მთავარი » ქრისტიანობა

ტურინის სუდარის ზუსტი ასლი ახალქალაქში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.10.2014 | 8,486 ნახვა

საქართველოში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის ალბათ ჯერ კიდევ უცნობია, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის – ტურინის სუდარის ზუსტი ასლი ინახება.
„მეხუთე სახარებად“ წოდებული უდიდესი ქრისტიანული რელიქვიის ასლი ახალქალაქში, საგანგებოდ აშენებულ ეკვდერშია დაბრძანებული, რომელიც დარბინიანის ქუჩის №7 – ში მდებარეობს. სიწმინდის მოლოცვა ადამიანებს სამუშაო დღეებსა და საათებში შეუძლიათ, ეკვდერში შესვლა თანხებთან დაკავშირებული არ არის. (საკონტაქტო ტელ.: 598 38 70 84).

ტურინის სუდარის ზუსტი ასლი ახალქალაქში

თუ როგორ აღმოჩნდა ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოში, “ამბიონს” ამ თემაზე ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმის დირექტორი, ნინო მურცხვალაძე ესაუბრა:

„2008 წლის ნოემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტერესი ილია II-ის იტალიაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დროს ქალაქ ტურინში სუდარა მოილოცა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). სუდარის საღვთისმეტყველო კომისიის თავმჯდომარემ, დეკანოზმა ჯუზეპე გიბერტიმ მას ეპარქიისათვის ტურინის სუდარის ზუსტი ასლის დამზადება აღუთქვა. ტურინის სუდარის ზუსტი ასლი ახალქალაქში 2009 წელს ზუსტი ასლი, რომელიც 2002 წელს გადაღებული ფოტოს მიხედვით არის დამზადებული, მეუფე ნიკოლოზმა თბილისში ჩამოაბრძანა. იმავე წელს ახალქალაქში, საზაფხულო სტუდენტური ექსპედიციის წევრების მონაწილეობით, წმინდა სუდარისათვის საგანგებო ეკვდერი აშენდა. სტუდენტები გასაოცარი ენთუზიაზმითა და გულწრფელობით აშენებდნენ იმ სავანეს, სადაც დღეს მაცხოვრის წმინდა სუდარის ზუსტი ასლია დაბრძანებული.

აღსანიშნავია, რომ ტურინის სუდარას ახლავს სპეციალური სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს მის იდენტურობას ორიგინალთან. აღსანიშნავია ასევე, რომ ასლი იმყოფებოდა უშუალო შეხებაში ორიგინალთან.

ეკვდერის გარე ფასადის ზედა ნაწილი მოხატულია, ხოლო შიდა კედლებზე ასახული სცენები დიდი ემოციით გადმოსცემენ მაცხოვრის ჯვარცმის შესახებ სახარებისეულ მონათხრობს გეთსემანიის ბაღიდან მკვდრეთით აღდგომის ჩათვლით.

ხატწერა ეკუთვნის მხატვარ დავით სულაკაურს და შესრულებულია ერთ-ერთი ყველაზე რთული და უძველესი მეთოდით, რომელიც ენკაუსტიკის სახელითაა ცნობილი. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვა enkaustike-საგან, რაც ქართულად „ამოწვას“ ნიშნავს. მხატვრობა სრულდება გამდნარ ცვილში შერეული საღებავებით. ენკაუსტიკა, როგორც ფერწერის უძველესი ტექნიკა, გამოირჩევა ფერთა განსაკუთრებული სიხასხასით, ამ ტექნოლოგიითაა შესრულებული ადრეული ქრისტიანული ხანის ზოგიერთი ხატიც.

ტურინის სუდარის ზუსტი ასლი ახალქალაქში

ენკაუსტიკური მხატვრობის ყველაზე ცნობილ ნიმუშებს წარმოადგენენ ფაიუმის პორტრეტები. ისინი აღმოჩენილია 1887 წელს რომაული ხანის ეგვიპტის სამარხებში, ფაიუმის ოაზისში, ერთ-ერთი ბრიტანული ექსპედიციის მიერ და თარიღდება ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებით. ეს სამარხები, თავის მხრივ, წარმოადგენენ ბერძნულ-რომაული გავლენით სახეშეცვლილ ეგვიპტურ სამარხებს, სადაც ტრადიციული ეგვიპტური წესით დამუშავებულ მუმიებს სახეს ნიღბის ნაცვლად ენკაუსტიკით შესრულებული პორტრეტები უფარავდათ. დღეისათვის ცნობილია ასეთი პორტრეტის დაახლოებით 900 ნიმუში, მათი უდიდესი ნაწილი სწორედ ფაიუმის ნეკროპოლშია აღმოჩენილი. ისინი ამშვენებენ თანამედროვე მსოფლიოს ისეთ მუზეუმებს, როგორიცაა ბრიტანეთის მუზეუმი, ლუვრი, მუზეუმი მეტროპოლიტენი ნიუ-იორკში, ხოლო 23 მათგანი ინახება მოსკოვის ა.ს. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ფაიუმის პორტრეტები თავად მოგვითხრობენ ენკაუსტიკის, როგორც ფერწერის ტექნიკის უპირატესობაზე, რადგან საუკუნეების მანძილზე თითქმის უცვლელად შემოინახეს პირვანდელი დიდებულება და ფერთა სიკაშკაშე.

ეკვდერი თომა მოციქულის მიერ მაცხოვრის ჭრილობების განხილვის სახელს ატარებს, რაც ასევე სიმბოლურია, რადგან თავის დროზე სწორედ თომა მოციქული იყო პირველი ადამიანი, ვინც სარწმუნოებრივი გულმოდგინებით დააკვირდა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ღია ჭრილობებს. დღეს კი, 21-ე საუკუნეში, მაცხოვრის ჯვარცმიდან 2000-ზე მეტი წლის შემდეგ, თითოეულ ჩვენგანს ეძლევა საშუალება საკუთარი თვალით იხილოს ადამიანთა ხსნისათვის განკაცებული და ჯვარცმული ღმერთის ჯერ კიდევ სისხლმდინარე ჭრილობები, ხელით შეეხოს და იწამოს ის დიდი სასწაული, რომლის უტყუარ მტკიცებულებასაც ეს წმინდა სუდარა წარმოადგენს; იწამოს, როგორც გზავნილი თავად უფლისაგან 21-ე საუკუნის ურწმუნოებით გადაღლილ ადამიანთა მიმართ, ნიშნად მიტევებისა და მარადიული სიცოცხლისა, ამინ!”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • თინათინ ცოცხალაშვილი says:

    დიდება მოწყალებასა შენსა, უფალო!

    რამდენადაც მე ვიცი ქაშვეთის საკურთხეველი მოხატულია ენკაუსტიკის მეთოდით ლადო გუდიასვილის მიერ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში

  • ხათო says:

    რა საინტერესოა!
    სიამოვნებით წავიდოდი და მოვილოცავდი ამ დიდ სიწმინდეს.
    ვინმემ ხომ არ იცით, მოლოცვითი ტური ხომ არ ეწყობა?
    თუ რაიმე იცით იქნებ დაწეროთ.
    წინასწარ გმადლობთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი