუნველობა სჭირდება, სული მშვიდდება და დეპრესიული მდგომარეობიდან გამოდიხარ.

ადამიანი თიხისგან შექნა უფალმა და დიდი მნიშვნელობა აქვს მიწასთან ურთიერთობას. ის საოცარ დადებით მუხტს ღებულობს მიწისგან. ამდენად, შეუძლიათ სოფლებში მოხუცებულებს დაეხმარონ მიწის დამუშავებაში…

უიმედობასა და დეპრესიაში უმთავრესად უმეცრების, ურწმუნოობის გამო ვვარდებით. ეს მდგომარეობა განკურნებადია. უნდა ვიცხოვროთ ეკლესიურად, ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ და ვევედროთ უფალს…

სახარებაში უფალი ამბობს: ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. (მათეს სახარება, თავი მეექსვე – 31, 32, 33).

მაგრამ ეს არ გულისხმობს თქვენი მხრიდან უმოქმედობას. შრომა არ უნდა გეზარებოდეს და კეთილი საქმის აღმსრულებელს უფალი გზას აუცილებლად გაუხსნის.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი