25 ივლისი 2024, ხუთშაბათი

“თუშეთობა 2012”

7-8 ივლისს, თუშეთში, სოფელ ომალოში, კესელოს ციხესთან სახალხო დღესასწაული “მეცხვარის დღე”, ანუ ფესტივალი “თუშეთობა 2012” გაიმართება. თუშეთობა ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ეწყობა.

როგორ აღინიშნება წელს “თუშეთობა 2012” და რამდენად უწყობს ხელს ეს ფესტივალი თუშეთში ტურიზმის განვითარებას? “ამბიონს” დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე ესაუბრა:

“წელს თუშეთობაზე წარმოდგენილი იქნება თუშური ტრადიციული სამზარეულო, ხელსაქმის ნიმუშები, ადგილობრივი მუსიკალური და საცეკვაო ჯგუფები, რაფტინგი, პარაპლანით სეირნობა, ლატვიურ მოცეკვავეთა ჯგუფი, მოძრაობის თეატრი ცეცხლოვანი შოუთი, ჯგუფი “მგზავრები” და სხვა ესტრადის ვარსკვლავები. მოეწყობა მეცხვარეების დაჯილდოება, ადგილობრივ საქმიანობაში მოსახლეობის ჩართვა. სტუმრების წინაშე წარსდგება დი ჯეი ტექნო და ჩილ აუტ მუსიკით. ღონისძიების წამყვანი ვანიკო თარხნიშვილი გახლავთ.

სიახლე “თუშეთობა 2012”-ზე გახლავთ ის მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც ფესტივალის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა პარაპლანით სეირნობა, ჯომარდობა, მოძრაობის თეატრი და ა. შ.

თუშეთობაზე სტუმრად ველოდებით სხვადასხვა ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ტურ-ოპერატორებს, საქართველოს მოსახლეობასა და უცხოელ ტურისტებს.

თუშეთობა ფესტივალი 2009 წლიდან ტარდება და მოთხოვნიდან გამომდინარე, ყოველწლიურად უფრო პოპლარული ხდება. ფესტივალი მნიშვნელოვანია ეკო-ტურიზმის განვითარებისათვის, რადგანაც ფესტივალი თუშეთის ეროვნულ პარკში სეზონის დასაწყისში ტარდება, მას ექნება კარგი მედია და სოციალური ქსელის დაფარვა, რის გამოც თუშეთის ეროვნული პარკის ცნობადობა გაიზრდება და შესაბამისად, ტურისტების მოსვლის ალბათობაც.”

“თუშეთობა 2012” -ის ფარგლებში მოეწყობა შეჯიბრი თუშურ ტრადიციულ თამაშობებში: ისრის სროლაში, სირბილში, ჯვალოს ტომრების ტარებაში, ბაგირის გადაძალვაში, ჯრაქვაობაში, გაგლეჯილაში და ნაბადზე ხტომაში. ხალხური რეწვის ოსტატები ვიზიტორებს აჩვენებენ და ასწავლიან ქსოვას, ჩეჩვას, ქარგვას, მატყლის დართვას, გობელინისა და თექის დამზადებას, აგრეთვე თიხის მოხატვისა და მაკრამეს კეთების პროცესს. სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში სტუმრებს ექნებათ საშუალება, ნახონ და მიიღონ მონაწილეობა თუშური გარმონისა და სიმღერის ფონზე ხინკლის მოხვევისა და თუშური ყველის ამოყვანის პროცესში, ცხვრის დაკვლასა და გატყავებაში. აქ ისინი დააგემოვნებენ თუშურ ლუდს, ხინკალს, მწვადს, გუდის ყველსა და კახურ შოთებს.

შეგახსენებთ, ფესტივალი 7 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და 8 ივლისს საღამოს დასრულდება.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები