მთავარი » ქრისტიანობა

“არის შემთხვევები, როცა უფალი, ჩვენი ნების გარეშე, თავისი მადლით ეხება ადამიანს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.12.2021 | 895 ნახვა

“მახსოვს, ერთი მეზობლის ბიჭი მყავდა, ჩემი კლასელი. მას სულ სხვაგვარად ზრდიდნენ, არაეკლესიურად. პირველ თუ მეორე კლასში ვიყავით და ვკამათობდით; მე ვამბობდი, რომ ღმერთი არსებობს, ის კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. ჩვენი დავის გადასაჭრელად დედამისთან მივედით. იგი უმაღლესი განათლების მქონე ქალბატონი ბრძანდებოდა, ძალიან ნაკითხი იყო და მას ვკითხეთ, რას იტყოდა ჩვენს კამათზე. გვიპასუხა: თქვენ ჯერ ძალიან პატარები ხართ საიმისოდ, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოთო.

გავიდა თითქმის 60-ზე მეტი წელი და ეს ადამიანი შემხვდა მოსკოვში ყოფნისას. ამჟამად იგი გახლავთ ცნობილი ექიმი, აკადემიკოსი. მაშინ მე იგი წარვუდგინე რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს. შემდეგ საუბრისას ვკითხე: შენ ხომ მეცნიერი ხარ და ახლა მაინც თუ ხარ მორწმუნე-მეთქი? თავიდან პასუხს თავი აარიდა, თითქოს თავი შეიკავა და მოგვიანებით თქვა: „ალბათ, არაო“. შევწუხდი, მივუგე: „ძალიან შემცდარხარ-მეთქი!“ შინ რომ დავბრუნდი, ვერ მოვისვენე, დავჯექი და ისეთი ვრცელი წერილი მივწერე, ჩემს ცხოვრებაში არავისთვის რომ არ მიმიწერია; 15 გვერდი გამოვიდა. ისე უმოქმედია მასზე ამ წერილს, რომ მოსკოვიდან დამირეკა და შეწუხებულმა მკითხა: „შენ ხომ არ იცი, მონათლული ვარ თუ არაო?“ ეტყობა იფიქრა: „ვაი, თუ მონათლული არ ვარ და დავიღუპოო!“ მე მივუგე: „აბა, საიდან უნდა ვიცოდე, ხარ თუ არა მონათლული; მიდი მოსკოვში ქართულ ეკლესიაში და იქ მღვდელი გასწავლის, რა უნდა გააკეთო-მეთქი“.

საერთოდ, გახსოვდეთ, თუ ადამიანს ეჭვი ეპარება, მონათლული იყო თუ არა, კარგად უნდა გამოიკვლიოს თავისი ამბავი და თუ მაინც ვერ დაადგინა, აუცილებლად უნდა მოინათლოს. ნათლობის ფორმულაში კი მოძღვარმა უნდა დაუმატოს სიტყვები: ნათელს იღებს მონა ღვთისა ესა და ეს, უკეთუ არა არს მონათლული.

ასე რომ, უფალი შეეხო ჩემი კლასელის გულს, მის სულს, გონებას და მან დაიწყო ფიქრი!

ასევე მინდა გავიხსენო ცხოვრება ნეტარი ავგუსტინესი. ნეტარი ავგუსტინე ეკლესიის უდიდესი მასწავლებელი და დიდი პიროვნება იყო. თუმცა, ახალგაზრდობაში ძალიან თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა. 16 წლის ბიჭს უკვე ჰყავდა უკანონო შვილი ვიღაც ქალისგან. იგი ასევე იყო სხვადასხვა სექტების ადეპტი, შეისწავლა მათი მოძღვრება, მაგრამ არც ერთმა არ დააკმაყოფილა. დედამისი სულ ტიროდა. იმ დროს მოღვაწეობდა ამბროსი მედიოლანელი. ნეტარი ავგუსტინეს დედა წმინდა ამბროსისთან მივიდა და სთხოვა: ილოცე ჩემი შვილისთვის, იგი ურწმუწოაო! წმინდა ამბროსიმ ჰკითხა საბრალო ქალს:

შენი შვილისთვის თუ ლოცულობ?

ვლოცულობ, – მიუგო ქალმა.

ცრემლით თუ ლოცულობ?

კი, ცრემლით ვლოცულობ!

მაშინ ნუ გეშინია, რადგან არ შეიძლება, დედის ცრემლი დაიკარგოს ღვთის წინაშე! – ანუგეშა წმინდანმა.
და მართლაც, დედამ ლოცვა გააგრძელა და ერთ დღეს, თვითონაც არ იცოდა რატომ, ნეტარმა ავგუსტინემ ხელში სახარება აიღო. მანამდე საერთოდ არ ეკარებოდა იგი წმინდა წიგნებს და მოულოდნელად დაიწყო კითხვა, გააცნობიერა რა თავისი მდგომარეობა, მოჰყვა გოდებას: „ვინ ვარ, რას ვაკეთებ, საითკენ მივდივარ!“ გავიდა ბაღში და მწარედ ტიროდა. დაიწყო მისი გაქრისტიანება და ეკლესიური ცხოვრება. მოგვიანებით ნეტარი ავგუსტინე გახდა იკონიის ეპისკოპოსი. მას ლათინურ ენაზე აქვს დაწერილი შესანიშნავი წიგნი – „ონფესიონეს“ – „აღსარება“. მთელი თავისი თავგადასავალი, თავისი ცოდვები, ყველაფერი აღწერა ამ წიგნში და დაარქვა „აღსარებანი“. ეს თხზულება ჩვენ გვქონდა დაბეჭდილი საეკლესიო კალენდარში, მგონი 2005 წელს და იგი ცალკეც არის გამოცემული. ვინმეს თუ არ გაქვთ წაკითხული, აუცილებლად უნდა იშოვოთ და წაიკითხოთ.

ასე რომ, არის შემთხვევები, როცა უფალი, ჩვენი ნების გარეშე, თავისი მადლით ეხება ადამიანს. როგორც მოაქცია პავლე მოციქული, მირიანი და ნანა და მრავალი სხვა,” – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე (ქადაგება 4 დეკემბერი, 2010 წ.)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი