მთავარი » ქრისტიანობა

უფლის განკაცების ჟამი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.04.2014 | 4,181 ნახვა

“როდესაც კაცობრიობის ისტორიაში მოქმედებითად გამოვლინდა უკლებლივ ყველა სახეობა ცოდვითი სნეულებისა, ღვთისმშობლის ხატი სწორედ მაშინ განკაცდა უფალი, მსგავსად იმ დახელოვნებული მკურნალისა, რომელიც … ძირითურთ აღმოფხვრის სნეულებას…”.

კაცობრიობის ისტორიაში ყველა ცოდვა ერთდროულად არ წარმოჩენილა. დროთა განმავლობაში ადამიანებში ახალ-ახალი ცოდვითი სახეობა ვლინდებოდა. ღვთის განკაცების შემდეგ არც ერთი ახალი სახეობა ცოდვისა არ წარმოშობილა.

რატომ განკაცდა ქრისტე კონკრეტულად იმ ჟამს, როდესაც განკაცდა, და რა სწავლებას გვთავაზობენ ეკლესიის მამები უფლის განკაცებასთან დაკავშირებით? ამ თემის შესახებ “ამბიონს” თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე ესაუბრა:

“უფლის განკაცების ჟამი შემთხვევითი არაა. ეს ჟამი აბსოლუტურად მისადაგებულია იმ მიზანდასახულობასთან, რისთვისაც უფალი განკაცდა, – ანუ კაცობრიობის გამოხსნასთან. ამითვე აიხსნება კონკრეტული ფიქსაცია იმ ჟამისა, როცა უფალი განკაცდა.

ვერც უფრო ადრე განკაცდებოდა მაცხოვარი სოფლისა და ვერც – გვიან. ეს დრო იყო ყველაზე შესაბამისი იმ მიზნის აღსასრულებლად, რაც მან დაისახა. თუ რატომ განკაცდა კონკრეტულად იმ ჟამს, ამას განგვიმარტავს გამოკვეთილად ორი დიდი ღვთისმეტყველი – მეორე საუკუნის მიწურულში მოღვაწე წმიდა ირინეოს ლიონელი თავის სახელგანთქმულ შრომაში “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”, შემდგომ კი, მის კვალობაზე და უფრო განვრცობითად, IV საუკუნის მეორე ნახევრის უდიდესი მოღვაწე ღვთისმეტყველ-ფილოსოფოსი წმიდა გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამომწურავად სცემს პასუხს კითხვას, თუ რატომ განკაცდა უფალი კონკრეტულად იმ ჟამს, როდესაც განკაცდა.

ხსენებულ მოძღვართა და, შესაბამისად, ეკლესიის სწავლება ამგვარი გახლავთ: უფლის განკაცება ერთადერთ მიზანს ისახავდა – სნეულებისგან განეკურნა ადამიანური ბუნება, მაგრამ ეს სნეულება ერთსახოვანი არ იყო. მას სხვადასხვა სახეობა ჰქონდა. ერთი სნეულებითი სახეობაა, მაგალითად, კაცის კვლა, მეორე – ცილისწამება, მესამე – სიძვა, მეოთხე – მამათმავლობა და ა. შ. ანუ ყოველი ცოდვა სნეულების ესა თუ ის სახეობაა. როგორც აღვნიშნეთ, კაცობრიობის ისტორიაში ხსენებული ცოდვათსახეობანი მყისვე არ წარმოჩენილა. დროთა განმავლობაში ადამიანებში ახალ-ახალი ცოდვითი სახეობა ვლინდებოდა. ყოველი ამ სახეობის გამომგონებელი თავად ბოროტების მომგონი ძალა გახლდათ, – უკეთურებისა და დაცემულობის მთავარი მოთავე, რომლის გაუკუღმათებულ აზროვნებაშიც ცოდვისმიერი სიბილწეების ახალ-ახალი სახეობანი გამუდმებით აღმოცენდებოდა. იგი გაუკუღმართებულ კაცთა გონებაში შთანერგავდა ამ აზრებს და ადამიანები ადვილად წამოეგებოდნენ ხოლმე უკეთური ძალისგან შემოთავაზებულს ანუ ისინი სხვადასხვა ჟამს მოსამჭედურებულნი (მოანკესებულნი, მონადირებულნი) ხდებოდნენ მისგან, რის კვალობაზეც კაცობრიობის ისტორიაში ახალ-ახალი სახეობა ცოდვისა მოქმედებაში ავლენდა თავს და მძვინვარდებოდა, იპყრობდა რა და წარწყმედისკენ მიმართავდა მრავლთ და მრავალთ.

იმაზე უფრო ადრე რომ მომხდარიყო ღვთის განკაცება, ვიდრე სნეულების ყველა სახეობა წარმოჩნდებოდა, მართალია უკვე არარსებული და გამოვლენილი ცოდვანი კურნებას მიიღებდა, მაგრამ ამის შემდეგ გამოჩინებული ახალი სახეობანი ხელახალი განკურნების საჭიროებას შექმნიდა.

განკაცების ჟამის შესახებ სწავლებითი ფორმულირება ამგვარი გახლავთ: “განკაცება აღსრულდა მაშინ, როდესაც ბოროტების მომგონმა ძალამ ამოწურა ცოდვის სახეობათა გამოგონებისა და მოფიქრების უკლებლივ ყველა შესაძლებლობა”. დიახ, როდესაც დასაბამიერმა გველმა თავისი უკეთური უნარი ბოლომდე ამოწურა და როდესაც, შესაბამისად, კაცობრიობის ისტორიაში მოქმედებითად გამოვლინდა უკლებლივ ყველა სახეობა ცოდვითი სნეულებისა, სწორედ მაშინ განკაცდა უფალი, მსგავსად იმ დახელოვნებული მკურნალისა, რომელიც ზედმიწევნით შეისწავლის რა სნეულის მდგომარეობას, დაადგენს ზუსტ დიაგნოზს და მხოლოდ ამის შემდეგ ძირითურთ აღმოფხვრის სნეულებას, რომ ნაადრევმა მკურნალობამ სენის წყარო არსობრივად შეუმუსრავი არ დატოვოს.

რა თქმა უნდა, ყოფითი ისტორია აჩვენებს, რომ უფლის განკაცების შემდეგაც ცოდვის მძვინვარება და ზვაობა არანაკლები სიძლიერითაა შესამჩნევი, მაგრამ ესაა მხოლოდ არსებული ცოდვითი სახეობების კვლავ და კვლავ გამოვლინება მოქმედებაში. არც ერთი საკუთრივ ახალი სახეობა ცოდვისა ღვთის განკაცების შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში ოდნავადაც არ წარმოჩენილა. ყველა შემთხვევაში მარტოოდენ რომელიმე ძველი ცოდვა, ან ძველ ცოდვათა ახლებური ნაზავი ავლენს თავს, რაც თავისთავად, ყოფითი გაგებით, შეიძლება ახალ სახეობად ჩანდეს, მაგრამ არსებითად, როგორც აღვნიშნეთ სახეზეა ოდენ ძველ ცოდვისმიერ სახეობათა გარეგანად ახლებური თანააღრევა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ხსენებულ ცოდვათგამოჩინებათა მძვინვარებანი და გაბოროტებანი თავისი მასშტაბითა და სიძლიერით ადრინდელს აღემატება, რასაც ასევე თავისი საღვთისმეტყველო ახსნა აქვს.
ეკლესიის მამები ამგვარ სიმბოლოს გვთავაზობენ: უფალი როდესაც განკაცდა, მან ბოროტების მომგონ ძალას სიბოროტეთა გამოგონების თავი შეუმუსრა, ისევე როგორც ადამიანი შეუმუსრავს თავს ქვეწარმავალს, რომელიც ებრძვის და მის განადგურებას ცდილობს. ქვეწარმავლის თავის გასრესის შემდეგ სხეულის შემუსვრა საჭირო არაა, ვინაიდან თავის შემუსვრა ამ უკეთურის სასიკვდილოდ განგმირულობას მოასწავებს.

ამრიგად, უფალმა ბოროტების მომგონი თავი შემუსრა, მაგრამ როგორც ეს ქვეწარმავლის შემთხვევაშია, რომელსაც თავი როდესაც შეემუსრება, სხეულის დანარჩენი ნაწილი ანუ კიდური და კუდი გაცილებით უმძვინვარდება, ამით კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი უფრო ძლიერად მოქმედებს, თუმცა სასიკვდილოდაა განგმირული და ეს გამძვინვარება სხვა არაფერია, თუ არა ოდენ სასიკვდილო გმინვა და აგონია, ამგვარადვე, რაჟამს მაცხოვარმა განმგმირავი ჭრილობა მიაყენა ბოროტების მომგონ ძალას და შეუმუსრა მას თავი, უკეთურების სულიერი კიდური ქვეწარმავლისებრ უფრო მძლავრად მიმოირხევა, გაცილებით უფრო ბორგვითი კონვულსიები აქვს და გარეგანი ხედვით ისე ჩანს, თითქოს ბოროტება გაძლიერდა, მაგრამ ეკლესიური სწავლებით, ეს უკვე სასიკვდილოდ განგმირული ბოროტების აგონიური მოქმედებაა.

დასკვნა ესაა: უფალი განკაცდა იმ ჟამს, როდესაც იგი აუცილებლად უნდა განკაცებულიყო, რომ ბოროტება ძირითურთ აღმოეფხვრა და არსობრივად ანუ სასიკვდილოდ განეგმირა უკეთურება”.

ხატწერა მაგდა სოლოღაშვილი
ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ლელა says:

    ღვთისმშობელო,დედაო,დედუფალთდედუფალო,გთხოვ მოიხილო ჩემი ოჯახის გართულებული მდგომარეობა და დამეხმარო მის სასწრაფოდ მოგვარებაში თქვენი სასწაულებრივი, ღვთიური,სათნო გზებით! მომხედე,დედაო! მუხლმოდრეკილი გევედრები ამ ბზობის წმიდა დღეს.

  • ლელა says:

    ყველას ვულოცავ ბზობის დღესასწაულს!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი