20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობათორმეტი მოციქული

თორმეტი მოციქული

13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულს ერთად იხსენიებს.

კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრეფსითობას – ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.

12 მოციქულიმაცხოვრის თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრეა – ძმაი მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე – ძმაი მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, მათე მახარებელი, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

იესო ქრისტეს მოძღვრებას ქართველი ხალხი პირველ საუკუნეში წილისყრით ეზიარა, რასაც უნდა გაერკვია, მაცხოვრის მოწაფეებიდან ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რომელ ქვეყანაში იქადაგებდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად. სწორედ ამიტომ ითვლება ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კი – მის მფარველად. მაცხოვრის ნებით, ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი გამოემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც წმიდა ქალწულმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, სადაც ინახებოდა ძველი აღთქმის დიდი საუნჯე – წინასწარმეტყველი ელიას ხალენი, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს და ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე – უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავი კვართი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.

მოციქულთა დროს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ქართული სახელმწიფო არსებობდა: აღმოსავლურ-ქართული – ქართლის სამეფო (ბერძნ. იბერია) და დასავლურ-ქართული – ეგრისის სამეფო (ბერძ. კოლხიდა). მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ, დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში.

დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც აქვე სოფ. კომანშია დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული – წმ. მატათა; იგი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა. დაკრძალულია გონიოში, დღევანდელი ბათუმის ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე მოციქულების – ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში.

წმ. მოციქულების მიმოსვლასა და მათ ქადაგებას საქართველოში ადასტურებენ როგორც ადგილობრივი ქართული ქრონიკები, ასევე ბერძენი და ლათინი საეკლესიო ავტორები: ორიგენე (II – III ს.ს.), დოროთე ტირელი ეპისკოპოსი (IV ს.), ეპიფანე კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.), ნიკიტა პაფლაგონელი (IX ს.), ეკუმენი (X ს.) და სხვ.

რასაკვირველია, წმიდა მოციქულთა ქადაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოში I – III ს.ს.-ში ქრისტიანული თემებისა და ეკლესიის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. II საუკუნეში მოღვაწე წმიდანის – ირინეოს ლიონელის ნაწერებშიც ქრისტიან ხალხებს შორის მოიხსენიებიან იბერიელებიც, ე. ი. ქართველები.

თეა სულაბერიძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები