მთავარი » ქრისტიანობა

უმადურობის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.07.2012 | 5,794 ნახვა

ღვთისადმი უმადურობა ჩვენი ბედისა თუ მდგომარეობის გამო არაერთხელ დაგვცდენია. უკმაყოფილებას ხშირად იმ შემთხვევაშიც გამოვთქვამთ, თუ ბედნიერი ცხოვრებისათვის ყველა პირობა შექმნილი გვაქვს. უმადური თუკი განგებამ ზოგს მაინც მეტი წყალობა არგუნა, ამან ჩვენ არ უნდა შეგვაწუხოს, მით უმეტეს, არ უნდა შეგვშურდეს სხვისი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთისა და ჩვენ მოყვასთადმი მადლიერების მუდმივი გრძნობა გააკეთილშობილებს ჩვენს სულს, ამასთანავე, მოგვიტანს დიდ სულიერ სარგებლობას.

რატომ არ უნდა ვიყოთ უმადურნი?

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი): “როცა უკმაყოფილებას გამოვთქვამთ ბედისადმი, უმადურებას გამოვხატავთ ცხოვრებისადმი, ამით ჩვენ შეურაცხვყოფთ სიკეთისა და მადლის მომნიჭებელს – უფალ ღმერთს. გამოვხატავთ რა უკმაყოფილებას ჩვენი მდგომარეობისადმი, ამით ჩვენ სინამდვილეში ვადანაშაულებთ ღმერთს, რომელსაც ხშირად უსამართლობასაც ვწამებთ ხოლმე ქვეყნიური ცხოვრებისათვის საჭირო მადლის განაწილებაში, თითქოს ის უსამართლოდ ანიჭებს ზოგს წყალობას და ზოგს კი დაუმსახურებლად სჯიდეს.

ადამიანი ღმერთმა გააჩინა. ყველა სიკეთე ღვთისგან გამოვალს, რადგან თვით ღმერთი არის ჭეშმარიტი სიკეთე. ადამიანში თუ რამ კეთილია – ღვთისაგანაა. ადამიანს რომ სჭირდება არსებობისათვის აუცილებელი მადლი და ძალა, იმასაც ღვთისაგან იღებს. ადამიანს ღმერთმა მისცა ნათელი გონება, ღმერთი კი თვითონ არის გონებაცა და ნათელიც. ამიტომ უფალმა ღმერთმა ყოველივე იცის, თუ რა სჭირდება მის მიერ გაჩენილ ადამიანს ქვეყნად. ღმერთს ყველასთვის სიკეთე სურს, რადგან ყველა მის მიერ ვართ გაჩენილნი. ამიტომ თითოეულს იმდენ მადლსა და წყალობას აძლევს, რამდენიც მისთვისაა საჭირო. უნდა გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ უფალი ღმერთი იმისათვის კი არ მოგკითხავს პასუხს, შენ ნაკლები მადლი და ნიჭი მოგეცა, არამედ იმისათვის, თუ როგორ გამოიყენე ღვთისაგან ბოძებული ეს თუნდაც მცირე წყალობა.” ( 1985 წ.)

რას ნიშნავს ღვთისადმი “ცრუმადლიერება”?

წმ. იოანე კრონშტადტელი: “ცრუმადლიერებაა, როდესაც ღებულობენ რა ღვთისაგან უხვ, დაუმსახურებელ სულიერ თუ ნივთიერ ძღვენს, ენით მადლობენ ამათ გამო ღმერთს და მხოლოდ თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ, არ უნაწილებენ რა მათ მოყვასთ; მიიღებენ და მალავენ მათ თავიანთ საგანძურებში, სკივრებში, წიგნსაცავებში და აკლებენ მოყვასს სულიერ განათლებას, დამოძღვრას, ნუგეშს ან საჭმელს, სასმელს, სამოსელს, საცხოვრებელს, მკურნალობას სნეულებისას ან ადგილიდან ადგილზე გადაადგილების საშუალებას სურსათისათვის საჭირო სახსრების მოსაპოვებლად.

ამგვარი მადლიერება არის ცრუ და ღვთისთვის საძულველი. ეს ნიშნავს: ენით ვმადლობდეთ, ხოლო საქმით გამოვაჩინოთ უკიდურესი უმადურობა და უზნეობა. და რა მრავლად არიან ამგვარი მადლიერნი, ანუ უფრო სწორად, უმადურნი”.

რატომ არის უფლის მიმართ მადლიერების გამოხატვა აუცილებელი?

როგორც კათოლიკოს – პატრიარქი, ილია მეორე აღნიშნავს, ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა საჭიროა როგორც მთელი ერისთვის, ისე ცალკეული პიროვნებისთვის, რადგან ასეთი დამოკიდებულება მადლის მოპოვების უმარტივესი და ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა.
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ საიდუმლო სერობის შემდეგ ღვთის უდიდეს საიდუმლოს ნაზიარებ იუდას გულითადი მადლობა რომ ეთქვა იესო ქრისტესთვის, იმ საშინელ დაცემას თავიდან აიცილებდა. ამიტომაც, იუდა ღალატთან ერთად, უმადურობის სიმბოლოდაც მიიჩნევა.

“მადლიერების გრძნობა ღვთისგან გვაქვს მონიჭებული, – წერენ მამები, – და თვით ადამიანური ბუნება გვიბიძგებს, ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს ჩვენთვის მზრუნველთადმი. შინაური ცხოველები და მხეცებიც კი ავლენენ სიყვარულს კეთილისმყოფელთადმი და რაოდენ გვმართებს, ეს განცდა გამოვხატოთ მის მიმართ, რომლისგანაც შეიქმნა ყოველი, რომელმაც მოგვმადლა ქვეყანა “უთვალავი ფერითა”, მოგვანიჭა სიცოცხლე, გონება, თავისუფალი ნება, ჯანმრთელობა, სიყვარულის უნარი, ბედნიერების განცდა, სამყაროს აღქმა, რომელიც გვითენებს ყოველდღეს, გვაძლევს საკვებს, სითბოს, ჰაერს, წყალს და, რაც ყველაზე მთავარია, თავისი ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირული სიყვარულის ფასად ბოძებული წარუვალი ნეტარი ცხოვრების შესაძლებლობა. განა შეიძლება, რომ ყოველ წამს არ ვგრძნობდეთ მის მზრუნველობას, ვიყოთ ყოველივე ამის მომხმარებელნი და არ გამოვხატავდეთ მისდამი გულწრფელ მადლიერებას?! ვიქცევით კი ასე? ჩვენდა სამარცხვინოდ, ხშირად მადლიერებას, ასე თუ ისე, ადამიანებისადმი უფრო ვიჩენთ, ვიდრე – უფლის მიმართ. მოჩვენებით მადლიერებას კი, როგორც ყველაფერ ფარისევლურს, აზრი არა აქვს და სისაძაგლეა იგი ღვთისა და კაცის წინაშე”, – ბრძანებს ილია მეორე.

“წმ. იოანე ოქროპირს ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: “მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის”, რაც, ფაქტობრივად, პავლე მოციქულის ნათქვამის გამეორებაა: „მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგან ასეთია თქვენდამი ნება ღმრთისა ქრისტე იესოში“. (I თესალ. 5.18) ასეთი დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მძიმე მდგომარეობას უნდა შევეგუოთ და ხვედრს დავმორჩილდეთ, ანუ ბედისწერის შესახებ არასწორი სწავლება გავიზიაროთ.

არა, მუდამ საჭიროა ლოცვა და სწორი ქმედება, როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: “ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და – ჰპოვოთ” (მათე 7.7) ოღონდ, ამას არ უნდა ახლდეს დრტვინვა და მრისხანება, არამედ შემოქმედისადმი ყოველივე მადლიერებით უნდა აღესრულებოდეს და თუ ჩვენი სურვილი იმ ეტაპზე ჩვენი სულისთვის სასარგებლოა, მაცხოვარი აუცილებლად შეისმენს მას.” – კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი