ულოცველობა – “ესაა არაეკლესიურობის კერძო შემთხვევა, საყოველთაოდ გავრცელებული ცოდვა, როდესაც სულიერი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მხარეზე ლაპარაკობს, აღმსარებელმა უნდა თქვას, როგორ ლოცულობს, რა ნაყოფი გამოაქვს მის ლოცვას, ლოცვა სულიერ ნუგეშისცემას ანიჭებს თუ უსიამოვნო ბეგარად აწევს, რომლისგანაც თავის დაღწევას ყოველნაირად ცდილობს, მართლმადიდებლური ლოცვანით სარგებლობს თუ ზეპირად იცის ლოცვები, კითხულობს თუ არა სახარებას და ა.შ.
ყოველი მორწმუნე ყოველდღე უნდა იხსენიებდეს ახლობლებს, ცოცხლებს, მიცვალებულებს, უნდა ლოცულობდეს ,,მწყევართათვის’’ (ლუკა,6 ,28), იმათთვის ვის მიმართაც თვითონ აქვს სიძულვილის გრძნობა ან ვინც იგი უსამართლოდ შეურაცხყო. ხშირად უნდა დავესწროთ ღმრთისმსახურებას, კვირაობით და დღესასწაულებზე ეკლესიაში ვიაროთ, დავიცვათ ეკლესიისაგან დადგენილი მარხვები, რაც მარტო საჭმლისაგან თავშეკავებას კი არა, ზნეობრივ სიწმინდესაც ნიშნავს. მტრებს შევურიგდეთ, მოწყალება გავიღოთ, მოვალეს ვალები შევუნდოთ, განვერიდოთ ყოველივე ამაოს და მარადიულზე ფიქრს მივცეთ თავი.
გულწრფელ მორწმუნეს ნელთბილისაგან მხურვალე ლოცვა განასხვავებს. უბრალოდ ნუკი ,,ჩავიკითხავთ’’ ლოცვებს, ანდა ღმრთისმსახურების დროს ,,გაძლებაზე’’ ნუკი ვიქნებით, არამედ ლოცვის ნიჭი ვითხოვოთ ღმერთისგან, შევიყვაროთ ლოცვა და მოუთმენლად ველოდოთ მის დაწყებას. მორწმუნე უნდა შეეჩვიოს ლოცვით გარემოს, გაიგოს და შეიყვაროს საეკლესიო საგალობლები, მათი შეუდარებელი სიღრმე და სილამაზე, ლიტურგიული სიმბოლოების მშვენიერება და მისტიკური ხატოვანება. ლოცვის ნიჭი არის საკუთარი თავის, საკუთარი ყურადღების ფლობის უნარი, ამ დროს კაცი მხოლოდ ბაგითა და ენით კი არ იმეორებს ლოცვის სიტყვებს, არამედ მთელი გულით ლოცულობს. უნდა შევეთვისოთ იესოს ლოცვას (,,უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი’’), და ყველგან, ყოველთვის ვიმეოროთ იგი, განსაკუთრებით კი გასაჭირში, სულიერი ბრძოლების, განსაცდელის ჟამს.
მაშ მოდი, ძმაო, ყურადღებით განიხილე აქ ჩამოთვლილი წესები, კანონები, ქრისტიანის მოვალეობები, დაუფიქრდი, რაში სცოდე ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ეკლესიის წმიდა დადგენილებების წინაშე, და არ დაგავიწყდეს – შეინანე!”
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
წიგნი: აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისთვის
