მთავარი » სხვადასხვა

ტრაპიზონის მცირე აია სოფია მეჩეთადაა გადაკეთებული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.05.2014 | 5,790 ნახვა

ქალაქ ტრაპიზონში მდებარე მე–13 საუკუნით დათარიღებული ცნობილი არქიტექტურული ძეგლი – მცირე აია სოფიას ტაძარი სტატუსს დიდი დროის განმავლობაში იცვლიდა. მე–20 საუკუნის 80–იანი წლებიდან დაწყებული 21– ე საუკუნის განმავლობაში ის მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა. თუმცა, დღეს ამ ტურისტულ ობიექტში ჩასულ ტურისტებს მუზეუმი მეჩეთად გადაკეთებული დახვდებათ.

მცირე აია სოფია

ამასთან, ოფიციალურ თურქულ თუ ინგლისურ წყაროებში ინფორმაცია განახლებული არ გახლავთ და აია სოფიას კვლავ ბერძნულ მართლამდიდებლურ ტაძარში არსებული მუზეუმის სტატუსი აქვს. გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, რომელიც ქართველ ტურისტებთან ერთად ტრაპიზონში იმყოფებოდა, ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ აუცილებელია ტურისტებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია და იცოდნენ, რომ დღეისათვის ტრაპიზონის აია სოფია მეჩეთად არის გადაკეთებული.

გიორგი დვალაშვილი (თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი): „ტრაპიზონში, აია სოფიასთან მისულ ტურისტებს წარწერები დაგხვდა და მისი, როგორც მუზეუმის მონახულების შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან მეჩეთადაა გადაკეთებული. ეს მშვენიერი ტაძარი, ამ დროსთვის, არა – მართლამდიდებელი, არამედ მუსულმანი მორწმუენეებისთვის გამზადებულ შენობას წარმოადგენს.

აია სოფიას შიდა ინტერიერის დიდი ნაწილი და ფრესკები ფარდებით და კონსტრუქციებითაა დაფარული. იატაკზე, სადაც ძალიან საინტერესო მოზაიკა იყო, რომელსაც მუზეუმად ფუნქციონირებისას განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ, ხალიჩებითააა გადაფარული. ტაძრის გარე პერიმეტრზე, სამხრეთითა და დასავლეთით მხატვრობა ჯერ კიდევ შემორჩენილია და წარწერები გვამცნობს, თუ ვინ არიან ფრესკებზე გამოსახულნი. თუმცა, როცა იგი სრულად დაიწყებს მეჩეთად მოქმედებას ალბათ ამ უნიკალურ ფრესკებსაც მოუწევს შენიღბვა და ხილული აღარ იქნება. როგორც მუშებმა და ყარაულებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ეს ტერიტორია მალე მთლიანად მეჩეთად გადაკეთდება და ექსპონატები, რაც ეზოშია, სავარაუდოდ, ტრაპიზონის ციხის ტერიტორიაზე დაიდებს ბინას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

მცირე აია სოფია

ცხადია, ეს ცვლილება თურქეთის მთავრობის ნებით განხორციელდა და არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ გავაპროტესტოთ. თუმცა, საინტერესოა, რატომ გახდა ქალაქის გარეუბანში მდებარე ტაძრის მეჩეთად გადაკეთების აუცილებლობა, როცა ის მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა?!

საყურადღებოა, რომ მცირე აია სოფიაში მრავალი ქართველი ტურისტია ნამყოფი. ჩემს იქ ერთ–ერთ სტუმრობას დაემთხვა ქართველი დამთვალიერებლების დიდი ნაკადი. მცირე აია სოფია საუბარია 2010 წელზე, როდესაც რუსეთ–საქართველოს შორის რაგბი ქალაქ ტრაპზონთან ახლოს იმართებოდა, ქართველი რაგბისტებისა და გულშემატკივრების დიდი ნაწილი ჯერ ამ ტაძარს ესტუმრა და შემდეგ გაემართნენ თამაშისკენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ აქ ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგად გახლდათ აწყობილი. ბოლო პერიოდში მუზეუმში შესვლა თითო ვიზიტორისთვის 10 ლირამდე გაიზარდა. მიმდებარე ტერიტორიაზე 5–მდე სუვენირის მაღაზია ფუქციონირებდა და ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტს წარმოადგენდა.

მცირე აია სოფიას ისტორია

მცირე აია სოფია ტრაპიზონის ცენტრიდან სამი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ეკლესია აშენდა მანუელ I-ის მეფობის დროს (1238-1263 წ.წ.), სამრეკლოს მშენებლობა დაიწყო 1426 წელს, ალექსი IV-ის მმართველობის დროს და დაასრულა მისმა მემკვიდრემ, იოანე IV-მ (1429-1459). XVI საუკუნეში ის მეჩეთად გადააკეთეს. 1880 წელს უცნობმა მართლმორწმუნე მუსლიმმა თეთრი საღებავით დაფარა ეკლესიის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც მეოცე საუკუნის შუა წლებში რესტავრაციის შედეგად აღადგინეს. ტაძრის ეზოში ასევე დგას გათხრების შედეგად აღმოჩენილი ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის რომაული ტაძრის ნაშთები.

მცირე აია სოფია

ქალაქი ტრაპიზონი, რომელიც ერთ–ერთი გამორჩეული დასახლებული პუნქტია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობით, ისტორიული წარსულით, ახლო დამოკიდებულებაშია საქართველოსთან. მანამ, სანამ ტაო–კლარჯეთი საქართველოს ტერიტორიად ითვლებოდა, ტრაპიზონი ქართველური ტომებით გახლდათ დასახლებული. იგი მრავალი ძეგლითაა ცნობილი. აქ გვხვდება სხვადასხვა ეკლესიები, ასევე, ტრაპიზონის ციხე–სიმაგრე, რომლის გალავანიც ჯერ კიდევ ჩვ.აღ–მდე იყო ცნობილი თავისი ნაგებობებით. ციხის ტერიტორიაზეა ზედა და ქვედა ციხე. ქვედა ციხეში იყო ბაზილიკური ტაძარი, რომელიც გადაკეთდა მეჩეთად – (Nakıp Camii), ამ ბაზილიკაში წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელზე მე–10 საუკუნის ტაძარი მოქმედებდა.

არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები, რომ ტრაპიზონის მცირე აია სოფიაშიც იყო სხვადასხვა მართლმადიდებლური ტაძრები. ცნობილია, როდესაც კონსტანტინოპოლის იმპერია დაეცა, ტრაპიზონი ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოექცა. ამ ხნის მანძილზე, მცირე აია სოფია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მე–16 საუკუნეში მეჩეთად გადააკეთეს, თუმცა, მცირე აია სოფია მალევე, რუსეთ–თურქეთის ომის დროს მეჩეთის ფუნქცია შეწყვიტა და იქ ძირითადად საომარი სიტუაციები განვითარდა, შემორჩენილია მე–19 საუკუნის საბრძოლო ხელსაწყო – ტყვიამფრქვევი, რომელსაც ომის დროს იყენებდნენ. ასევე, სამრეკლო, რომელიც 1426 წელსაა აგებული, რუსეთ–თურქეთის ომის დროს გადააკეთეს საბრძოლო იარაღის საწყობად.

ამდენად, მცირე აია სოფიას ტაძარი დიდი ხნის განმავლობაში იცვლიდა სტატუსს. მე–20 საუკუნის 80–იანი წლებიდან მცირე აია სოფიას ტეროტორია გამოცხადდა მუზეუმად. მე–20 საუკუნის ბოლოდან და 21–ე საუკუნის განმავლობაში იგი ყოველთვის მუზეუმის სტატუსით სარგებლობდა. დღეს კი მცირე აია სოფია კვლავ მეჩეთის სტატუსს იბრუნებს.“

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის თეა ხარშილაძეს

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი