მთავარი » სხვადასხვა

უცხოელი არქეოლოგები კოტიას კლდეში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.08.2010 | 4,885 ნახვა

კოტიას მღვიმე 2004 წელს კოტიას კლდის მღვიმეში აღმოჩენილმა პალეოლითელი ხანის ადამიანის სამარხმა სახელი გაუთქვა ამ არქეოლოგიურ ძეგლს და მეცნიერებს იმედი გაუჩნდათ, რომ მღვიმეში ბევრ სხვა ისეთ საინტერესო ნივთიერ მასალას აღმოაჩენენ, რომელიც არა მარტო სოფელ სვერის და ზემო იმერეთის ისტორიას, არამედ საქართველოს ისტორიასაც გაამდიდრებს.

არქეოლოგები დღესაც დაინტერესებულნი არიან კოტიას კლდით. ჰარვარდის, ისრაელის უნივერსიტეტებისა და თბილისის ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ერთობლივი თანამშრომლობით შემდგარი ექსპედიცია 1 აგვისტოდან მუშაობს ძეგლზე. მათ უკვე მიაგნეს 2004 წელს აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის კბილს. ასევე ნანახია თიხისგან გაკეთებული ქალის პატარა ქანდაკება, სამკაული, მახათი. იმდროინდელი ადამიანის შრომის იარაღები.

არქეოლოგიურ გათხრებში უშუალო მონაწილეობას იღებს ისტორიკოსი თამაზ ცუცქირიძე, რომელსაც ,,ამბიონი” ამ ძეგლის შესახებ გაესაუბრა.

კოტიას მღვიმე თამაზ ცუცქირიძე: სოფელი სვერი მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით. ერთ-ერთი მათგანი კი ე.წ. კოტიას კლდეა, რომლის სახელწოდებაც კოტე ექვთიმეს ძე ცუცქირიძის სახელიდან მომდინარეობს. მან პირველმა აღმოაჩინა ეს მღვიმე და ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს აცნობა, საიდანაც გარკვეული მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოხვდა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან უკვე იცოდნენ ამ ძეგლის არსებობის შესახებ.

პირველი დაზვერვითი სამუშაოები მღვიმეში 2002 წლის ზაფხულში განხორციელდა. მოპოვებული მასალით დაინტერესდა ექსპედიცია და მომავალი წლიდან საძიებო სამუშაოები ოდნავ გაფართოვდა. 2004 წელს დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა კი მოლოდინს 4 აგვისტოს გადააჭარბა. ექსპედიციის წევრებმა პირველად კავკასიის არქეოლოგის ისტორიაში პალეოლითელი ადამიანის მთლიანი ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც კოტე ცუცქირიძის საპატივსაცემოდ სახელი კოტე დაარქვეს. ჩონჩხის ასაკად არქეოლოგები 11 500 წელს ასახელებენ.

რამ გამოიწვია თავდაპირველად უცხოელი არქეოლოგების ამ მღვიმით დაინტერესება?

დღეს მღვიმეზე სწორედ ის ექსპედიცია მუშაობს, ვინც აქ 2004 წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა. იმ დროისათვის უცხოელი არქეოლოგები ჭიათურის რაიონის სოფელ დარკვეთში, ძუძუანას გამოქვაბულში საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდნენ და უნიკალური აღმოჩენაც გააკეთეს. მათ იპოვეს უძველესი ძაფები. საერთაშორისო სამეცნიერო წრეებმაც დაადასტურეს, ექსპედიციის დასკვნა, რომ პირველი მქსოველები, რა თქმა უნდა, პირობითად ჭიათურლები იყვნენ. აღმოჩენა 20-30 000 წელს ითვლის. ექსპედიციის წევრებისთვის ცნობილი გახდა რომ სოფელ სვერში არსებობდა მსგავსი მღვიმე, სადაც შესაძლოა ასევე მნიშვნელოვანი კვლევები ეწარმოებინათ. დღეს არქეოლოგიური საძიებო სამუშაოები იმ ეტაპზეა მისული, რომ სულ მცირე 4-5 სეზონია საჭირო კვლევებისათვის.

როგორია ექსედიციის მუშაობის პროცესი?

კოტიას მღვიმე ზონა, სადაც ექსპედიციის წევრები მუშაობენ კვადრატებადაა დაყოფილი, რომლის სიგრძე-სიგანე 50სმ-ია. მიწის ფენას 5სმ-ის სისქეზე იღებენ და ჩვეულებრივ მიწის სამუშაო იარაღებით მუშაობენ. მოპოვებულ მასალას ფხეკენ სპეციალური დანებით, ქაფჩებით. მათ პარკებში საგულდაგულოდ აწყობენ და თავიანთი კვადრატის სახელს აწერენ. დარჩენილი მიწა გასარეცხად მიაქვთ, ცხრილებზე დარჩენილ მასალასაც სათანადოდ ამუშავებენ და სწავლობენ.

საექსპედიციო სამუშაოებში უცხოელებთან ერთად ადგილობრივი მემკვიდრეებიც იღებენ მონაწილეობას. 20 კაციანი ჯგუფი ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში მუშაობს და სხვადასხვა მიმართულებით იკვლევენ მოპოვებულ მასალას, სწავლობენ იმდროინდელ მიკროკლიმატს, თუ რით იკვებებოდნენ, რას საქმიანობდნენ ამ ტერიტორიაზე დასახლებული უძველესი ადამიანები.

რამდენად შეუწყობს ხელს კოტიას კლდე სოფელ სვერში ტურიზმის განვითარებას?

ტურიზმის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ჯერჯერობით ეს აღმოჩენა ხელს ვერ შეუწყობს, რადგან არ არის სათანადო მისასვლელი გზა. შეიძლება გავრცელდეს მოპოვებული მასალებისა და ჩონჩხის ფოტოები, რაც ტურისტების დაინტერესებას გამოიწვევს. მნიშნელოვანია, რომ მღვიმე კარსტულია, შიგნით წყალქვეშა მდინარეა, არის დიდი დარბაზები, მღვიმეში შეერთებულია სხვადასხვა ზომის სტალაქტიდები და სტალაგმიტები. ამასთან, საჭიროა ტურისტს თან ჰქონდეს კარგი განათება. სოფელ სვერში ბევრი ისტორიული ადგილია, რომლის კეთილმოწყობაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • soso gogoladze says:

    არის თუ არა დაგეგმილი აღნიშნულ ტერიტორიაზე სამომავლოდ ტურისტული ზონის განვითარება და გაქვთ თუ არა იმფორმაცია დღევანდელი დაინტერესების შესახებ გამოქვაბულთან მიმართებაში? რეალურად მღვიმე განადგურების გზაზეა, რაც გამოხატულია მნახველების მიერ არასათანადო მოპყრობაში.ეს ფაქტი კი უდიდესი ბუნების სიმდიდრის ტურისტულ ზონად ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის სამომავლოდ.

  • რატომღაც არ არის ნახსენები კოტიას კლდეზე აღმოჩენილი ადამიანის გენეტიკური კვლევის ნიშანდობლივი მომენტი. კერძოდ, როგორც ირწმუნებიან ე.წ. J2 ჰაპლოჯგუფის უძველესი ნიმუში სწორედ რომ კოტიას კლდეში ნაპოვნ ადამიანს ეკუთვნის (იხილე მეორე წინადადება ამ ბმულზე მოტავსებუ ტექსტში: http://www.eupedia.com/europe/Haplogroup_J2_Y-DNA.shtml ეს ფრაზა: The oldest known J2 sample at present comes from Kotias Klde in Georgia and dates from c. 9700 BCE (Jones et al. (2015)). სანამ ტურიზმის განვითარებას ავღნიშნავთ, უპრიანი ხომ არ არის უფრო ღირებული თემები ბოლომდე გამოვიკვლიოთ და დავხუროთ ხოლმე?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი