19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისაეკლესიო ხელოვნება"თითოეულ მძივში იესოს ლოცვა დევს"

“თითოეულ მძივში იესოს ლოცვა დევს”

nino18 წლის ნინო მარკოზაშვილმა ხატების შემკობა 12 წლის ასაკში დედისგან ისწავლა. ამ დროის მანძილზე მას დაახლოებით 200, ან ცოტა მეტი ხატი ექნება შემკული. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დედა-შვილის მიერ შექმნილი ნამუშევრები მრავალ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტერს ამშვენებს. მათი ხატები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვისაც დიდი ნუგეშია. ნინო სასულიერო სემინარიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი პატრიარქის კურთხევით გახდა და ხატწერის სპეციალობას ეუფლება. ის უწმიდესის კურთხევას, განაგრძოს ეს საქმე, ღვთის წყალობით ასრულებს. თუ როგორ შეისწავლა დედა-შვილმა ხატების შემკობა, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე “ამბიონს” თავად გაესაუბრნენ.

თამარ ხიზანიშვილი (ნინოს დედა): “ოჯახს ტრადიცია გვაქვს – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის რომელიმე ტაძრისთვის შესაწირს ვაკეთებთ. შინდისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საქორწინო გვირგვინები არ ჰქონდათ, ამიტომ მათი დამზადება და შეწირვა გადავწყვიტე. სხვადასხვა ზომის თეთრი მარგალიტის მძივები შევიძინე, ძალიან ბევრი ვიშრომე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, რისთვისაც უფალს პატიებას და გონების განათებას ვთხოვდი. სიზმრად წმიდა გიორგი გამომეცხადა. ლამაზი სამოსი ეცვა, ცხენიდან ხატი გადმომაწოდა და გამოვართვი. ისე ბრწყინავდა, ვერც ვიცანი. ვთქვი, რომ ხატი უნდა შემემკო და მასალის ყიდვა გადავწყვიტე. მაშინ წმიდა ნინოს სკოლის დირექტორი ვიყავი. მარჯანიშვილზე, “ალილოს” მაღაზიაში, ერთი გოგონა – ნინო მუშაობს. ავადმყოფობისას ნინოს ხატის შეწირვაზე აღთქმა დაუდია და გადაწყვიტა ჩვენი სკოლისთვის წმიდა ნინოს ხატი ებოძებინა. მაშინ ვიფიქრე, ეს ხატი პირველი იქნებოდა, რომელსაც შევამკობდი და სხვა აღარ შემიძენია. ამ დროს არც ვიცოდი, თუ როგორ ხდებოდა ხატის შემკობა. კოლმეურნეობის მოედანზე, მძივების მაღაზიაში ახლობელმა იქ მომუშავე დაცვის თანამშრომელი გამაცნო, რომელიც ხატებს მძივებით ამკობდა. აღმოჩნდა, მას ხატი თან ჰქონდა. შემოიტანა უზარმაზარ დიდ ტილოზე გადაჭიმული წმიდა გიორგი იმავე სამოსით შემოსილი, როგორითაც სიზმრად ვნახე. სწორედ ამ ადამიანმა მასწავლა ხატების შემკობის ტექნიკა და წმიდა ნინოს ხატზე მუშაობასაც შევუდექი.”

gvtismshobeliნინო მარკოზაშვილი: “ხატების შემკობის სურვილი დედის შემყურეს გამიჩნდა. 12 წლის ასაკიდან მოყოლებული თითქმის ყოველ დღე დროის გარკვეულ ნაწილს ამ დიდ საქმეს ვუთმობ. წმ. ნინოს ხატის შემკობაში მეც მივიღე მონაწილეობა. ეს ხატი პირველი გახლდათ და ძალიან წვრილი მძივებით ვმუშაობდით, დაახლოებით 6 თვე დაგვჭირდა დასასრულებლად. წავკისში, წმ. ნინოს ტაძარი იხსნებოდა, სადაც უწმიდესიც იყო მობრძანებული. წმ. ნინოს შემკული ხატი პატრიარქს მივართვით. მან დაგვლოცა, ნამუშევარი მოგვიწონა და ამ საქმისთვის გვაკურთხა.”

როგორია შემოქმედების პროცესი?

თამარი: “ტილოს სანამ გადაჭიმავ, იმ წმიდანის დაუჯდომელს კითხულობ, რომლის ხატიც უნდა შეამკო. ღვთის წყალობით, წმიდანთა ცხოვრებას კარგად ვიცნობთ. ყველაზე დიდი ძალა კი იმაშია, რომ კურთხევით ვმუშაობთ. მძივს რომ აიღებ, სანამ დადებ, იესოს ლოცვა უნდა თქვა, რადგან ხატი ლოცვით უნდა შეიქმნას. როცა არც განწყობა და არც ლოცვის თავი გაქვს, უნდა შეჩერდე. ხატის შეკვეთისას ხშირად უკითხავთ, რამდენ დღეში დაასრულებთო. მკერავი ხომ არ ვარ, კაბას ვკერავდე და ვიცოდე, როდის დავასრულებ ხატის შემკობას. ნინოს გაცილებით სწრაფი და კარგი ხელი აქვს, ვიდრე მე. ხატის ზუსტად თავისივე ფერებში გადმოტანა შეუძლებელია, რადგან ასეთი ფერის მძივი შეიძლება არც არსებობდეს. ფანტაზიაც საჭიროა და არც კანონიკა უნდა დაარღვიო. ნინო კი ძალიან კარგ ფერებს სვამს. ხატის შემკობისას, ცხადია, განსაცდელიც ბევრია, მაგრამ უფლის ლოცვით ვერაფერი მოგერევა.”

ნინო: “ფიქრით ზოგჯერ სხვაგან წავსულვარ და ხატის შემკობაც შემიწყვეტავს. თუ ხატს ამკობ, მასზე უნდა იფიქრო. დიდი პასუხისმგებლობაა, რომ შენ მიერ გაკეთებული ხატის წინაშე ადამიანებმა უნდა ილოცონ და შეიძლება ხატი საკურთხეველშიც მოხვდეს.

მძივების შეძენის პრობლემა საქართველოში არ არის. ხშირად ახლობლებიც გვიგზავნიან, ეს მათთვისაც მადლია. ზოგჯერ ხატში ძვირფასი ქვები და სიწმიდეებიც გვაქვს ხოლმე ჩალაგებული. ხატზე ქართული ფერები: მეწამული შინდისფერი, მუქი ლურჯი… მიყვარს. ხატს ნახატისა და თოჯინის სახე არ უნდა ჰქონდეს და არც ძალიან უნდა ყვიროდეს. ხატს რომ ვხედავ, უკვე წარმოვიდგენ, მძივებით შემკული როგორი იქნება.”

ნინო, შარშან შენი გამოფენა მოეწყო და უწმიდესს ხატიც აჩუქე. როგორ შექმენი და რა მნიშვნელობის იყო ამ ხატზე მუშაობა?

პატრიარქის დაბადების დღემდე ორი თვე იყო დარჩენილი. სამების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა და დამფუძნებელმა, მეუფე სტეფანემ მაკურთხა, ცენტრის სახელით უწმიდესისთვის ხატი მეჩუქებინა. დიდხანს ვფიქრობდი და ვარჩევდი, რომელი ხატი შემემკო, ხარისხითაც კარგი მინდოდა ყოფილიყო. ლესელიძეზე, “ალილოს” მაღაზიაში იერუსალიმის ღვთისმშობლის თეთრი ხატი მომეწონა. ყველა ხატზე პასუხისმგებლობით ვმუშაობ, მაგრამ მინდოდა, ეს ხატი ყველაზე ლამაზი გამოსულიყო. მეუფემ არც იცოდა, რომელ ხატზე ვმუშაობდი. მას ოქროსფერ ჩარჩოში შემკული ხატი მივუბრძანე და ძალიან მომიწონა. 4 იანვარს, საპატრიარქოში მეუფე სტეფანემ ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან – დავით მჟავანაძესთან და თორნიკე კვინიკაძესთან ერთად მიმიყვანა. ბევრი ხალხი იყო და უკან დავდექი. უწმინდესთან საჩუქრად ქოთნის ყვავილები ჰქონდათ მოტანილი. დაცვამ ხატით ხელში უკან მდგომი რომ დამინახა, წინ გადმომიყვანა, სადაც პატრიარქს უნდა გამოევლო. მალე უწმიდესმა დაცვის თანხლებით გამოიარა, ჩემი ხატი რომ დაინახა, დაცვა გვერდზე გაწია და თქვა: ეს რამხელა ნამუშევარიაო. ხმა ვეღარ ამოვიღე. ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართნია. პატრიარქმა ხატის სამთხვევად დაიხარა, მე კი მისი ზემოთ აწევაც ვერ მოვიფიქრე, სულ ვკანკალებდი. ხატი საპატრიარქოში დააბრძანეს.

გამოფენა სამების ახალგაზრდული ცენტრისა და უშუალოდ დავით მჟავანაძის ხელმძღვანელობით 3 დღეში, 7 იანვარს გაიხსნა და ნათლისღებამდე გაგრძელდა. წარმოდგენილი იქნა 70-მდე ნამუშევარი. ჩვენ მიერ შეწირული ხატები მონასტრებმაც გვათხოვეს. პატრიარქი გამოფენაზეც გვესტუმრა. ეს იყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. უწმიდესმა ხატებიც მომიწონა და ჩვენმა ნაცნობებმაც შეიტყვეს ჩვენი საქმიანობის შესახებ. სწორედ მაშინ მაკურთხა უწმინდესმა, სწავლა ხელოვნებათმცოდნეობის განხრით განმეგრძო და მისაღებ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მივიღე.

ქალბატონო თამარ, შინდისის ღვთისმშობლის ტაძარს თქვენ მიერ გაკეთებული ჭაღები ამშვენებს… საერთოდ, როგორ ხდება შეწირვა?

ორი 6 სანთლიანი ჩეხური ჭაღი გვქონდა. შინდისი ჩემი დედულეთია. გადავწყვიტე, სააღდგომოდ ჭაღები ოჯახის სახელზე შეგვეწირა. თითოეული ჭაღი 7 ჯვრით და 9 სხვადასხვა ღვთისმშობლის ხატით შევამკეთ. მასზე ნინომაც დიდი შრომა გასწია. ეს მისი გამოცდა იყო. ასეთ პასუხისმგებლობას ალბათ ვეღარ ავიღებ.

ზაფხულში სარფში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძარში მამა ანდრიას მიერ ჩატარებულ პარაკლისებს ვესწრებოდით. მაშინ ჩავუთქვი, რომ ანდრიაობას ხატს შევწირავდი. ამ ხატზე დღესაც ვმუშაობ. შარავანდედის მძივებს ვერ ვშოულობ. წელს ტაძრის გახსნა ვერ მოხერხდა, იმედი მაქვს, მაღაზიაში საჭირო მძივებს შემოიტანენ და 12 მაისისთვის ხატს ტაძარს შევწირავ. საერთოდ, მეც და ნინოც ხატს ჩვენი სურვილით იმ ტაძარს ვწირავთ, ვისი სახელობისაც არის ის.

მრავალშვილიანი დედა როგორ ასწრებთ ხატების შემკობაზე მუშაობას და სხვა შვილები თუ ცდილობენ ამ ხელსაქმის შესწავლას?

შემკული ხატიბავშვებს სურვილი აქვთ, მაგრამ ნინოსნაირად არც ერთს გამოსდის. ნინო ბავშვობიდანვე მიჩვეული იყო ხელსაქმეს და ბევრს არც გაკვირვებია, როცა ხატების შემკობა დაიწყო.

ოთხი შვილი მყავს, ყველაზე პატარა 5 წლისაა. ჩვენთან ყოველი დილა ლოცვით და სეფისკვერის მიღებით იწყება. საღამოობით რელიგიური თემების შესახებ ვსაუბრობთ. ბავშვები ისე არ დაიძინებენ, სახარება რომ არ წავაკითხო. 18-19 წლის ასაკიდან ეკლესიურად ვცხოვრობ. ბავშვები კი დაბადებიდანვე მაზიარებლები არიან. უფლის კმაყოფილები ვართ. ის არასდროს არ გვტოვებს. შვილების სახელზე ოჯახის მფარველი ხატიც გვაქვს შემკული. ხატებზე ძირითადად ღამით ვმუშაობ. უფალს ვთხოვ, მშვიდი ძილი ჰქონდეთ ჩემი ოჯახის წევრებს. ვფიქრობ, ლოცვით მათ ვეწევი და ვმფარველობ. ღმერთს ვთხოვ დალოცოს ჩვენი ოჯახი და სრულიად საქართველო.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

25 COMMENTS

  1. ძალიან გთხოვთ ამ არაჩვეულებრივი დედა–შვილის ტელეფონის ნომერი მომაწოდეთ ან რამე საკონტაქტო ინფორმაცია.მადლობთ წინასწარ.

  2. გვანცა, მინდა გითხრა რომ მართლა მაგარი ოჯახია. ბმულების კოპირებას ვაპირებდი და არაფრით არ გაიხსნა. ,,მაი ვიდეო გე”-ზე აკრიფე გვარიშვილობა (მე-3ნაწილი) და ამ ოჯახს იქ გაიცნობ. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ოჯახები, ამინ….

  3. მადლობა თეონას რომ კარგი სტატია მოგვიმზადა. მაგრად მომეწონა. გვარიშვილობის მე-3 ნაწილიც ვნახე და რაოდენ სასიხარულოა რომ ასეთი ოჯახები არსებობენ.ნეტავ, შეკვეთა რომ მივცე, ძალიან ძვირი ჯდება? იქნებ შენ იცოდე თეონა?

  4. ნათია, გმადლობ. ფასი ინდივიდუალური, მაგრამ ხელმისაწვდომია. თავად დაუკავშირდით ქალბატონ თამარს (893901480).

  5. მაგარია. გვარიშვილობაც ვნახეთ. ყოჩაღ თეონა! სად პოულობ ასეთ საინტერესო ხალხს და ასეთ მაგარ თემებს? შენი სხვა წერილებიც ვნახე და ყველა ძალიან მომეწონა….

  6. ეს გოგო გამაცანით რაააააააააა ვაიმე დედა, გული გამისკდება და ეს გოგო მგონი მართლა შემიყვარდება….:D ხუმრობა იქით იყოს და მართლა დავინტერესდი ამ კარგი ნინიკოთი. ტელეფონს ან სკაიპის იდ-ს ხომ ვერ მოგვაწვდიდით? წინასწარ დიდი მადლობა

  7. დიდი მადლობა ამ ინტერნეტ-ჟურნალის დამფუძნელებსა და მთელ რედ.კოლეგიას. დიდი მადლობა ყველას, კომენტარებისთვის, თუმცა დავძენ რომ ამდენ ქება-დიდებას ნამდვილად არ ვიმსახურებთ. უბრალოდ, მჯერავს, რომ ყოველი ადამიანი უფალს უნდა ემსახურებოდეს და სწორედ ასე ცხოვრობს ჩემი ოჯახი. მალე მოეწყობა ჩვენი ოჯახური გამოფენა და ამ საიტის საშუალებით აუცილებლად გაცნობებთ. კიდევ დიდი მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

  8. დძაან მაგარია ღმერთმა გაგაძლიოროთ და საქართველოს უმრავლოს თქვენისთანა ხალხი

  9. მოგესალმებით ჩემო საყვარელო ხალხო. სამწუხაროდ მე არ ვარ საქართველოში და ძალიან გთხოვთ რომ როგორმე გვაჩვენოთ ფოტოები ზემოთ ხსენებული შინდისის ჭაღებისა. აღფრთოვანებული ვარ და საქართველოში რომ ჩამოვალ, აუცილებლად გავიცნობ ქალბატონ თამარს. გკოცნით ყველას ჩემო ტკბილო ქართველებო!

  10. უფალმა გაგაძლიეროთ,ამრავლოს ღმერთმა ღვთისმოყვარე ქართველები!

  11. მე ვიცნოობ ამ ადამიანებს და მართლააც უსაყვარლესი ოჯახიაააა….. გფარავდეთ ყველას უფალი…

  12. მეც მაქვს ბედნიერება ვიცნობდე ამ ლამაზ ოჯახს. უფლის ცყალობა არ მოგგკლებოდეთ. ღმერთმა ამრავლოს ასეთი ტრადიციის მიმდევარი და უფლის მოყვარული ადამიანები.

  13. ვისაც გსურთ, რომ ახლოდან ნახოთ ნინო მარკოზაშვილის ნამუშევრები, მიბრძანდით მის გამოფენაზე : ქარვასლაში, შარდენის ქუჩაზე. გამოფენა გაგრძელდება 17 აპრილამდე. მადლობა ყველას!

  14. magari namushevrebia da saerTod es gogoc ra dzalian magaria! titqos angelozis tvalebi aqvs, ara, bichebo??????????????????????????????????

  15. ნინო გისურვებ წინსვლას ცხოვრებაში.სად შეიძლება ამ ხატების შეძენა?

  16. უფალმა დაგლოცოთ,გაგაძლიეროთ,გვიმრავლოს საქართველოს თქვენნაირი დედა-შვილები…

  17. ვერ ვნახე გვარიშვილობა მაი.ვიდეო.გე ზე(((

  18. gamardjobat,dzalian mindoda menaxa may videoze am arachveulebrivi odjaxis video.dzalian gtxovt rogorme ikneb momwerot zustad rogor gnaxot.dzalian minda tkventan dakavshireba.icit mec vamkob xatebs magram cota gansxvavebuli variantit.amjamad 22 wlis var ukve ori shvilis deda magram xatebs 15 wlidan vamkob.tavidan dzalian gamichirda radgan saertod veravin mexmareboda rom eswavlebinat.bolos dzalian movindome da damoukideblad shevdzeli xatis shemkoba .tkveni azri chem shemkobil xatebze dzalian mnishvnelovania.samwuxarod chems garshemo aravinaa isti vinc raime rchevas momcems da shesworebas sheitans.me tvitnaswavli var. tkven shemkul xatebs rom vukureb vfikrob mec momcemt rchevebs dzalian gtxovt ikneb rogorme shemexmianot
    da mipasuxot am komentarze es chemtvis dzalian didi sixaruli ikneba.dzalian mixaria rom tkvennairi adamianebi arseboben.gmerti ikos tkveni lamazi odjaxis mparveli.

    • მოგესალმებით სოფიკო. მე ნინოს დედა ვარ და ეხლა წავიკითხე შენი კომენტარი. დიდება უფალს! ჩვენთვისაც არავის უსწავლებია. ბევრი მუშაობითა და თავდადებით იხვეწება ხელი. მთავარი ისაა, რომ თუ გინდა რომ კარგი გამოვიდეს, კურთხევა უნდა გქონდეს და ლოცვით უნდა ქმნიდე. მთავარი კიდევ ისაა, რომ მხოლოდ სამოსი უნდა შეამკო და არა გაქვს უფლება, რომ წმინდანების სახესა და ხელებს შეეხო.ის აუცილებლად უნდა იყოს დაწერილი. სიამოვნებით გნახავდი და აგიხსნიდი, მაგრამ ქალაქში არა ვარ. გამომიგზავნე ფოტოები სკაიპის საშუალებით. ჩემი id-ია: ta-tamari. რაც შეეხება ფილმს, არ ვიცი რატომ აღარ დევს, ეტყობა თვითონ რეჟისორმა მოხსანა. ალბათ ექნება ,,ერთსულოვნების” ტელევიზიას, რადგან ბევრჯერ იყო ეთერში. ფილმს ჰქვია ,,გვარიშვილობა” და გელა ბორაშვილის გადაღებულია. აბა, დაგლოცოს უფალმა და გაგაძლიეროს, ამინ!

  19. წარმატებები და გვთის წყალობა ნუ მოგაკლოს მეც ვარმკობ ხანდახან ჩემთვისhttp://www.facebook.com/media/set/?set=a.201756559861109.41449.100000802980431&type=3

  20. ვერ ვნახე მაივიდეოზე და იქნებ ლინკი დადოთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები