ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით. ამჯერად, თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის მრევლს, ნანა სულხანიშვილისა და მიხეილ ალთუნაშვილის ოჯახს გაგაცნობთ. ნანამ და მიხეილმა ოჯახი წრფელი სიყვარულის საფუძველზე შექმნეს, რამაც შეაძლებინათ, მრავალი განსაცდელი ერთად გადაეტანათ… “ამბიონი” ნანას და მის შვილებს ესაუბრა.
როდის გაიცანით ერთმანეთი?
“მეუღლე გავიცანი მე-8 კლასში, როცა 14 წლის ვიყავი. ურთიერთობამ 2 წელს გასტანა და მე-11 კლასში შევუღლდით. მეუღლე 8 წლით არის ჩემზე დიდი, თუმცა ასაკობრივი სხვაობა არ არის ცუდი. მადლობა უფალს, რომ წრფელი სიყვარული გვქონდა, რაც დღეს იშვიათობაა. ამ სიყვარულით გავუძელით ბევრ ტრაგედიას და დღესაც ღვთის წყალობით, სიყვარულით ვდგავართ ფეხზე. უკვე 24 წელია, რაც ოჯახი გვაქვს. გვყავს 4 შვილი: ლიკა-23 წლის, მარიამი-19 წლის, როსტომი -12 წლის, ლაზარე -7 წლის. მესამე შვილი -თამარი 2 წლისა და შვიდი თვის გვყავს გარდაცვლილი”.
როდის დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?
“ჩვენი ეკლესიური ცხოვრება დაიწყო ჩვენი შვილის გარდაცვალებიდან ორ კვირაში – 2003 წლის თებერვალში. ახლობლებმა მოგვიყვანეს ტაძარში. მადლობა უფალს, მამა დავითს (დათუაშვილი), რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩვენი ოჯახის განმტკიცებაში, რადგან გვქონდა პრობლემები, გაურკვევლობა, ვიყავით ჯვარდაუწერლები. მამა დავითმა დაგვწერა ჯვარი და გვითხრა: “უფალს მიენდეთო”. ჯვრისწერის შემდეგ ღმერთმა გვაჩუქა ბიჭები. აქიდან შევიგრძენით ეკლესიური ცხოვრება, მთლად ისე ვერა, როგორც საჭიროა, თუმცა სულ ძიებაში, სწავლაში ვართ. შაბათ-კვირას თუ ეკლესიაში არ ვართ, ვგრძნობ უფალი მეძახის და თამუნაზეც ვფიქრობ, ალბათ ეკლესიაში რომ არ ვართ, იმქვეყნად განიცდის”.
რას ნიშნავს თქვენთვის ეკლესიური ცხოვრება?
“ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს საკმაოდ ბევრს, მნიშვნელოვანს. ჩემს ახლობლებს სულ ვეუბნები, რომ არ არის აუცილებელი რამე განსაცდელი შეგემთხვეთ. უფალს მადლობა უნდა შევწიროთ თითოეული გათენებული დღისთვის, ბედნიერებისთვის, მშვიდობისთვის. არ არის აუცილებელი გაჭირვების ჟამს მივიდეთ, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა. ყველას მოვუწოდებ ვიაროთ, ვილოცოთ, ვესაუბროთ უფალს შეძლებისდაგვარად. უფალი ბევრს არ გვთხოვს, ისედაც ჩვენი სულის საკვებად. მჯერა, რომ უფალი შეგვეწევა, ყოველთვის შეისმენს ჩვენს გულახდილ საუბარს, არასოდეს მიგვატოვებს. უფალი ყოველთვის გვეხმარება, უფლის იმედი და რწმენა გადაგვარჩენს. უფალი განსაცდელს რომ გვაძლევს, გამძლეობასაც გვაძლევს”.
რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომელთაც ოჯახის შექმნა სურთ?
“პირველ რიგში, იყვნენ მორწმუნეები. სიყვარულით შექმნან ოჯახი, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, სიყვარულმა დიდი როლი ითამაშა. დაიწერონ ჯვარი, რომ უფლისგან ხელი მოემართოთ, შექმნან ისეთი ოჯახები, რომელიც უფალს და დედა ღვთისმშობელს მოეწონება”.
რატომ გადაწყვიტე სტიქაროსნობა?
როსტომი:”მეც მინდოდა და დედას სურვილიც იყო, გვქონდა მამა დავითის კურთხევაც.
ნანა: როსტომი კომპიუტერთან იყო მიჯაჭვული, როცა რამე არ გამოსდიოდა, ურტყამდა კლავიატურას, იყო აგრესია. როცა მამა დავითს ვუთხარი ამ პრობლემაზე, ვთხოვე, იქნებ სტიქარით შევმოსოთ-მეთქი და თითქოს მამა დავითმა ჩვენი გულის ნადები წაიკითხა და მითხრა, “მეც ახლა ზუსტად ამას ვფიქრობდიო”, სწორედ ამის შემდეგ როსტომი 2012 წლის 6 მაიისს შეიმოსა სტიქარით”.
მოგვიყევით თქვენზე.
როსტომი: “ვსწავლობ მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში. ყოველი დილა იწყება ლოცვით. სკოლის დირექტორი არის მამა მირიან სამხარაძე. მამა მირიანი ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, დიდ დასვენებაზე ატარებს პარაკლისს, ქადაგებს. ამ სკოლაში სწავლობენ მაჰმადიანებიც საინგილოდან, ხულოდან, აჭარიდან. ჩვენი ერთი კლასელი გაქრისტიანდა. გარდა სკოლის საგნებისა, ვსწავლობთ ძველ ქართულს, რელიგიების ისტორიას. ვიცი ასომთვარული, ნუსხურს ახლა ვსწავლობთ”.
ნანა ურჩევს ყველას, რომ „შევძლოთ ლოცვა, დილა-საღამოს და გამოვნახოთ დრო ტაძარში სიარულისთვის.“
ანა ტყებუჩავა

ღმერთმა დაგლოცოთ და რწმენით გატაროთ უფლისკენ მიმავალ გზაზე !